მთავარი ინტერვიუ ლაშა ტალახაძე: ,,ჩემგან გულშემატკივარი მარტო გამარჯვებას აღარ ელოდება, მათ სურთ თითოეული შეჯიბრება რეკორდებითაც გავალამაზო”

ლაშა ტალახაძე: ,,ჩემგან გულშემატკივარი მარტო გამარჯვებას აღარ ელოდება, მათ სურთ თითოეული შეჯიბრება რეკორდებითაც გავალამაზო”

ავტორი კახა მიხანაშვილი
84 ნახვა

,,კონკურენტთან ბრძოლაზე უფრო რთული საკუთარი რეკორდების გაუმჯობესებაა. ყოველი დამთავრებული შეჯიბრის შემდეგ  ძალიან დიდი შრომა მიწევს. ჩვენი გულშემატკივარი მარტო გამარჯვებას აღარ ელოდება. ელოდებიან, რომ რეკორდებითაც გავალამაზო თითოეული შეჯიბრება. ეს მეც ძალიან მომწონს, რადგან გულშემატკივრები მოდუნების საშუალებას არ მაძლევენ.” – აცხადებს ოლიმპიური, მსოფლიოს 3-გზისა და ევროპის 4-გზის ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე  საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხის”  ელექტრონულ ჟურნალში ჟურნალისტ ია ანთაძესთან მიცემულ  ინტერვიუში.

ლაშა ტალახაძე ინტერვიუში ბევრს საინტერესო საკითხზე საუბრობს.  მათ შორის მის განვლილ კარიერაზე, მწვრთნელებზე, დოპინგზე, პირად ხასიათზე და სხვა.

გთავაზობს ია ანთაძის ინტერვიუს სრულ ვესრიას.

–    ლაშა, ძალოსანი ხართ და, ფაქტობრივად, კონკურენტი არ გყავთ, ვერავინ გეწევათ და თქვენს საკუთარ რეკორდებს ამარცხებთ. როგორ უმკლავდებით საკუთარი თავით კმაყოფილების განცდას?
–    პირველ რიგში, ვიტყვი, რომ კონკურენტთან ბრძოლაზე უფრო რთულია საკუთარი რეკორდების გაუმჯობესება. ყოველი დამთავრებული შეჯიბრის შემდეგ  ძალიან დიდი შრომა მიწევს. დასვენების პერიოდი, მაქსიმუმ, ერთი კვირაა. ვიცით, რომ ჩვენი გულშემატკივარი მარტო გამარჯვებას აღარ ელოდება. ელოდებიან, რომ რეკორდებითაც გავალამაზო თითოეული შეჯიბრება. ეს მეც ძალიან მომწონს, რადგან გულშემატკივრები მოდუნების საშუალებას არ მაძლევენ. ვთვლი, რომ, ასაკიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია. ოდესმე მეც მომიწევს სპორტული კარიერის დასრულება და მინდა, ისე მივიდე ბოლომდე, რომ არცერთ შეჯიბრზე დამარცხებულმა არ დავტოვო ფიცარნაგი.
–    უნიკალურ მდგომარეობაში ხართ და თუ გიხდებათ თქვენი თავისთვის თქმა, რომ „აი, ახლა თავში არ ამივარდეს!“. 
–    არ მიყვარს ჩემს თავთან საუბარი, მაგრამ ჯერ თავში არაფერი ამვარდნია. ისეთ გარემოცვაში მიწევს თუგინდ ვარჯიში და თუგინდ ცხოვრება, თან ისეთი სამეგობრო წრე მყავს, რომ ნამდვილად არ მაქვს უფლება, თავში რამე ამივარდეს. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრების აზრს, თითოეული ქართველის აზრს ჩემთან დაკავშირებით. კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, მაგრამ ძალიან განვიცდი ხოლმე, ვფიქრობ, რატომ გავაკეთე ის, რის გამოც გამაკრიტიკეს. ვცდილობ, საზოგადოებასთანაც კარგად ვიყო და დარბაზშიც ჩემი საქმე ვაკეთო. რა თქმა უნდა, ადამიანს მტერი არ გამოელევა, მაგრამ ვცდილობ, რომ მტერსაც კი ვუყვარდე.
–    ორჯერ ხართ აღიარებული პლანეტის ყველაზე ძლიერ მამაკაცად. მაგრამ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი, მწერალი ბესიკ ხარანაული ამბობს, რომ არცერთ საქმეს იმდენი ძალა არ სჭირდება, რამდენიც გაბედვასო. გქონიათ შემთხვევა, როცა ძალა არ გეყოთ გაბედვისთვის?
–    არ ვიცი, ცოტა რთული კითხვაა. ზოგადად, თუ რამე მინდა, იმას აუცილებლად ვაკეთებ. ზოგჯერ ხდება,  რაღაცის გაკეთებას ვფიქრობ, მაგრამ შინაგან ბიძგს ვერ ვგრძნობ.  თუმცა, ეს მომენტი არ მქონია ცხოვრებაში, რომ რამე ვერ გამებედოს.
–    თქვენ ერთხელ თქვით: „სპორტულ კარიერაში ჩავარდნის პერიოდი მქონდა, რამაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა: ადამიანებთან ურთიერთობა – ვის უნდა ენდო, ვის არ უნდა ენდო.“ შეგიძლიათ, ჩვენც გაგვიზიაროთ თქვენი გაკვეთილი?

–    ზუსტად არ მახსოვს, ეგ როდის ვთქვი. ალბათ, დოპინგის თემას შეეხებოდა. დოპინგის გამო ორი წლით მქონდა აკრძალული ტურნირებში მონაწილეობა.

–    რატომ გაგიჩნდათ კითხვა – ვის ენდოთ და ვის არ ენდოთ. ნდობას უკავშირდებოდა დოპინგის ამბავი? 

–    ჩემს გარემოცვაზე არ ვსაუბრობ. ღმერთმა დამიფაროს, რომ მათში ეჭვი შემეპაროს. ისეთი წრე მყავს, თითოეულ მათგანს საკუთარ თავზე მეტად ვენდობი. მაგრამ როცა უცხოეთში ვართ, სულ ვფრთხილობთ, რომ ვინმემ რამე ისეთი არ გაგვიკეთოს, რაც ჩვენს სპორტულ კარიერას დაასრულებს.

–    რას გულისხმობთ?

–    დოპინგკონტროლზე ვლაპარაკობ. მძიმე წონა ყველაზე პრესტიჟულია და თითოეულ ქვეყანას უნდა, რომ ამ წონაში ჰყავდეს ლიდერი. უკვე წლებია, ლიდერობას ვინარჩუნებ და ჩვენები სულ იმას მაფრთხილებენ, რომ არავის მოწოდებული არ დავლიო, ან არ შევჭამო. როდესაც შეჯიბრზე მივდივართ, იქ ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობს და სათითაოდ საკვებს ვერავის გაუკეთებენ. იქ არის მთლიანი ულუფა, საიდანაც თითოეული სპორტსმენი ვიკვებებით. მწვრთნელები მაქსიმალურად მაქცევენ ყურადღებას, რომ მეთვალყურეობის გარეშე არ დავტოვო თეფში, სადაც ჩემი საკვებია. ძალიან ვფრთხილობთ, როდესაც საერთაშორისო შეჯიბრებაზე ვართ. ასევე, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წვრთნები ყოველთვის საქართველოში გავიაროთ.

–    არაერთხელ გითქვამთ, რომ წარმოდგენა არ გაქვთ, რატომ ვერ გაიარეთ დოპინგკონტროლი 2013 წელს. ალბათ, იმ ორ წელში, როცა დისკვალიფიცირებული იყავით, ბევრჯერ გიფიქრიათ, რა მოხდა მაშინ. შეგიძლიათ, ჩვენც გაგვიმხილოთ თქვენი ვარაუდები? 
–    სიმართლე გითხრათ, როდესაც დოპინგის კონტროლი ვერ გავიარე, სამი თვე სტრესი მქონდა. ჩემს თავთან მართალი ვიყავი, მაგრამ მიჭირდა, რომ ეს სხვებისთვის დამემტკიცებინა. რაღაც მოსაზრებები მესმოდა, მერე გაიჟღერა ფრაზამ: „სპორტის ლაქები“. ამან ფსიქოლოგიურად მძიმედ იმოქმედა ჩემზე. ვინმეზე ეჭვი როგორ უნდა მივიტანო, მართლა არ ვიცი. მაგრამ შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ამერიკიდან იყო გამოწერილი ვიტამინი, რომლის გამომშვები ფირმა დაიხურა და ფირმის  ხელმძღვანელი დაიჭირეს. ეს ამბავი  წლების შემდეგ გავიგე. ვინც სპორტით არის დაინტერესებული, იცის, რომ მაშინ ძალიან ბევრი სპორტსმენი „ჩავარდა“. ერთგვარი წმენდა ჩაატარეს და ამ წმენდაში მეც მოვყევი.

–    სადღაც ამბობდით, ახლაც გამკაცრებულ დოპინგკონტროლზე ვარო. ეს რას ნიშნავს? 
–    ყოველი შეჯიბრის წინ 3-4-ჯერ ჩამოდის საერთაშორისო კონტროლი. ასევე არსებობს ადგილობრივი დოპინგკონტროლი, რომელსაც ძალიან დიდი აღიარება აქვს მოპოვებული საერთაშორისო ასპარეზზე. მათ უფლება აქვთ, რომ მოვიდნენ და ნებისმიერ დროს შეგვამოწმონ მე, ანასტასია გოტფრიდი და ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წევრი.

–    რატომ?
–    საქართველოს ძალოსნობის გუნდმა ძალიან კარგი შედეგები აჩვენა მსოფლიო ასპარეზზე. ერთ-ერთი ლიდერი გუნდია. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც სულ კონტროლის ქვეშ უნდა ვიყოთ. მაგრამ ჩვენი გუნდი ძალიან სუფთაა. ერთ მაგალითს გეტყვით. აშხაბადში ტარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატი და მის დაწყებამდე ერთ თვეში სამჯერ ჩამოვიდნენ დოპინგკონტროლზე. როდესაც შეჯიბრი დასრულდა, მობილურ ტელეფონზე მივიღე შეტყობინება, კარებთან დოპინგის კონტროლი გელოდებათო. ერთი კვირის შემდეგაც ჩამოვიდნენ და შემამოწმეს. ჩემი ცხოვრება ასეთია, ახლაც, აქ რომ ვზივარ, ვალდებული ვარ, დაგტოვოთ და დოპინგკონტროლზე გამოვცხადდე, თუკი დამირეკავენ.

–    შეგიძლიათ, აღგვიწეროთ, შტანგის მიმართ რა დამოკიდებულება გაქვთ? ერთგან ამბობდით, შტანგა ჩემთვის სულიერიაო. უფრო თქვენს მოკავშირედ და მეგობრად მიგაჩნიათ, თუ თქვენს მტრად და მეტოქედ აღიქვამთ? 
–    ჩემი ცხოვრება ეს არის, რომ რკინას ვეჭიდები, უსულო საგანს. ამ უსულო საგანმა გამითქვა სახელი, წარმატება მომიტანა და გულშემატკივრების ასეთი რაოდენობა შემძინა. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ვარსებობ და ძალოსანი ვარ. ეს შტანგის დამსახურებაა.

ყველა ვარჯიშის შემდეგ ვცდილობ, მოვეფერო, გავწმინდო, ვინაიდან ცარცს ვხმარობთ და გავასუფთავო და დავალაგო ის ნივთები ყველაფერი და ისე გავიდე დარბაზიდან. რაღაცნაირად მადლობას ვუხდი ხოლმე, რომ, რა ვიცი, მისი წყალობით მე დღეს რაღაცას წარმოვადგენ ამ ცხოვრებაში.

–    ესე იგი, არ გაქვთ განცდა, რომ შტანგა თქვენი მეტოქეა?
–    არა, არანაირად. როცა უცხოეთში ვართ და რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი შტანგას უდიერად ეპყრობა, ეს ძალიან მაღიზიანებს. ვფიქრობ ხოლმე ჩემთვის:  „რას შვრება ეს ადამიანი?!“ ჩვენი გუნდის წევრები შტანგას ძალიან ყურადღებით ვექცევით, ეს ჩვენი წესია.
–    თქვენ რაღაც პერიოდის განმავლობაში ხომ ჭიდაობდით? 

–    დიახ.

–    მაშინ ადამიანთან გქონდათ საქმე და ახლა რკინასთან გაქვთ. შეიძლება, მეტ კომფორტს გრძნობთ იმაში, რომ ადამიანს არ უპირისპირდებით, რკინას ეჭიდებით და პირადად შეგიძლიათ სიტუაციის ბოლომდე გაკონტროლება?
–    ორწლიანი კარიერა მქონდა ჭიდაობაში. სპორტის ძალიან რთული სახეობაა. მამაჩემმა მირჩია, მეჭიდავა იმისთვის, რომ მეტი ელასტიურობა შემეძინა. როცა საჭიროდ ჩათვალა, ისევ თვითონ დამაბრუნა შტანგასთან. ძალიან მიჭირდა ჭიდაობა, უზარმაზარ ნებისყოფას და შრომას მოითხოვს. სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავდი ჩემს თავს ჭიდაობაში.

–    სწორედ თქვენი ხასიათიდან გამომდინარე ხომ არ გირჩევნიათ, რომ რკინასთან გქონდეთ საქმე, ვიდრე ადამიანთან?
–    ალბათ, რა საქმესაც ხარ ადამიანი შეჭიდებული და შეჩვეული, ყოველთვის ის საქმე გირჩევნია. რამაზ ნოზაძე ყველამ ვიცით, ძალიან წარმატებული მოჭიდავეა, მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი. გარკვეული პერიოდი ჩვენთან ვარჯიშობდა – შტანგასთან ვარჯიში სპორტის  თითქმის ყველა სახეობას სჭირდება. ბევრჯერ აღუნიშნავს რამაზს, შტანგა ძალიან რთული სახეობა არისო; მირჩევნია, ვიჭიდაო, ვიდრე შტანგა ავწიოო. ჭიდაობის დროს, შეიძლება, სპორტსმენმა ფეხი წამოკრას, ან რამე სხვა შეცდომა დაუშვას და ეს შენს სასიკეთოდ გამოიყენო, ამ რკინას კი ვერაფერი მოვუხერხეო. ჩემთვის ნამდვილად არ არის რთული ძალოსნობა, რადგან შეჩვეული ვარ. მაგრამ ფაქტია, რომ სპორტის ჩვენს სახეობაში ვარჯიშები ძალიან რთულია. ეწევი სიმძიმეებს, ეწევი, ეწევი და… მერე ყველაფერი გეფიქრება, ზედმეტ ფიქრში ვარდები. ყველა სპორტი რთულია, მაგრამ ეს – განსაკუთრებით.
–    თქვენ აგვიხსენით, რაში გამოიხატება ვარჯიშის განსაკუთრებული სირთულე. 

–    მოკლე პასუხი: დღის განმავლობაში 25-30 ტონის აწევა მიწევს; თან, რა თქმა უნდა, ძალიან ტრავმული სახეობაა. შეჯიბრის წინ მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს 3-4 თვე. ერთი კვირა რომ დავისვენოთ, თვენახევარი გვჭირდება ფორმის აღსადგენად.
–    თქვენ შესახებ მასალას რომ გავეცანი, დიდი ურთიერთნდობა დავინახე თქვენსა და მწვრთნელებს შორის, განსაკუთრებით, გიორგი ასანიძესა და თქვენ შორის. დასამახსოვრებელი ფრაზაც გაქვთ ნათქვამი: პატივს ვცემ მწვრთნელების გადაწყვეტილებას და რამდენსაც შეუკვეთავენ, იმდენს ავწევო. შეიძლება ითქვას, რომ მწვრთნელებს ბრმად ენდობით? თუ გააზრებული გაქვთ, რატომ არის მათი გადაწყვეტილებები სწორი? 
–    რა თქმა უნდა, ასი პროცენტით კი არა, ათასი პროცენტით ვენდობი. თავისი საქმის პროფესიონალები არიან. ძალოსნობა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახეობად აქციეს ქართულ სპორტში. მთავარი მწვრთნელი – გიორგი ასანიძე – ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს და ასოციაციის პრეზიდენტი – კახი კახიაშვილი – სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ჩემს პირად მწვრთნელს ავთო გახოკიძეს შესანიშნავი სპორტსმენები ჰყავს აღზრდილი. მათ გვერდით არის გია ცირეკიძეც. ეს ადამიანები 24 საათი ჩვენზე ზრუნავენ. ჩვენი თითოეული ნაბიჯი იციან და ისიც იციან, რომელიმე კონკრეტულ მომენტში რა გვჭირდება. მათთვისაც ძალიან ძნელია, როდესაც ათ სპორტსმენთან უწევთ მუშაობა. შეჯიბრების შემდეგ მწვრთნელები ჩვენზე არანაკლებ დაღლილები არიან. მათზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა შეჯიბრის დროს. თითოეულ სპორტსმენს სამი მისვლა გვიწევს შტანგასთან და მწვრთნელები ყველა შესაძლო ვარიანტს ითვლიან. დიდი შრომა უწევთ. რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში მეტ წონაზე მინდა ხოლმე მისვლა, მაგრამ როცა მეტყვიან, რომ ეს წონა საკმარისია მოსაგებად და ახალი რეკორდის დასამყარებლად, – იქ უკვე ვჩერდები. რაც არ უნდა მინდოდეს, რომ მეტი წონა ავწიო, მათ გადაწყვეტილებას ყოველთვის ვემორჩილები.

–    შეჯიბრზე, ცხადია, მწვრთნელის აზრი გადამწყვეტია.  მაგრამ ბევრჯერ მომისმენია, რომ წვრთნის პროცესშიც ბოლომდე მინდობილი ხართ მწვრთნელებზე და ისინიც თქვენი ერთგულები არიან.
–    დიახ, რა თქმა უნდა.
–    მაგრამ მაინც მაინტერესებს, მწვრთნელებთან ერთად არკვევთ ხოლმე, ამ მომენტში რას და რატომ აკეთებთ? თუ ისინი გეუბნებიან და თქვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ შესრულებაა?

–    წვრთნის მომენტში დარბაზში სიმკაცრეა. დარბაზს გარეთ კი სულ გვაქვს საუბარი, რა და რატომ არის საჭირო. დღევანდელი ვარჯიში რომ მორჩება, ხვალინდელი დღე იგეგმება. გიორგი ასანიძე მთავარი მწვრთნელია. რასაც ის იტყვის, იმას ასრულებენ დამხმარე მწვრთნელებიც და სპორტსმენებიც. მაგრამ მთავარი მწვრთნელი ცდილობს, რომ ერთობლივად გაკეთდეს ყველაფერი. დარბაზში როდესაც შევდივართ, ყველა სპორტსმენს სათითაოდ ეკითხება – რამე ხომ არ გტკივა? თუ ვინმეს რომელიმე კუნთი აქვს დაჭიმული, სხვა ვარჯიშს შეურჩევს, რომ ის კუნთი ზედმეტად არ დატვირთოს. კიდევ ვამბობ, ჩვენს მწვრთნელებს ათასი პროცენტით ვენდობი.

–    შორიდან როგორც ჩანს, თქვენს ფედერაციაში და თქვენს გუნდში ურთიერთნდობა და დისციპლინაა. სპორტის ზოგიერთ სხვა სახეობაში, ვიცით, სამარცხვინო ამბები ხდება. პირდაპირ უკავშირებთ თუ არა პირადად თქვენი და საქართველოს ნაკრების წარმატებებს იმ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს, რომელშიც გიწევთ საქმიანობა? 
–    დღეს გვქონდა ზუსტად საუბარი მაგ თემაზე და მე ჩემი აზრი გამოვთქვი. ფედერაციაზე და მის პრეზიდენტზე, რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ მთავარი მწვრთნელის როლი მაინც პირველია. ჩვენ გვყავს ისეთი მთავარი მწვრთნელი, რომელმაც, პირველ რიგში, რეჟიმი დაამყარა. გიორგი ასანიძის გარდა, დღეს საქართველოში არ მოიძებნება სხვა მწვრთნელი, რომელიც ასეთ ნაკრებს ჩამოაყალიბებდა. ყველას მისი რიდი აქვს, ყველა ენდობა. რეჟიმია, პირველ რიგში, ყველაფერი. სადაც რეჟიმი არ არის, იქ არის არეულობაც.

–    თქვენ ამბობდით, ზოგჯერ უფრო მეტ წონაზე მინდა მისვლა, მაგრამ მწვრთნელები მეუბნებიან, ახლა მეტი არ არის საჭიროო. პირიქით შემთხვევა თუ ყოფილა, როცა საერთოდ არ გიფიქრიათ რაღაც წონაზე მეტის აწევა, მაგრამ მომხდარა, რომ აგიწევიათ?
–    კი, შეჯიბრებაზე ყოფილა, რომ ორი ცდის შემდეგ დავკმაყოფილებულვარ შედეგით და საერთოდ არ მდომებია მესამე ცდის გამოყენება. რიოს ოლიმპიურ თამაშებს გავიხსენებ. ორი მისვლით უკვე ოლიმპიური ჩემპიონი ვიყავი, ყველანაირი სტრესი მოხსნილი მქონდა. სიმართლე რომ გითხრათ, გულის სიღრმეში მართლა აღარ მინდოდა შტანგასთან მისვლა. მაგრამ იმ მომენტში გიორგი მოვიდა და ეს სიტყვები მითხრა: ჩემპიონი კი გახდი, მაგრამ ამის მერეც ბევრი რამე უნდა დავამტკიცოთო. გულში ვფიქრობდი, რაღა უნდა დავამტკიცო, ოლიმპიური ჩემპიონი ვარ-მეთქი. იმ მომენტში ირანელი ძალოსნის გულშემატკივრები ძალიან აქტიურობდნენ და ჩემ მიმართ აგრესიულები იყვნენ. მესამე მისვლით 258 კილოგრამის დაძლევამ ოლიმპიური რეკორდიც მომიტანა და თან ყველას დავუმტკიცე, რომ ნამდვილად ღირსეულად გავიმარჯვე. ამ 258-მა მართლა ყველაფერი გადაწონა. ყველა ოვაციებით შეხვდა ამ რეკორდს. არ შემიძლია, რომ კიდევ ერთი ამბავი არ გავიხსენო: წინა ევროპის ჩემპიონატზე 221 კგ ვერ ავიტაცე. მაშინ  მწვრთნელებს არ დავემორჩილე, ვთხოვდი, მიმიშვით-მიმიშვით-მეთქი. არადა, მწვრთნელი მეუბნებოდა, არ გინდა, არ მიხვიდეო. მიმიშვით-მეთქი, გავაკეთებ. კარგი, ამ ერთ ცდას მოგცემ, მაგრამ პასუხისმგებელი არ ვარო. მივედი და, სამწუხაროდ, ვერ დავაფიქსირე წონა. ამის მერე ვუთხარი, ბოლომდე გემორჩილებით-მეთქი. ფეხის ტრავმა მქონდა და უფრო მაგიტომ მიფრთხილდებოდნენ, მაგრამ არ დავუჯერე. ღმერთის წყალობით, მაინც გამარჯვებული დავბრუნდი.

–    თქვენ საკუთარ თავს ორ სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულად აფასებთ. ერთგან ამბობთ, საბოლოოდ, უფრო დადებითი თვისებები მაქვს, ვიდრე უარყოფითიო. მეორეგან ამბობთ, რამდენი კარგი მხარე მაქვს, იმდენი და ცოტა მეტი უარყოფითიც მაქვსო. რა არის ამ გაორებული შეფასების მიზეზი?
–    ცვალებადი ხასიათი მაქვს. შეიძლება, საზოგადოება ვერ ხედავდეს, მაგრამ შინაგანად ვგრძნობ, რომ ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე მაქვს.

–    რა არ მოგწონთ თქვენი თავის? 
–    არ ვიცი, არ ვიცი, ბევრი რამ.
–    გვითხარით ერთი-ორი-სამი რამ…

–    როგორც ამბობენ, ძალიან მიმნდობი ადამიანი ვარ. ეს სპორტს არ ეხება. ბევრჯერ მინანია კიდეც, მაგრამ არაუშავს.

–    ეს, ალბათ, ახლობლებს არ ეხება, რადგან თქვით, ძალიან კარგი წრე მყავსო. 
–    არა, ახლობლებს არ ეხება არანაირად. კიდევ, ბევრი ნერვიულობა ვიცი ყველაფერზე. ხანდახან, როდესაც ვარჯიშისგან ვისვენებ, სულ იმის ფიქრში ვარ, ჩემიანს ვინმეს რამე არ მოუვიდეს, როგორ არიან… ძალიან მღლის ეს ფიქრები.

–    ამბობდით, კარგი ნერვებით არ გამოვირჩევიო. 
–    დიახ, ნამდვილად ასეა. ხომ გითხარით, ფეთქებადი ხასიათი მაქვს. ცუდს არავის არაფერს გავუკეთებ. მაგრამ როცა ავფეთქდები, თუ ვინმე ჩამივარდა ხელში იმათგან, კონკრეტულად ვისზეც და რაზეც გავბრაზდი, იქ ცუდი ადამიანი ვარ. მაგრამ მალე გადამივლის ხოლმე.

–    თქვენებს რამე პრობლემა ხომ არ აქვთ თქვენს ხასიათთან დაკავშირებით? თუ უკვე შეგუებულები არიან? 
–    არა, გაბრაზებით არც მათ ვაბრაზებ. ჩემი მშობლების გადაწყვეტილებას, მათ რჩევა-დარიგებას ყოველთვის პატივს ვცემ. თუ რამე შემეშლება, მერე აუცილებლად ვითვალისწინებ.

    ბავშვობის ტრავმა ხომ არ მოგყვებათ? ოდესმე სერიოზულ საფრთხეში ხომ არ ყოფილან დედა ან მამა? ან თქვენ ხომ არ გიგრძვნიათ საფრთხე?

–    არა, ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ბებია-ბაბუებიც ყველა ცოცხალი მყავს. მაგრამ ადამიანები დღეს რომ ვართ, ხვალ შეიძლება აღარ ვიყოთ.

–    ყველა ვფიქრობთ ახლობლებზე, მაგრამ…

–    ყველა ვფიქრობთ, მაგრამ მე ზედმეტად ვიცი ხოლმე ფიქრი. რაც სპორტს შეეხება, იქ ნერვები ძალიან გამართული მაქვს. სპორტის გარეთ ვერ ვარ ასეთი მაგარი.

–    სინამდვილეში, ფიქრობთ, იმდენად ცუდია სიფიცხე და მინდობის ჩვევა, რომ თქვენს მთელ კარგ თვისებებს გადაწონის?
–    არა, რა თქმა უნდა. ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ამ მინდობით პირადად მე ცხოვრებაში არაფერი დამიკარგავს, შეიძლება, ისევ სხვამ დაკარგა. ისეთი რამ არ დამმართნია, რომ კატასტროფული შედეგი მოჰყოლოდა ჩემი მხრიდან ნდობას.

–    ერთხელ კლიპი გადაგიღიათ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებთან ერთად და როცა წლების შემდეგ გკითხეს – ბევრი ფული რომ გქონდეს, რას გააკეთებდიო, თქვენ თქვით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადარჩენას ვეცდებოდიო. ზოგადად, გულგრილობის მიმართ მკაცრი ხართ, თუ უფრო რბილად უყურებთ ადამიანის არჩევანს, რომ ვისაც და როგორც უნდა, ისე დაეხმაროს? 
–    ძალიან მეშლება ნერვები ისეთ ადამიანზე, ვისაც საშუალება აქვს და ქველმოქმედებას არ ეწევა. ეს მომენტი ძალიან მაღიზიანებს. აფიშირების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ვცდილობ ხოლმე, მაქსიმალურად დავეხმაროთ, განსაკუთრებით, თუ ბავშვს უჭირს. პატარა ბავშვების მძიმე ფოტოებს რომ ვხედავ, ზუსტად მაგ მომენტში მეფიქრება ხოლმე, რა საშინელება იქნება, ვინმე ჩემიანს რომ სჭირდეს ასეთი უბედურება. საერთოდ არ ვეკიდები რბილად გულგრილობას, პირიქით. ნებსმიერ ადამიანს შემიძლია ამის გამო საყვედური ვუთხრა, თუკი საშუალება აქვს და არაფერს აკეთებს.
–    ზოგადად, ეუბნებით ხოლმე ადამიანებს, რა პრეტენზია გაქვთ მათ მიმართ?

–    პირდაპირ?

–    დიახ. 
–    არა, ოჯახის წევრებთან უფრო მაქვს ეს გამოცდილება. ისინი ძალიან ახლობლები არიან და სწორად გამიგებენ. არ შემიძლია, რომ ადამიანს ვაწყენინო და პირდაპირობაც არ მიყვარს. თუ რამე არ მომეწონება, შემიძლია, მცირედით შემოვიფარგლო. ადამიანი რომ დავამცირო იმის გამო, რომ, ჩემი აზრით, შეცდომა დაუშვა  – ასე არ ხდება.

–    ოჯახის წევრებთან შეიძლება პირდაპირობა?
–    დიახ, ოჯახის წევრებთან დიდი გული მაქვს (იცინის).

–    ასეთ აზრს თუ ეთანხმებით, რომ პატიება აკეთილშობილებს იმას, ვინც აპატია, მაგრამ არაფერს ასწავლის იმას, ვისაც აპატიეს?
–    მთლად ბოლომდე შეიძლება ვერ დავეთანხმო, რომ ვისაც აპატიეს, მან არაფერი ისწავლა. ზოგი ადამიანი ისეთია, შეცდომას თუ აპატიებ, ამის შემდეგ შეიძლება უფრო დიდი შეცდომა დაუშვას. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც, როცა  აპატიებ, ნამდვილად რაღაცას სწავლობენ. მე პატიება შემიძლია და ბევრისთვის მიპატიებია.

–    და ვისთვისაც გიპატიებიათ, გქონიათ განცდა, რომ გაიგო იმ ადამიანმა?
–    კი, სხვათა შორის. ნამდვილად მქონია ეგ განცდა.  ბედნიერების გრძნობაც გამჩენია იმის გამო, რომ პატიების შემდეგ ადამიანი შეიცვალა, გამოსწორდა. ყოველთვის იმას ვემხრობი, რომ ადამიანს ახსნით შეაგნებინო.
–    სამაგალითო საქციელს, თქვენსას ან სხვისას, ოდესმე თუ გაუღიზიანებიხართ?
–    სამაგალითო საქციელს? ასეთი არ მახსენდება. ხანდახან გული დამწყვეტია იმის გამო, რომ თუ რამე გამიკეთებია, შემეძლო, კიდევ მეტი გამეკეთებინა. სხვის გაკეთებულ სიკეთეზე გავღიზიანებულიყავი – ასეთი ნამდვილად არ ყოფილა.
–    ამას თუ ეთანხმებით, რომ გონება ყოველთვის წაგებულია, გულთან შედარებით?
–    რაღაც მომენტში, ალბათ, კი და რაღაც მომენტში – არა.

–    თქვენ ამბობთ, რომ თუ სპორტსმენს უნდა, წარმატებას მიაღწიოს, ძალიან ბევრ რამეზე უნდა თქვას უარი. მეორე მხრივ, ისიც გითქვამთ, რომ როცა შეკრებაზე არ ხართ, სამ დღეში ისევ დარბაზი და ვარჯიში გენატრებათ. 
–    დიახ, ასეა.

–    თქვენთვის გართობა უფრო მოსაწყენი ხომ არ გახდა ამასობაში, ვიდრე შრომა და ვარჯიში?
–    ამ ეტაპზე, როცა სპორტულ კარიერას აქტიურად მივყვები, მაქსიმალურად ვცდილობ, ყველანაირი გართობისგან თავი შევიკავო. ახლა ერთი თვეა, სახლის პირობებში ვვარჯიშობთ. შვებულებასავით გამოგვივიდა. ცხოვრების ისეთ ეტაპზე ვარ, ნამდვილად სახლში მირჩევნია ყოფნა, რომ ჩემს პატარა შვილს მოვეფერო და მოვესიყვარულო. ვიცი, რომ ბევრჯერ მოვენატრები და მეც ბევრჯერ მომენატრება ბავშვი, რადგან რამდენიმე თვე მიწევს ხოლმე სახლიდან შორს ყოფნა. ცოლი რომ მოვიყვანე, სამი დღე ვიყავი სახლში და ამის შემდეგ შეკრებაზე წავედი, რადგან მსოფლიო ჩემპიონატისთვის დავიწყეთ მომზადება. თვეში ორჯერ მოვდიოდი სახლში. ზოგადად, არასოდეს მიზიდავდა ისეთი გართობა, როგორიც სხვებს მოსწონდათ. ჩემთვის გართობაა, კარგ რესტორანში ტრადიციულ სუფრასთან რომ მოვხვდები. კლუბებში სიარული არ მიყვარს, ეს არ მაინტერესებს. თავიდანვე არ მიზიდავდა. ბევრი დროც მქონია, მაგრამ არც მაშინ მივყვებოდი დიდად გართობას.

–    როგორც ვხვდები, ხალხმრავალი გარემო არ გიყვართ, ჩაკეტილ სივრცეში, ჩაკეტილ წრეში უკეთესად გრძნობთ თავს – სავარჯიშო დარბაზში, ან ოჯახთან და ახლობლებთან ერთად. 
–    ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, დიდი ოჯახიც გვაქვს. როდესაც შეკრებაზე ვარ – ყველაფერს ვწყდები. მერე, როდესაც ვისვენებ, მინდა, ჩემი ახლობლების ირგვლივ ვიტრიალო; იმ ხალხთან ერთად მინდა ვიყო, ვინც ყველაზე მეტად მენატრება. ჰობი მაქვს ნადირობა და  სანადიროდაც მეგობრებთან ერთად დავდივარ. მეორე მხრივ, ვცდილობ, არავის ვაწყენინო. უცხო იქნება თუ ნაცნობი, თუკი სადმე ვინმეს ჩემი ნახვა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობ, ყველას გვერდით ვიყო.

–    ყოველთვის ასეთი ხასიათი გქონდათ, თუ მოგვიანებით გაგიჩნდათ ეს განცდა, რომ ადამიანებს არ აწყენინოთ? 
–    საზოგადოების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. თითოეულ ადამიანს, თითოეულ ჩემს გულშემატკივარს დიდ პატივს ვცემ. ალბათ, ამიტომ მინდა, რომ მაქსიმალურად კარგი გამოვჩნდე მათ თვალში. მაგრამ ისე არა, რომ მოჩვენებითი იყოს ეს სიკარგე.

–    სპორტსმენი რომ არ ყოფილიყავით, მაინც გექნებოდათ ეს სურვილი, რომ ადამიანებს მოსწონებოდით? 
–    ყველა მეუბნებოდა, რომ ბავშვობიდან გამომყვა სიმორცხვე. უფროსი ძმა მყავს და ორივე ერთნაირები ვიყავით. სულ ამის გამო გვაძლევდნენ სახლში შენიშვნებს – ნუ ხართ ასეთი მორცხვებიო. ვიღაცასთან ამბავი რომ დაებარებინათ, ჩვენგან გადაეცითო, შეიძლება ის ამბავი ვერ მიგვეტანა, ჩვენი სიმორცხვის გამო. მეც ვხედავ, ეს ცოტა დიდობაშიც გამომყვასავით.

–    თქვენ ამბობთ, რომ ტრადიციების მიმდევარი ადამიანი ხართ და ბევრი ტრადიცია მოგწონთ, მაგრამ ბევრი – არ მოგწონთ. ალბათ, იცნობთ ადამიანებს, რომლებსაც ტრადიციების დიდი უმრავლესობა არ მოსწონთ და ფიქრობენ, რომ ტრადიციები ამუხრუჭებენ ქვეყნის განვითარებას. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ორი ჯგუფის მშვიდობიანი თანაარსებობა ჩვენს ქვეყანაში?
–    მაქსიმალურად ვცდილობ, რომ არ ჩავერთო მსგავს თემაზე დისკუსიაში. უფლისგან მოვლენილი ადამიანები ვართ და არ გვაქვს უფლება, ერთმანეთი გვძულდეს. რა თქმა უნდა, შინაგანად ძალიან მაღიზიანებს და არასდროს მივესალმები, რომ ჩემმა შვილმა ქუჩაში უყუროს იმას, რაც მე ძალიან არ მომწონს. მაგრამ ცემა-ტყეპა რომ ვიცით ქართველებმა, ფიზიკური შეურაცხყოფები, ეს ნამდვილად მიუღებელია. ცემა-ტყეპის გარეშე უნდა შევაგნებინოთ ადამიანებს, რა გვინდა. ჩემი მოსაზრება უფრო აქეთ არის.

–    აღიარებთ თუ არა თქვენგან განსხვავებული ადამიანების უფლებას, რომ იცხოვრონ ისე, როგორც თვითონ მიაჩნიათ სწორად?
–    ვერ ვაღიარებ, თუმცა, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია.

–    ხშირად გიხდებათ უცხოეთში ყოფნა და იქაურ გარემოსაც მეტ-ნაკლებად იცნობთ. იქ ხომ ახერხებენ ადამიანები, რომ მშვიდობიანად იცხოვრონ და ერთმანეთის უფლებები ბოლომდე აღიარონ? 
–    მე პირადად არ უარვყოფ განსხვავებული ადამიანების უფლებებს. უბრალოდ, ძალიან წინა პლანზე გამოიტანეს თავისი უფლებები. შეიძლება, სხვებზე მეტი უფლებებიც ჰქონდეთ.
–    იმ ხალხზე რას ფიქრობთ, რომლებიც ამბობენ, რომ ტრადიციები ამუხრუჭებს ქვეყნის განვითარებას?

–    საქართველო იყო, არის და იქნება. განვითარების მხრივ, ასი წლით წინ არიან ევროპის ქვეყნები. ამ ქვეყნებში ბევრი ქართველი ცხოვრობს და, ალბათ, ამანაც განაპირობა სურვილი, რომ საქართველოც სწრაფად განვითარდეს. ჩვენც განვვითარდებით, სად წავალთ?! ხომ ვვითარდებით ნელ-ნელა? უცებ წინსვლის სურვილს კატასტროფამდე მივყავართ. გვინდა, რომ დღეს და ხვალ უკვე სხვანაირი ქვეყანა გვქონდეს. ასე არ მოხდება. მე სრულიად მაკმაყოფილებს, საქართველოში როგორი ცხოვრებაც მაქვს.  ძალიან მომწონს ჩემი საქართველო, როგორიც არის, ისეთი.

–    თქვენს მეუღლეზე მინდა, გკითხოთ. ერთხელ თქვით, ანა ფიცხი კი არ არის, ამ ცხოვრების აზრზეაო. რას გულისხმობდით? 
–    ეგრეა ნამდვილად. რაც მეუღლე მყავს, ბევრ რამეზე დავფიქრდი და ბევრი რამ გავიაზრე.  ანას ჩემზე მეტი უნახავს ამ ცხოვრებაში – კარგიც, ცუდიც. აქედან გამომდინარე, მეუღლე იმისთვის არის, ურთიერთგაგება და სიყვარული იმისთვის არის, რომ ერთმანეთის აზრი გავითვალისწინოთ. ეს პერიოდი, რაც ერთად ვართ, ბევრჯერ მომიგია, მისი რჩევიდან გამომდინარე.

–    თქვენ უფრო ჩაკეტილი ხართ და ის, ეტყობა, უფრო გახსნილი ადამიანია. 
–    ის… ის… სამეგრელოა (იცინის).

–    თქვენი მიზნების მოკლე ჩამონათვალი ასეთია: გინდათ, რომ გულშემატკივრებს იმედი არ გაუცრუოთ; გინდათ, რომ საზოგადოების კრიტიკა არ დაიმსახუროთ; გინდათ, რომ სიკვდილის შემდეგ თქვენზე ცუდი არავინ თქვას; გინდათ, ისეთი შედეგი დადოთ, რაც ისტორიას დარჩება. მეტისმეტად ხომ არ იმძიმებთ თავს, ამ მოვალეობებს ნებაყოფლობით რომ იღებთ საკუთარ თავზე? თუ პირიქით, ეს მოვალეობები გეხმარებათ, რომ სულ ფორმაში იყოთ?
–    დიახ, ხელს მიწყობს იმაში, რომ ფორმაში ვიყო, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან მამძიმებს. ამაზე ბევრჯერ მაქვს ნაფიქრი. არ შემიძლია, რომ არ დაგეთანხმოთ. თითოეული ჩემი სიტყვა, თუნდაც, ინტერვიუს დროს ნათქვამი, ჩემთვის მნიშვნელოვანია. ხანდახან დავფიქრებულვარ და მითქვამს: „უი, ეს რამ მათქმევინა?! ვინმემ ცუდად არ გაიგოს…“

რა ვიცი, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რომ კარგი ვიყო.

ადამიანს კრიტიკოსი და ცუდი თვალით შემომხედველი მაინც არ გამოელევა. ყველასთვის კარგი მაინც ვერ იქნები.

–    თქვენ რაზე გაკრიტიკებენ? 
–    ერთ-ერთ საარჩევნო კლიპში ვიყავი. უცებ ღამის სამ საათზე მეგობარი მწერს, ეს რა გააკეთეო. ვიფიქრე, რა გავაკეთე-მეთქი. ინტერნეტში არ გინახავს, რა ამბავიაო? არ მქონდა არაფერი ნანახი. ადამიანები ვართ, ყველას თავისი შეხედულება აქვს, თავისი დამოკიდებულება აქვს – პოლიტიკური პარტიის თუ ადამიანების მიმართ. არიან ადამიანები, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ და რომლებიც მეიმედებიან ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ. იყო მომენტი, მთხოვეს, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კლიპში მიმეღო მონაწილეობა. ვიფიქრე, საზოგადოება მიცნობს უკვე, სჭირდებათ ჩემი თავი-მეთქი და დავთანხმდი. ერთი სიტყვა – „ორმოცდარვა“ – ვთქვი და დაიწყო საშინელი ლანძღვა. სულ ისეთი ადამიანები მლანძღავდნენ, რომლებიც ერთ პარტიაზე იყვნენ ჩაციკლულები. გვიან გავაცნობიერე, რომ არ უნდა მომშლოდა ნერვები. მაგრამ მაინც ძალიან დიდი სტრესი იყო. მძიმე მესიჯები მომდიოდა და პასუხსაც ვერ ვცემდი ადამიანებს, ყველას დაბლოკილი ვყავდი. ერთი კვირა მაინც დამჭირდა, რომ გამეაზრებინა, რა მოხდა.
–    ერთი ადამიანის ამოჩემება და მისი დაჩაგვრის ორგანიზებული მცდელობა ახასიათებს ქართულ ფეისბუკს. ამან თქვენზე კვალი დატოვა? 

–    როცა ერთ ადამიანს მეორე უმიზეზოდ ლანძღავს, სხვაც რომ დავინახო, ამის მოთმენა არ შემიძლია. მით უმეტეს, მე მეხებოდა.
–    როცა კლიპში მონაწილეობას დასთანხმდით, მაშინ არ გიფიქრიათ, რა პასუხისმგებლობას იღებდით? 
–    დღემდე ვთვლი, რომ ცუდი არაფერი გამიკეთებია, მით უმეტეს, ამდენი ადამიანისგან ლანძღვა არ დამიმსახურებია. ყველა მიყვარს, ყველას აზრი მაინტერესებს, ყველას პატივს ვცემ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წევრი იქნება, ან არ იქნება. ძალიან შორს ვარ პოლიტიკისგან. უბრალოდ, აქამდე სულ ქება მესმოდა და უცებ, ღამის სამ საათზე, ამხელა შეურაცხყოფა წამოვიდა საზოგადოების მხრიდან. ეს მართლა ცუდად მივიღე. დღემდე ვერ ვაცნობიერებ – რის გამო?

–    ზოგჯერ ადამიანების ჯგუფს არ სჭირდება ბევრი მიზეზი, რომ უკმაყოფილო და აგრესიული იყოს. 
–    სამწუხაროდ, ასე გამოდის.

–    მინდა, იმ თემით დავამთავროთ, რითიც დავიწყეთ. ლაშატალახაძეობა საზოგადო სახელად იქცა. თუ ნებისმიერ სფეროში ისეთ წარმატებულ ადამიანზე ვსაუბრობთ, რომელსაც კონკურენტები ვერ ეწევიან, ვამბობთ ხოლმე, რომ ეს ადამიანი ამ სფეროს ლაშა ტალახაძეა. თქვენი სახელი გახდა იმის სიმბოლო, რომ ჩვენ გვყავს ჩემპიონი, რომელსაც მთელ მსოფლიოში ვერავინ ეწევა. ამის შემდეგ ამბობთ, რომ თითოეული ადამიანის აზრი გაინტერესებთ და ძალიან განიცდით, როცა ვინმე უსამართლოდ გაკრიტიკებთ. რისი წყალობით დარჩით ასეთ ადამიანად – თქვენი განსაკუთრებული ნიჭის თუ აღზრდის?  
–    ისეთი ოჯახში გავიზარდე, სადაც სულ ლოცვა მესმოდა. არ ვარ გახსნილი ადამიანი, რომ ბევრ საკითხზე ღიად ვისაუბრო, თუნდაც, ოჯახის წევრებთან. რა ვიცი, დავრჩი კი?! მართლა არ მიფიქრია ამაზე. ხშირად არ ვფიქრობ, თორემ როგორ არ მიფიქრია?!

–    დიდი მადლობა საინტერესო და გულწრფელი საუბრისთვის. ინტერვიუს ტრადიციულად დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია რომაელი ფისოლოფოსი სენეკა (ძვ.წ.4 – ახ.წ.65) „ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც საკუთარ თავს ფლობს“. 
–    ვეთანხმები, ყველაზე ძლიერი ნამდვილად ის არის, ვისაც საკუთარი თავის ხელში აყვანა შეუძლია. რაც სპორტს შეეხება, იქ ყველაფერი წესრიგში მაქვს. მაგრამ სპორტის გარეთ ცხოვრებაში ხანდახან მიჭირს საკუთარი თავის მართვა. ასეთი მაგარიც არ ვარ. ცოტა შრომა არ უნდა საკუთარი თავის მართვას. მით უმეტეს, რომ ნევროზი მაქვს.

–    ეს დიაგნოზი თქვენ დაუსვით საკუთარ თავს?
–    არა, ნევროპათოლოგმა თქვა.

–    გქონიათ ურთიერთობა, ასე გამოდის. 
–    დიახ, ერთხელ.

–    საკუთარი ოჯახი რომ გყავდათ, იმის შემდეგ მოხდა ეს ამბავი? 
–    დიახ, ეს ისევ კლიპს ეხება. შაბათი დღე იყო, სახლში მოვედი, დავიძინე და რომ გავიღვიძე, ვნახე, რამდენი ხალხი მლანძღავდა. იმ დღესვე დავბრუნდი შეკრებაზე.

–    იმ კლიპის გამო გამოხმაურებამ ისე იმოქმედა თქვენზე, რომ ექიმთან წასვლა დაგჭირდათ? 
–    დიახ, ძალიან ვინერვიულე, სულ ვფიქრობდი: „რატომ? რის გამო?“ მერე გადავლახე. ამ შემთხვევამ მასწავლა, რომ ასეთმა ამბავმა კი არ უნდა დაგასუსტოს, პირიქით – უნდა გაგაძლიეროს.

–    მეორე ციტატა ეკუთვნის ამერიკელ მანქანებით მოვაჭრეს ჯო ჟირარს (1928-2019) „ლიფტი, რომელიც წარმატებასთან მიგიყვანთ, არ მუშაობს. გამოიყენეთ საფეხურები – ნაბიჯ-ნაბიჯ“. 
–    სწორია. მეც ზუსტად ეგრე მივდიოდი. თუ გინდა, წარმატება შეინარჩუნო, ჯობია, ნელ-ნელა, დაკვირვებულად, საფეხურებით იარო ადამიანმა.

–    როდესაც თქვენმა მწვრთნელმა თქვა, რომ თქვენი მიზანია, ორჭიდში 500 კგ აწიოთ (მკითხველს შევახსენებ, ახლა 478 კილოგრამია თქვენი რეკორდი), ბევრმა იფიქრა, რომ უახლოეს შეჯიბრში შეძლებთ ამ მიზნის მიღწევას. უკვე ყიჟინასავით ისმის ეს ხუთასი კილოგრამი. 
–    დიახ, ზუსტად ეგ მქონდა გააზრებული, როცა ციტატაზე გპასუხობდით. მინდა, რომ ამ შედეგს ნელ-ნელა მივაღწიო. ჩემთვის უფრო აზარტულიც არის. იმასაც ვეგუები, რომ ყოველთვის ყველაფერი შეიძლება ისე ვერ გავაკეთო, როგორც მე მინდა. შეიძლება, რომელიმე სარეკორდო მისვლა შტანგასთან წარუმატებელიც აღმოჩნდეს. ეგეც საჭირო იქნება, ალბათ, იმისთვის, რომ შემდეგ შეჯიბრებამდე უფრო მეტი ვიშრომო და, საბოლოოდ, გავაკეთო ის, რაც ჩაფიქრებული გვაქვს.

წყარო: საზოგადოებრივი მაუყებლის ,,პირველი არხი” http://sainteresoadamianebi.1tv.ge/
ფოტო: ირაკლი გედენიძე

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი