მთავარი მთავარი ლევან ნახუცრიშვილმა და ბექა ბერძენიშვილმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს – ქართველმა სამბისტებმა ევროპის თამაშები 11 მედლით დაასრულეს

ლევან ნახუცრიშვილმა და ბექა ბერძენიშვილმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს – ქართველმა სამბისტებმა ევროპის თამაშები 11 მედლით დაასრულეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
50 ნახვა

დღეს, ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპის თამაშებზე თავის მედლების მონაგარს ქართველმა სამბისტებმა კიდევ  2 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი შემატეს.

ტურნირზე ოქროს მედალი 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლევან ნახუცრიშვილმა მოიპოვა. ფინალურ ორთაბრძოლაში ნახუცრიშვილმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი რუსი სტანისლავ სკრიაბინი დამაჯერებლად 5-1 დაამარცხა.
ქართველმა მოჭიდავემ ფინალამდე გზიდან მასპინძელი ბელარუსი სპორტსმენი ცსიაპან პაპოუ 2-1 დაამარცხა.
1/2 ფინალში კი ბერძენი გეორგიოს მარქარიანი 5-1 გაანადგურა.

ბექა ბერძენიშვილის პატივსაცემად აჟღერებული საქართველოს ჰიმნით  დაასრულდა სამბოს ევროპის თამაშები. ქართველმა მძიმეწონოსანმა მოჭიდავემ  ფინალურ ორთაბრძოლაში ვეტერანი 40 წლის მასპინძელ სამბისტს იური რიბაკს ვადაზე ადრე მოუგო.

ბერძენიშვილმა 2-ჯერ 4-ქულაინი გდება გააკეთა.  მსაჯებმა მეორე ილეთის დროს ქართველ მოჭიდავეს 4-ქულიანის ნაცვლად 2 ქულა მისცეს.  თუმცა  მალევე ბერძენიშვილმა რიბაკი კიდევ ერთხელ გააგორა ხალიჩაზე.

ბექა ბერძენიშვილმა ფინალამდე თავისი სიძლიერე ფრანგ გაბრიელ ჰებრეტეუსა და სერბ ვლადიმირ  გაჯიჩს დაუმტკიცა.

ევროპულ თამაშებზე საქართველოს ბრინჯაოს მედლები გივი ნადარეიშვილმა, გენადი ჩირგაძემ და პაატა ღვინიაშვილმა მოუტანეს. ირინა ლეონიძეს კი კვარცხლბეკამდე ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა.

52 კილოგრამში გივი ნადარეიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში მასპინძელი მოჭიდავე მაქსიმ კრასინსკი დაიბრიყვა. ქართველმა ბელარუს ფალავანი 10-1 გაანადგურა.

62 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს ქართველი გენადი ჩირგაძე აზერბაიჯანელ იავიდან გარაიევთან გამარჯვების შემდეგ დაუეფლა.

90 კილოგრამში კი პაატა ღვინიაშვილმა სომეხ გრიგორ სააკიანს 2:1 სძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა სამბისტებმა მე-2 ევროპული თამაშები 11 მედალით დაასრულეს. 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო ასეთია ჯონდო მუზაშვილის შეგირდების ევროპული მონაგარი.
ჩემპიონის ოქროს მედლები ვახტანგ ჩიდრაშვილმა, დავით ლორიაშვილმა, ლევან ნახუცრიშვილმა და ბექა ბერძენიშვილმა დაისაკუთრეს,
ვერცხლის მედლებით ხელდამშვენებულები სამშობლოში ნინო ოძელაშვილი, ელენე ქებაძე და მინდია ლილუაშვილი ბრუნდებიან.
მინსკის ტურნირზე ბრინჯაოს მედლები ბექა ბერულავამ, გივი ნადარეიშვილმა, გენადი ჩირგაძე და პაატა ღვინიაშვილმა მოიპოვეს.

მინსკში მიმდინარე ევროპის თამაშებზე საქართველოს ამ დროისთვის 16 მედალი გააჩნია.  ქართველები საერთო ჩათვლაში მე-3 პოზიციაზე არიან.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი