მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები საქართველოს რუსეთის ნაცვლად სამხრეთ აფრიკის გუნდი “საუზერნ კინგსი” ეწვევა

საქართველოს რუსეთის ნაცვლად სამხრეთ აფრიკის გუნდი “საუზერნ კინგსი” ეწვევა

ავტორი კახა მიხანაშვილი
74 ნახვა

საქართველოს “ბორჯღალოსანთა” ნაკრები 27 აგვისტოს მსოფლიოს თასზე მზადების ფარგლებში რუსეთის ნაცვლად სამხრეთ აფრიკის გუნდი “საუზერნ კინგსს” დაუპირისპირდება.

საქართველოს რუსეთის ნაკრებთან უნდა ეთამაშა, მაგრამ უპასუხისმგებლო მეტოქემ „მსოფლიო რაგბის“ მიერ დანიშნული შეხვედრა აბსურდული მიზეზით გააუქმა.

მეტოქის შესახებ
,,საუზერნ კინგსი”  2009 წელს პორტ ელიზაბეტში დაარსდა და კლუბის ხელმძღვანელობამ პირველივე დღიდან მიზნად ზე-რაგბში ჩართვა დაისახა. გუნდმა თავისი სადებიუტო შეხვედრა სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე მყოფ „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ წინააღმდეგ გამართა და 8:20 დამარცხდა.
მომდევნო 4 წლის განმავლობაში სამხრეთ აფრიკელები ამხანაგური მატჩებით გამოცდილებას აგროვებდნენ, 2013 წლიდან კი სანუკვარი ოცნება ახდა და ‘საუზერნ კინგსი’ ზე-რაგბში ჩაერთო. „მეფეებმა“ პირველ სეზონში სამი თამაში მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს, მაგრამ დივიზიონში ბოლო ადგილზე გავიდნენ, მერე ფლეი ოფში ‘ლაიონსთან’ ორი მატჩის ჯამში 42:44 დამარცხდნენ და მომდევნო ორი სეზონი ზე-რაგბში აღარ უთამაშიათ.
სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს საკლუბო ტურნირში ‘საუზერნ კინგსი’ 2016 წელს დაბრუნდა და იქ ორი სეზონი გაატარა. 2017 წელს გუნდმა 6 თამაში მოიგო და 18 გუნდს შორის მე-11 ადგილი დაიკავა. მან ორ სამხრეთ აფრიკულ ფრანჩაიზს – ‘ჩითასსა’ და ‘ბულსს’ გაასწრო, თუმცა ზე-რაგბთან დამშვიდობება მაინც მოუწია და 2017 წლიდან ყოფილ კელტების ლიგას, პრო 12-ს ‘ჩითასთან’ ერთად შეუერთდა, რის შემდეგაც ტურნირი პრო 14-ად გადაკეთდა.
გუნდის საშინაო არენა „ნელსონ მანდელა ბეი“ 48 459 მაყურებელს იტევს. ‘საუზერნ კინგსმა’ პრო 14-ის განვლილ ორ სეზონში სულ სამი მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. სამხრეთ აფრიკული ფრანჩაიზი შედეგების გამოსწორებას მომავალ სეზონში გეგმავს, მისთვის მოსამზადებლად კი საქართველოს ეწვევა და ბორჯღალოსნებს შოტლანდიასთან გასამართ ორმატჩიანი სერიისთვის და რაც მთავარია, 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მომზადებაში დაეხმარება.

საქართველოს ნაკრებისა და სამხრეთ აფრიკული “საუზერნ კინგსის”  ორთაბრძოლა  27 აგვისტოს „მიხეილ მესხზე“, გაიმართება.

შეხვედრას სტარტს 19:15 საათზე აიღებს.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი