მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
39 ნახვა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ქვიშის რაგბიში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა.

ევროპირველობაზე მონაწილეობა საქართველოს ქვიშის რაგბის კაცთა და გოგონათა ნაკრეებმა მიიღეს.

კაცების ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში  გასვლა ზედიზედ მეორედ მოახერხა, თუმცა გადამწყვეტი ბრძოლა ამჯერადაც დათმო.

ქართველები სადებიუტო შეხვედრაში ლატვიასთან 3:5 დამარცხდნენ.  მეორე ტურში კი მოლდოვის ნაკრებს 9:2 სძლიეს.  ჯგუფური ეტაპის დასკნით მატჩში  ჩვენებმა  იტალიასთან 2:5 წააგეს.

1/4 ფინალში ქვიშის რაგბის კაცთა ნაკრები ხორვატებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 6:4 გამარჯვების შემდეგ 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.

ფინალში გასასვლელ შერკინებაში ქართველებმა იტალიასთან რევანში აიღეს და აპენინეელეების საჩემპიონო ოცნებები დაამსხვრიეს.

პირველ ტაიმში ჩვენმა ნაკრებმა 3 ლელო გაიტანა, თუმცა მსაჯმა ერთი ლელო იმისა გამო არ ჩათვალა, რომ ბურთიანი მორაგბე ლელოში 2 წამზე მეტხანს გაჩერდა.

დრამატულ ორთაბრძოლაში ქართველებმა წარმატებას მაინც მიაღწიეს და იტალიას 5:4 მოუგეს.

ფინალში ჩვენი ბიჭები მასპინძელ რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ.  მეტოქემ 3 სწრაფი ლელო გაგვიტანა.  ქარტველებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და შესვენებამდე 2 ლელოს დადებით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს.

მეორე ტაიმში რუსებმა იძალეს და შეხვედრა 7:4 მოიგეს.

საქართველო 2018 წლის მსგავსად ამჯერადაც ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

ჩვენმა კაცთა ნაკრებმა მოსკოვში ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

გიორგი შკინინი, იოანე ხელაია, თორნიკე მანაგაძე, ირაკლი გეგენავა, გიორგი ნათელაშვილი, დავით ჩიტიძე, დაჩი კოპაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ნიკა სუხაშვილი, თორნიკე კიკნაძე, ვანო ბერიკაშვილი, ჯაბა კიკვაძე.

მწვრთნელი: გიორგი ქოპილაშვილი

ქართველმა ქვიშის რაგბის ნაკრების გოგონებმა ევროპირველობა მე-7 ადგილზე დაასრულეს.

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ჯგუფში სამიდან ორი შეხვედრა წააგო.   ჩვენმა მანდილოსნებმა შეხვედრები ლატვიასთან 2:8, იტალიასთან 1:9 დათმეს, ხოლო  ბელარუსთან 5:2 გაიმარჯვეს.

მეორე დღეს, ტურნირის 1/4-ფინალში ესპანეთს ორჯერ ვუგებდით, თუმცა საბოლოოდ მეტოქემ იძალა და 4:2 გამარჯვება მოახერხა.

მე-5 ადგილის 1/2  ფინალში ჩვენი გოგონები  ხორვატიას 2:0 უგებდნენ, მერე კი მდევრის როლში აღმოჩნდნენ. ქართველებმა გაწითლებულ დროზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს – 4:4.

სამწუხაროდ, დამატებით დროში ოქროს ლელო ხორვატებმა გაიტანეს და საქართველოს მე-7 ადგილისთვის მოუწია თამაში, სადაც ბელარუსთან 5:0 დავწინაურდით, საბოლოოდ კი 5:4 გავიმარჯვეთ.

ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით თამაშობდა:
სალომე მაკასარაშვილი, ნიკოლ გალუზინსკაია, მარიამ გოგუაძე, თიკა სიხარულიძე, თეონა ჩიტაიშვილი, რუსუდან რუსიშვილი, ანა რურუა, ანა კაპანაძე, ლიკა ხუფენია, ლიკა პერტაია, მარიამ გუგუჩია, ნათია პატაშური.

მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

წყარო: rugby.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი