მთავარი მსოფლიოევროლიგა ბაქოში ლონდონური კლუბები “ჩელსი” და “არსენალი” ევროპა ლიგის ფინალისთვის დაირაზმნენ

ბაქოში ლონდონური კლუბები “ჩელსი” და “არსენალი” ევროპა ლიგის ფინალისთვის დაირაზმნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

დღეს, ფეხბურთის გულშემატკივართა ინტერესი  აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოსკენ იქნება მიმართული.   ამ ქალაქში “ოლიმპიურ სტადიონზე” ევროპა ლიგის ფინალური ორთაბრძოლა შედგება.

ევროპის რანგით მე-2 ტურნირის ჩემპიონობისთვის ლონდონური გუნდები “ჩელსი” და “არსენალი”  იბრძოლებენ.

ცხადია, ორი ინგლისური კლუბი ერთმანეთს კარგად იცნობს. მათი ურთიერთშეხვედრების ისტორია სათავეს შორეულ 1907 წლიდან იღებს.

ეს ორი ლონდონური კლუბი ჯამში 197-ჯერ არიან შეხვედრილები. უპირატესობა კი “ჩელსის” მხარესაა. “არისტოკრატებმა” თანაქალაქელები 77-ჯერ დაამარცხეს. 63 მატჩში “მეთოფეებმა” გაიმარჯვეს. 57 ორთაბრძოლა კი ფრედ დასრულდა.

“არსენალი” და “ჩელსი” პრემიერლიგის ბოლო სეზონში ერთმანეთს 2-ჯერ დაუპირისპირდნენ. 2018 წლის 18 აგვისტოს “არისტოკრატებმა” 3:2 მოიგეს.
2019 წლის 19 იანვარს კი “მეთოფეებმა” პრინციპულ მოწინააღმდეგეს რევანში აუღეს.

ფინალურ ბრძოლას ორივე გუნდი პრობლემებით ხვდება.

“ჩელსის” ტრავმის გამო ჰოლანდიელი მარკო ვან გინკელი, ინგლისელები რუბენ ლოფტუს-ჩიკი და  კალუმ ჰუდსონ-ოდოი, ასევე გერმანელი  ანტონიო რუდიგერი დააკლდება.
მუხლის პრობლემის გამო საეჭვოა ფრანგი ნ’გოლო კანტეს თამაშიც.

“არსენალის” ლაზარეთში ესპანელი ფეხბურთელები ჰექტორ ბელერინი და დენის სუარესი, ასევე ბერძენი კონსტანტინოს მავროპანოსი,  სომეხი ჰენრიკ მხითარიანი,  უელსელი აარონ რემზი და ინგლისელი რობ ჰოლდინგი იმყოფებიან.

კოჭის ტრავმა აწუხებს დენი უელბეკს და მისი ფინალში თამაში სათუოა.

ფინალურ დაპირისპირებას ინტრიგას ის გარემოემაც სძენს, რომ პრემერლიგაში “არსენალმა” ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.  “მეთოფეები”  მომავალ სეზონში ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებენ, თუ ევროპა ლიგის თასს აღმართავენ.

ევროპა ლიგის იგივე უეფას თასის ფინალში ორივე გუნდი მეორედ ითამაშებს.   “ჩელსიმ” ეს ტურნირი 2012–13 წლების სეზონში მოიგო. “არისტოკრატებმა” ფინალში ლისაბონის “ბენფიკა” 2:1 დაამარცხეს.

“არსენალმა” კი 1999-2000 წლების მაშინდელ უეფას თასის ფინალში სტამბულის “გალათასარაისთან”  პენატების სერიაში წააგო.

ევროპა ლიგის ფინალში გუნდები ერთმანეთს სავარაუდოდ ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირდებიან:

ევროპა ლიგის ფინალი

ბაქო, “ოლიმპიური სტადიონი”

ჩელსი” (ინგლისი)  : “არსენალი” (ინგლისი)

ჩელსი”: არისაბალაგა,  აპლიკუეტა,  კრისტენსენი, დავიდ ლუისი, ალონსო, კოვაჩიჩი, ჯორჯინიო,  ბარკლი, პედრო, ჟირუ, აზარი
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო სარი

“არსენალი”: ჩეხი, კოლასინაჩი,  კოშიელნი,  პაპასტატოპულოსი,  მუსტაფი, მაიტლანდ-ნილსი, ჯაკა, ტორეირა, იოზილი, ობამეიანგი, ლაკაზეტი
მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი

ევროპა ლიგის ფინალური მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი