მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები მილტონ ჰეიგი: ,,საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თუნდაც დატოვო, შენს გულში რჩება”

მილტონ ჰეიგი: ,,საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თუნდაც დატოვო, შენს გულში რჩება”

ავტორი კახა მიხანაშვილი
561 ნახვა

,,საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თუნდაც დატოვო, შენს გულში რჩება” -აცხადებს, გაზეთ პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.

ჰეიგმა ინტერვიუში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

ეროვნული ნაკრების თავკაცი აცხადებს, რომ გუნდმა ძალიან ნაყოფიერი შეკრება გაიარა და მოთამაშეების ფიზიკური კონდიციებით კმაყოფილია.  მწვრთნელის განმარტებით “ბორჯღალოსნები” ამჯამად ტაქტიკურ მზადებაზე გადავიდნენ.

მილტონ ჰეიგი: ,,ძალიან ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და მოთამაშეების ამჟამინდელი ფიზიკური კონდიციებით კმაყოფილი ვარ. თვითონ მორაგბეებიც დაგიდასტურებენ, რომ ასეთი დატვირთვით არასდროს უვარჯიშიათ!  განსაკუთრებით თურქეთის შეკრებას გამოვარჩევ, სადაც ბიჭებს საკმაოდ მძიმე ვარჯიშები შევთავაზეთ.  თურქეთის ამ ბაზას რეკომენდაცია მსოფლიოს რაგბის წარმომადგენლებმა გაუწიეს და ძალიან კმაყოფილი ვართ. ინფრასტრუქტურა, კვება, მოსამზადებელი და საცხოვრებელი პირობები იდეალური იყო.  სიცხისგან და მაღალი ტენიანობისგან გამოწვეულ დისკომფორტს თუ არ ჩავთვლით, სხვა ყველაფრით ძალიან კმაყოფილები დავრჩით.

ამ ეტაპზე უკვე მზადების იმ ნაწილზე გადავედით, რომელშიც თამაშის ტაქტიკაზე ვიმუშავებთ.

რამდენიმე დღის წინ სამხედრო ბაზას ვესტუმრეთ. სამხედრო ბაზაზე სტუმრობამ მოგვცა შესაძლებლობა, განზე გავდგარიყავით და გვენახა, ვის როგორ შეუძლია დაგეგმვა, სტრატეგიის არჩევა, საქმისადმი მიდგომა, ლიდერის თვისებების გამოჩენა,  დისციპლინისადმი დამოკიდებულება და სხვა.

მერვე წელიწადია აქ ვმუშაობ, ბიჭები კარგად მიცნობენ და იციან, რომ სიმკაცრე იშვიათად მჭირდება. უმეტესწილად, ფონს მეგობრული დამოკიდებულებით გავდივარ.  მორაგბეებმა აცნობიერებენ იმას, რომ თავდაუზოგავი შრომა მათსავე ინტერესშია და ზედმეტი მითითებები არ სჭირდებათ.” -აცხადებს მილტონ ჰეიგი.

“ბორჯღალოსანთა” თავკაცმა 27 და 31 აგვისტოს გასამართ მატჩების შესახებაც ისაუბრა.   ჰეიგის აზრით, “საუზერნ კინგსი”  ჩვენთვის ზედგამოჭრილი სპარინგპარტნიორია. მათი სათამაშო სტილი მსოფლიოს თასზე ჩვენი მეტოქეების ავსტრალიისა და ფიჯის სტილს წააგავს.

შოტლანდიის ნაკრებთან თამაში კი  ჩვენი გუნდისთვს დიდი შანსია, რადგან ასეთი მატჩების გამართვის საშუალება იშვიათად გვეძლევა.

მილტონ ჰეიგს იმედი აქვს, რომ “დინამო არენა” ბოლომდე გაივსება და მსოფლიოს რაგბი მამებს დავანახებთ თუ როგორ უყვართ საქართველოში რაგბი.

მილტონ ჰეიგი: ,,”საუზერნ კინგსი”  ჩვენთვის ზედგამოჭრილი სპარინგპარტნიორია. ეს გუნდი წინათ სუპერრაგბიში ასპარეზობდა, ახლა პრო 14-ში გამოდის. სწრაფი გუნდია, ბურთით თამაში უყვართ, ჰყავთ კარგი შერკინება, სწრაფი ფორვარდები, მობილურიო უკანა ხაზი.. მათი სტილი წააგავს მსოფლიოს თასზე ჩვენი სამხრეთელი მეტოქეების ავსტრალიისა და ნაწილობრივ ფიჯის თამაშსაც.  მადლობელი ვარ “საუზერნ კინგსის”  იმისთვის, რომ პირველივე მოწვევაზე დაგვთანხმდნენ. იმედია, ამ სამხრეთ აფრიკულ გუნდთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ.

შოტლანდიასთან შეხვედრა ჩვენი გუნდისთვს დიდი შანსია, რადგან ასეთი მატჩების გამართვის საშუალება იშვიათად გვეძლევა.  შოტლანდია დიდი გუნდია, ბოლო მატჩი მათთან დიდი სხვაობით წავაგეთ, მაგრამ თუ იმაზე ვიფიქრეთ, რომ შანსი არ გვაქვს, ნამდვილად არაფერი გამოგვივა, თანაც ახლა უკეთესი გუნდი გვყავს, უკეთ ვიცით როგორ ვითამაშოთ.  შვებულების პერიოდია და რაგბის მოყვარულთა დიდი ნაწილი ქალაქგარეთ არის, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, “დინამო არენა” მაინც გაივსება! მინდა შოტლანდიელ გულშემატკივარს ვაჩვენოთ, როგორ აინტერესებთ და უყვართ რაგბი საქართველოში, რომ საქართველოს სწრაფვა ,,ექვსი ერისკენ” სრულიად ლეგიტიმურია! ასე, რომ სტადიონის გავსება მხოლოდ ჩვენი ბიჭების მხარდასაჭერად კი არ გვჭვირდება, საჭიროა “ექსვი ერის” მამებმაც ნახონ, როგორ ივსება სტადიონები საქართველოში.

ჩვენი ჯგუფის გუნდები შოტლანდიელებთან ჩვენს თამაშს გაარჩევენ და, რა  თქმა უნდა, ბრიტანელებთან ყველაფერს არ ვაჩვენებთ, მაგრამ ,,ექვსი ერის” გუნდებთან უნდა მოვსინჯოთ ისე თამაში, როგორსაც მსოფლიოს თასზე ვაპირებთ.

მეც და გუნდის ლიდერებიც ხშირად ვეუბნევით ბიჭებს, რომ ეს მაინც მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელი ეტაპია.  გასაგებია, რომ შოტლანდია ვეთამაშებით,  მაგრამ ბიჭებმა თამაშით უნდა ისიამოვნონ.  ყველა უნდა აცნობიერებდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მსოფლიოს თასია და ჩვენი გუნდი შოტლანდიასთან მომავალ შეხვედრას იოლად, ლაღად უნდა მიუდგეს.  “- საუბრობს “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში მილტონ ჰეიგი.

ბოლოს კი ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა მსოფლიოს თასის შესახებ და  საქართველოს ნაკრებში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.

ჰეიგი აცხადებს, რომ გვყავს ახალგაზრდა პერსპექტიული ბიჭები, რომლებიც “გორგოძეები” არ არიან, მაგრამ გუნდისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ.

შოტლანდიასთან თბილისში გასამართი  მატჩი მილტონ ჰეიგისთვის  “ბორჯღალოსანთა” მწვრთნელის რანგში საქართველოში ჩატარებული ბოლო შეხვედრა იქნება.  ამის შესახებ ჰეიგი ცდილობს ბევრი არ იფიქროს, რადგან საქართველოსთან განშორება მისთვის ძალიან მტკივნეულია.

მილტონ ჰეიგი: ,,წინა მსოფლიოს თასზე ორი შეხვედრა მოვიგეთ.  ასე, რომ წელსაც მინიმუმი ორი მატჩის მოგება – მაქსიმუმი კი  სამი გამარჯვება იქნება. ვიმეორებ, ეს ძალიან რთულად შესასრულებელი ამოცანაა, მაგრამ სწორება ნამდვილად, ამაზე გვაქვს.

მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი სიძლიერე, ფიზიკური მომზადება, შერკინების უპირატესობა.  კარგია, რომ ჩვენს გუნდში ახალგაზრდებისა და გამოცდილი მოთამაშეების ერთგვარი მიქსია.  კარგია, რომ ახალგაზრდული ნაკრებიდან ეროვნულ ნაკრებში გადმოსული ბიჭები, რომლებსაც კარგი შეტევითი პოტენციალი აქვთ, გუნდს ძალიან სწრაფად და ორგანულად შეეწყვნენ.  ჩვენი უპირატესობაა, რომ მეტოქეებმა ჩვენი ახალგაზრდა შემტევი მორაგბეების შესახებ არაფერი იციან.

კარგი იქნებოდა, გუნდში ისევ გვყოლოდა მამუკა გორგოძისნაირი ლიდერი, მისი ხასიათისა და ძალის პატრონი მაგრამ…  დიდი ხანია ვიცოდით, რომ მსოფლიოს თასზე თამაში მამუკას გარეშე მოგვიწევდა და ამ ფაქტს შეგუებული ვიყავით.  გვყავს ახალგაზრდა, პერსპექტიული ბიჭები, რომლებიც “გორგოძეები” არ არიან, მაგრამ გუნდისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ.

უკვე 8 წელიწადია, საქართველო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლია. ზელანდიელიც ვარ და ქართველიც.  საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თუნდაც დატოვიო შენს გულში რჩება.

ცდილობ, არ ვიფიქრო იმაზე, რომ შოტლანდიასთან გამართული თბილისური მატჩი,  ჩემთვის საქართველოში ჩატარებული ბოლო თამაში იქნება, რადგან ძალიან მძიმე და ემოციურია ჩემთვის.  მიხარია, რომ ამ დროს ჩემი ოჯახი არ იქნება თბილისში, თორემ ცრემლების შეკავება ძალიან გაგვიჭირდებოდა. ყველანაირად ვეცდებით, კარგი თამაში გამოვიდეს. ძალიან რთული იქნება, მაგრამ თუ წარმატებით ვითამაშებთ, ვიტყვი რომ ჩემი საქმე გაკეთებულია! რთულია იმაზე ფიქრი, რომ დამთავრდა რასაც 8 წელი აკეთებდი, მაგრამ ჩემთვის მთავარია, რომ ვიცი – ქართულ რაგბიში ბევრად უკეთეს ვითარებას ვტოვებ, ვიდრე ჩემს მოსვლამდე იყო! ოდესმე აუცილებლად დავბრუნდები ჩემს “მეორე სამშობლო” საქართველოში ჩემი გულის ნაწილი რჩება აქ.” -განაცხადა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში მილტონ ჰეიგმა.

წყარო: გაზეთი “კვირის პალიტრა” https://www.kvirispalitra.ge/sport.html

1 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

1 კომენტარი

თერალი 28/08/2019 - 16:19

დიდი მადლობა ამ კაცს
8 წელი იყო ჩვენთან
და დიიიიიიიიიიიიდი ნაბიჯი გადაგვადგმევინა
უპირველესად მ ე ნ ტ ა ლ უ რ ა დ
და შედეგებითაც

ბოლო მატჩმა დაამტკიცა
რა მწვრთნელია
რეგბს ბოლო 15 წუთი იგებსო

ეს გვვანახა

Reply

დატოვეთ კომენტარი