მთავარი მთავარი მიკა პაატელაინენი: ,,საქართველოს ნაკრები ყაზახეთზე სწრაფი და ძლიერია”

მიკა პაატელაინენი: ,,საქართველოს ნაკრები ყაზახეთზე სწრაფი და ძლიერია”

ავტორი კახა მიხანაშვილი
256 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ პრესკონფერენციაზე კომენტარი ლატვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიკა პაატელაინენმა გააკეთა.

ბალტიისპირელთა თავკაცი აცხადებს, რომ რთული თამაში ელოდებათ და დაცვაში მაქსიმალური ყურადღებით უნდა ითამაშონ. ამავდროულად სახიფათო მომენტებიც უნდა შექმნან.

ლატვიელთა მწვრთნელის აზრით, საქართველო ფავორიტია, თუმცა ისინი შეეცდებიან თავისი შანსები მაქსიმალურად გამოიყენონ.

მიკა პაატელაინენი: „ყველა თამაშში მოედანზე გამარჯვებისთვის გავდივართ და ასე იქნება ახლაც. საქართველომ ტურნირი ძალიან კარგად დაიწყო და სამივე შეხვედრა მოიგო.  მათ გააკეთეს ის, რასაც მათგან ბევრი ელოდა. რთული თამაში გველოდება. დაცვაში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. თუმცა, საგოლე მომენტებიც უნდა შევქმნათ.

დარჩენილ სამ თამაშში მაქსიმამუმის გაკეთებას შევეცდებით. რა თქმა უნდა, არსებობს შანსი, რომ ყველა მატჩი ვერ მოვიგოთ, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ყოველი თამაშის წინ ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ იმდენად დაიხარჯონ, რომ ლატვიაში იამაყონ. ჩემთვის მთავარია, თითოეული ფეხბურთელი მოედანზე ბოლომდე დაიხარჯოს.

საბალა და ისაევსი გუნდთან ერთად არიან და ითამაშებენ. გინტ ფრეიმანისი ტრავმირებულია და მისი თამაში ფაქტობრივად გამოირიცხა.

დევის იკაუნიკსი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ სამწუხაროდ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ამავდროულად გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში კარგად თამაშობენ. თუ ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში ამ  გადაწყვეტილების მიღება რთული იქნება. შევეცდები საუკეთესოები ავარჩიო.

საქართველოსთან პირველ მატჩში ჩვენი შეტევა ძალიან შეზღუდული იყო, მაგრამ რამდენიმე სახიფათო მომენტი მაინც შევქმენით. ახლაც, მეტოქე ფავორიტია, თუმცა ვეცდებით, რომ თავდასხმაში ჩვენი იდეები განვახორციელოთ. აუცილებელია, რომ შეტევასა და დაცვას შორის ბალანსი იყოს  დაცული და კონტრშეტევები არ მივიღოთ, რადგან საქართველო სწრაფი გუნდია და ამ კომპონენტში საფრთხის შექმნა შეუძლია.

ჯანო ანანიძეს ტრავმის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა, მაგრამ  სავარაუდოდ ის ძირითადში არ იქნება.

საქართველოს მის გარდა ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და ჩვენთვის პრობლემების შექმნა მათაც შეუძლიათ.

ჩვენს გუნდში კარგი ატმოსფეროა და ფეხბურთელები პოზიტიურად არიან განწყობილნი.

წინა მატჩებისგან განსხვავებით საჭიროა თამაში ყველა პოზიციაზე გავაუმჯობესოთ.

უნდა ვაღიარო საქართველო ყაზახეთზე სწრაფი და ძლიერი გუნდია“, – განაცხადა ლატვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიკა პაატელაინენმა.

ლატვიისა და საქართველოს მატჩი რიგაში, 16 ოქტომბერს, გაიმართება.

შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი