მთავარი სხვა_ზამთრის სახეობები რუსეთი და კანადა ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდნენ

რუსეთი და კანადა ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

სლოვაკეთში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი 1/2 ფინალისტი გამოვლინდა.

ჩემპიონობის მოპოვებისთვის ბრძოლას რუსეთისა და კანადის ნაკრებები აგრძელებენ.

რუსეთის ეროვნულმა გუნდმა 1/4 ფინალში პრინციპული მეტოქე ამერიკის ნაკრები 4-3 დაამარცხა.

პირველი პერიოდი სლავებმა დამაჯერებლად 2-0 მოიგეს.  შეხვედრაში ანგარიში ,,ვეგას გოლდენ ნაითსის” ფორვარდმა ნიკიტა გუსევმა გახსნა.  მეორე შაიბა ამერიკელთა კარში მიხეილ სერგაჩიოვმა შეაგდო.

მეორე პერიოდში აშშ-ს ნაკრებმა სხვაობა მინიმუმადე შეამცირა.  რუსების კარი ბრედ სკჯეიმ დალაშქრა 2-1.

დასკვნით ტაიმში გუნდებმა 2-2 შაიბა გაცვალეს.   რუსმა კირილ კაპრიზოვმა ორშაიბიანი სტატუსკვო აღადგინა და ანგარიში 3-1 გახადა.

ამერიკელებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს.  ნოა ჰანიფინის გოლის შემდეგ კი თამაშის გადარჩენის იმედიც მიეცათ.  თუმცა რუსეთის ნაკრების ფორვარდმა მიხაილ გრიგორენკომ იანკთა ოცნებას ცივი შხაპი გადაასხა.

მატჩში ბოლო შაიბა ამერიკის ნაკრების 21 წლის ჰოკეისტმა ალექს დებრინკატმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

რუსეთის ნაკრებმა 4-3 მოიგო და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.

გაცილებით რთულად გააღწია 1/2 ფინალში კანადის ნაკრებმა.  მათ შვეიცარიის წინააღმდეგობა დამატებით ოვერტაიმში დასძლიეს.

ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენლებმა სტივ ანდრიგეტოს შაიბით პირველი პერიოდი 1-0 მოიგეს.  მეორე ტაიმში კი კანადელმა მარკ სტოუნმა ანგარიში გაათანაბრა.   მეორე პერიოდის მიწურულს შვეიცარიის ნაკრები ნიკო ჰისჩიემ წინ გაიყვანა.

მესამე პერიოდის დასრულებამდე 1 წამით ადრე “ნიუ ჯერსის” კანადელმა ჰოკეისტმა დეიმონ სევერსონმა ევროპელების კარში შაიბა შეაგდო და  მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.

ოვერტაიმში ერთადერთი შაიბა კანადის ნაკრების ფორვარდმა მარკ სტოუნმა გაიტანა. მან დუბლი შეასრულა და ნაკადელები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2 ფინალში გაიყვანა.

დღეს, კიდევ ორი 1/4 ფინალური დაპირისპირება შედგება.  სკანდინავიურ დერბიში ერთმანეთს შვედეთი და ფინეთი შეერკინებიან.  გერმანიის ნაკრები კი ურთიერთობას ჩეხეთთან გაარკვევს.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი