მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები თედო აბჟანდაძე: ,,საქართველოსთვის ყველამ თავი დავდეთ, მადლობა ჩემს ძმებს ასეთი თამაშისთვის და გულშემატკივარს თანადგომისთვის”

თედო აბჟანდაძე: ,,საქართველოსთვის ყველამ თავი დავდეთ, მადლობა ჩემს ძმებს ასეთი თამაშისთვის და გულშემატკივარს თანადგომისთვის”

ავტორი კახა მიხანაშვილი
43 ნახვა

არგენტინაში მიმდინარე  მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე  ფიჯისთან დრამატულ ორთაბრძოლაში გამარჯვების შემდეგ  განვლილი მატჩის შესახებ “უმცროსი ბორჯღალოსნების” მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა, გუნდის მგეზავმა თედო აბჟანდაძემ და ჰავბეკმა მიხეილ ალანიამ ისაუბრეს.

ზურაბ ამონაშვილი  საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ბიჭებს მონდომებისა და თავდადებისთვის დიდ მადლობას უხდის.  რათა მათ გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გაიღეს.

“უმცროსი ბორჯღალოსნების” მწვრთნელი გვპირდება, რომ ჩვენი ნაკრები ეცდება იტალიას ძლიერი მხარეები დაუპირისპიროს და გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული მე-9 ადგილი შეინარჩუნოს.

ზურაბ ამონაშვილი:  „დიდი მადლობა მოთამაშეებს ამ მონდომებისა და თავდადებისთვის. მათ მაქსიმუმი გაიღეს, რათა თამაშს 100%-ით მობილიზებული შეხვედროდნენ, თუმცა მაღალი ნერვული ფონის გამო, შეხვედრის დასაწყისში და ზოგადად პირველ ტაიმში რამდენიმე შეცდომა დავუშვით. გვქონდა დავალება, რომ თითო შემტევზე ორი მბოჭავი მისულიყო, მაგრამ ინდივიდუალური ბოჭვები გაგვიცუდდა და დებიუტში ლელოც გავუშვით.
მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ, ბურთის ფლობაც უკეთესი გვქონდა და შედეგად, მეორე ლელო 23-ფაზიან შეტევას მოყვა. შესვენების შემდეგ შერკინებაში ვდომინირებდით, წინა თამაშებზე ბევრად უკეთესი დერეფანი გვქონდა, უკეთ ვითამაშეთ დაცვაში და რამდენჯერმე ბურთიც მოვიპოვეთ, შეტევაში ბურთს ვინარჩუნებდით და ამ ყველაფერმა გამარჯვებამდე მიგვიყვანა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ურთულეს სიტუაციაში შეძლეს მობილიზება და გამარჯვების მოპოვება.
მეტოქის თამაში შესწავლილი გვქონდა და ვერ ვიტყვით, რომ რამე ისეთი შემოგვთავაზეს, რასაც არ ველოდით. ეს არის ძალიან კარგი გუნდი!
პირადად მე ასეთი დისციპლინირებული ფიჯის ნაკრები არ მინახავს. ისინი ძალიან კარგად თამაშობდნენ დაცვაში, კარგად იყვნენ მომზადებული ფიზიკურად და ვფიქრობ, შოტლანდიასთან ის ფავორიტი იქნება.
იტალიის თამაში ჯერ არ გვინახავს და მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით. ახლა დავისვენებთ, დავმშვიდდებით და საღამოს ვიდეო-ანალიზი გვექნება. დიდი ყურადღება დაეთმობა აღდგენას. მომდევნო ორი დღე სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და გვექნება ვიდეო-ანალიზები. უკვე ოთხი თამაში ჩავატარეთ და დაღლილობა პიკზეა, თუმცა მორაგბეებზე სათამაშო დრო გადავანაწილეთ და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ შეხვედრას კარგ მდგომარეობაში შევხვდებით. შევარჩევთ მაქსიმალურად ოპტიმალურ შემადგენლობას, რათა მათი დამარცხება მოვახერხოთ.

იტალიის თამაშს ვნახავთ, შევისწავლით მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს და ვეცდებით ჩვენი ძლიერი მხარეები დავუპირისპიროთ. ვეცდებით შარშანდელი შედეგი გავიმეოროთ და მე-9 ადგილი დავიკავოთ“. – განაცხადა “უმცროსი ბორჯღალოსნების” მწვრთნელმა.

თედო აბჟანდაძე აცხადებს, რომ ერთმანეთისა და საქართველოსთვის ყველამ თავი დადეს, რისთვისაც მორაგბეებს მადლობა უხდის.

თედო აბჟანდაძე: ,,პირველ ნახევარში თამაში არ წაგვივიდა, თითქმის არაფერი გამოგვდიოდა და ფიჯი დაწინაურდა. შესვენების შემდეგ ასმაგად მოტივირებული ვიყავით, გვჯეროდა რომ შეგვეძლო და ვიცოდით, აუცილებლად გამარჯვებული უნდა ვყოფილიყავით. მთელი 80 წუთი ვიბრძოდით და საბოლოოდ ასეც მოხდა – უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ.

რთულ პირობებში მოგვიწია თამაში, მოედანი იდეალური არ იყო და პირველ ტაიმში ფიჯის ავყევით, რის გამოც მეტოქეს ჩამოვრჩით. შესვენების შემდეგ მოედანზე მეტი შემართებით გავედით, ერთმანეთისა და საქართველოსთვის ყველამ თავი დავდეთ და მადლობა ჩემს ძმებს ასეთი თამაშისთვის, ასევე გულშემატკივარს თანადგომისთვის. მოგების სურვილი ძალიან დიდი იყო და ამან ბოლო წუთებზე გამარჯვებამდე მიგვიყვანა“. – აცხადებს ეროვნული ნაკრების მგეზავი თედო აბჟანდაძე.

მიხეილ ალანია:  „ეს გამარჯვება ჩვენს ქვეყანას მივუძღვენით. მადლობა გულშემატკივარს, რომლებმაც ამხელა გზა გამოიარეს და ჩვენს საქომაგოდ არგენტინაში ჩამოვიდნენ. ისინი მთელი 80 წუთის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ და ეს გამარჯვება მათი დიდი დამსახურებაა. ასევე დიდი მადლობა იმ ქომაგს, რომელიც საქართველოდან გვიჭერდა მხარს და ბოლომდე ჩვენს გვერდით იდგა“ – განაცხადა ალანიამ.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი