მთავარი მთავარი დამსჯელი

დღევანდელი მსოფლიო ძიუდოს გამორჩეული ფალავანია ბექა ღვინიაშვილი. მის შესახებ ბევრს წერენ და სპორტის ამ სახეობის ბევრი ქომაგის ფავორიტიცაა.

ქართული ძიუდოს ისტორიის წერა ბექამ 15 წლისამ დაიწყო. ჭაბუკობაში და ახალგაზრდობაში არ არსებობდა მეორე ასეთი ვინმე. ევროპული კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ოთხჯერ ავიდა, მსოფლიოსაზე კი სამჯერ. ძალები მალევე უფროსების ასაკშიც მოსინჯა და თავი არც იქ შეურცხვენია. აჯობა ლიპარტელიანს, აჯობა ილიადისს, აჯობა გონსალესს… ჭიდილს არავისთან ერიდებოდა და ერიდება.

სახელოვან ფალავნებს ძიუდოს სამშობლოდან ხომ საერთოდ აქეთ-იქით აბურთავებდა და აბურთავებს.

თითქოს ყველაფერი აქვსო ამ ბიჭს დამადლებული ღვთისგან რაც შეიძლება ძიუდოისტმა ინატროს. არაამქვეყნიური ძალის პატრონია და არც ტექნიკა დაეწუნება. და სტილი? ყველასთვის მოსაწონი და თვალსასეირო. ტატამზე ბექა ნამდვილი დამსჯელია მსგავსად მარველის ლეგენდარული პერსონაჟისა. ერთი სიამოვნებაა მისი დომინანტური, აგრესიული და მუდამ ილეთზე ორიენტირებული ჭიდაობის ცქერა. მისი ბრუნსა და მოგვერდს კი ყველა აღფრთოვანებაში მოჰყავს ხოლმე განურჩევლად სქესის და ასაკისა.

მაგრამ არ აქვს ალბათ უმთავრესი – სპორტული იღბალი.

ჯერ იყო მწვრთნელების გაუგებარი გადაწყვეტილებების გამო, 2015-ში, 90 კილოგრამიანი კაცი 100-ში აჭიდავეს, ერთი წლისთავზე კი კვლავ 90 კილოში დააბრუნეს. შემდეგ ამას ტრავმებიც დაემატა და მთელი ის დრო, როცა საკუთარი ტალანტის უნდა გამოეძერწა, ტრავმებთან და წონაში აქეთ იქით ხეტიალში გაატარა.

ალბათ ამიტომაცა რომ ამოდენა ნიჭის მქონე ფალავნის ყულაბას უფროს ასაკში მსოფლიოპირველობის მედალი ჯერაც არ ამშვენებს, ევროპირველობაზე კი მხოლოდ ბრინჯაო აქვს მოგებული.

მაგრამ დროა ნავსი გატყდეს. 25-31 აგვისტოს, იაპონურ ტოკიოში მსოფლიოს პირველობა იმართება და ბექა ღვინიაშვილიც იმ 889 ფალავნიდან ერთერთია ვინც წლის უმთავრესი შეჯიბრების საჩემპიონო კონკურენციაში ჩაებმება. მიზანი ერთადერთია – კიმანო წითელი არშიით უნდა დაიმშვენოს და ძიუდოს სამშობლოში ქართული ჰიმნი ააჟღეროს.

და დროა დამსჯელმა კუთვნილი მიიღოს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი