მთავარი მთავარი საქართველოს პირველი გამარჯვება 2019 წლის მსოფლიოს თასზე – “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” შოტლანდიის ნაკრებს სძლიეს

საქართველოს პირველი გამარჯვება 2019 წლის მსოფლიოს თასზე – “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” შოტლანდიის ნაკრებს სძლიეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
57 ნახვა

არგენტინაში მიმდინარე რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება იზეიმა.

“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” დრამატულ ორთაბრძოლაში შოტლანდიის ნაკრები 17-12 დაამარცხეს.

ქართველებმა პირველი ტაიმი 0-7 წააგეს.

პირველ ნახევარში ბრიტანელებმა ერთადერთი გარდასახული ლელო გაიტანეს.

ეს ყველაფერი კი მატჩის დასაწყისში მოხდა. მე-5 წუთზე ეშმენმა იხეირა. გარდასახვა ტომპსონმა ზუსტად შეასრულა.

მეორე ტაიმში საქმეში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების გამოცდილი მგეზავი თედო აბჟანდაძე ჩაერთო და მატჩის გმირიც გახდა.

მეორე ტაიმში მოპოვებულ 17 ქულიდან 12 ქუთაისის “აიას” მორაგბის ანგარიშზე მოდის.

აბჟანდაძემ პირველი ქულები 46-ე წუთზე მოიპოვა. მან ჯარიმა გამოიყენა და ანგარიში შეამცირა 3-7.

54-ე წუთზე შოტლანდიის მორაგბე ეშმენმა დუბლი შეასრულა. ბრიტანელები წინ 9 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ 3-12.

დარჩენილ დროში ქართველებმა შესანიშნავად ითამაშეს და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვეს.

57-ე წუთზე ქართველებმა შერკინებაში შოტლანდიის გუნდი დაჯაბნეს. ბურთი თედო აბჟანდაძემ აიტაცა და ზედ ძელებს შორის მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა. მარტივად გასატანი გარდასახვისას თედომ მიზანს უწია 10-12.

ქართველებმა წარმატების სურნელი იგრძნეს და მეტოქეს კიდევ უფრო დიდი ძალებით შეუტიეს.

ამ ყველაფერმა შედეგი 74-ე წუთზე გამოიღო.

შოტლანდიის შეტევისას ქართველებმა თავი კარგად დაიცვეს და მეტოქეს ბურთი აართვეს.
თედო აბჟანდაძემ ფეხით კარგად დაარტყა და შოტლანდიელთა 5-მეტრია ხაზთან დერეფანი დაინიშნა.

ამ კომპონენტში კარგად მოთამაშე შოტლანდიელებმა ამჯერად ვერ ივარგეს ბურთი ხელთ ჩვენებს ჩაუგდეს,  რის გამოც  ლელო მიიღეს.
ლელოს ავტორი ჩვენი გუნდი სათადარიგო კვაჭი ნიორაძე გახდა.
გარდასახვა აბჟანდაძემ იდეალურად შეასრულა.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 17-12 მოიგო და აქტივში 4 ქულა ჩაიწერა.

ჩვენი გუნდი მსოფლიოს პირველობაზე 9-12 ადგილებისთვის ითამაშებს.

“უმცროსი ბორჯღალოსნების” მეტოქე ცნობილი მოგვიანებუთ გახდება.

საქართველო 17:12 შოტლანდია

საქართველო: 15. დაჩი პაპუნაშვილი, 14. ოთარ ლაშხი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ირაკლი სიმსივე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. სანდრო მარგიანი, 9. გიორგი მარგალიტაძე;

1. ნიკა ღვალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ზაურ თევდორაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. ვახტანგ ჯინჭარაძე, 6. პაატა ბურჭულაძე, 7. ბექა ყორიაული, 8. იოანე იაშაღაშვილი.

მარქაფა
16. ლუკა ნიორაძე, 17. ლუკა აზარიაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. ტატო გვიმრაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. თედო აბჟანდაძე, 23. თემურ ჭიჭინაძე, 24. გივი ცინცაძე, 25. ლაშა ლომიძე, 27. იოსებ გუშარაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.
2 ლელო: აბჟანდაძე, ნიორაძე
2 გარდასახვა: აბჟანდაძე (2)
ჯარიმა: აბჟანდაძე

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი