მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები მილტონ ჰეიგი: ,,ჩემს ოჯახს საქართველო სამშობლოდ, ხოლო საკუთარი თავი ქართველებად მიგვაჩნია”

მილტონ ჰეიგი: ,,ჩემს ოჯახს საქართველო სამშობლოდ, ხოლო საკუთარი თავი ქართველებად მიგვაჩნია”

ავტორი კახა მიხანაშვილი
92 ნახვა

საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე “ბორჯღალოსანთა”  მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის ახალმა კაპიტანმა მიხეილ ნარიაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

მილტონ ჰეიგი აცხადებს, რომ შოტლანდიასთან მარცხის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ასეთ გუნდებს ხშირად არ ვეთამაშებით.  “ბორჯღალოსანთა” თავკაცი გპირდება, რომ მატჩს გაანალიზებენ და ნაკრები შეცდომების გამოსწორებაზე იმუშავებს.

მილტონ ჰეიგი:  „გვესმის გულშემატკივრების იმედგაცრუება და ჩვენც, როგორც გუნდი, ასე ვგრძნობთ თავს. პირველი 30 წუთი ძალიან ცუდი იყო და უპირველესად ეს გვაქვს გამოსასწორებელი. ამ თამაშს გავაანალიზებთ, დავივიწყებთ და შემდეგ შეხვედრაზე მოვახდენთ კონცენტრირებას. გასახდელში იმაზე ვსაუბრობდით, რომ გამოსასწორებელი გვაქვს საწყის წუთებში დაშვებული შეცდომები და დისციპლინა, რადგან  ძალიან ბევრჯერ დავჯარიმდით თამაშგარისთვის. ასევე გასათვალისწინებელია ის სისწრაფეები, რითაც შოტლანდია გვიტევდა.

მეტოქემ თავიდანვე წნეხში მოგვაქცია და შეცდომები დაგვაშვებინა. 20 წუთში თამაშგარისთვის ბევრჯერ დავჯარიმდით, რის გამოც ქულები მივიღეთ. ვეთამაშებოდით ტიერ1-ის ძალიან კარგ გუნდ შოტლანდიას და ასეთ კარგ მეტოქესთან ეს შეცდომები უფრო მეტად ფასობს, ვიდრე სხვა გუნდთან. ამ თამაშით ძალიან ბევრს ვისწავლით. მოდით დავუფიქრდეთ ერთ რამეს – ჩავატარეთ ისტორიული შეხვედრა ტიერ1-ის გუნდთან და ერთ კვირაში ისევ ვეთამაშებით ტიერ1-ს. ასეთი რამ ქართული რაგბის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა“.

ამ შედეგის პირველი მიზეზი არის ის, რომ ასეთ გუნდებს ხშირად არ ვეთამაშებით. საწყისი 20 წუთი იმის ბრალია, რომ ტიერ1 ეთამაშებოდა ტიერ2-ს. მათ ხშირად აქვთ ასეთი დონის თამაშები, ჩვენ იშვიათად. ამის გამოსწორება შესაძლებელია ტიერ1-ის გუნდებთან ხშირი თამაშით.” – საუბროს პრესკონფერენციაზე მილტონ ჰეიგი.

შოტლანდიასთან მატჩი მილტონ ჰეიგისთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელის რანგში ბოლო საშინაო შეხვედრა იყო.  ახალი ზელანდიელი მთავარი მწვრთნელი  გუნდს მსოფლიო თასის შემდეგ დატოვებს.

საქართველოში გატარებულ წლებისა და ემოციების შესახებ  ჰეიგს კითხვა   ,,სპორტერის” ჟურნალისტმა დაუსვა.

ახალ ზელანდელი სპეციალისტი აცხადეს, რომ მას და მის ოჯახს თავი ქართველებად მიაჩნიათ.  ქართველ გულშემატკივარს კი მსოფლიოში საუკეთესო ქომაგებად მიიჩნევს და აღნიშნავს, იმას რომ ქართველებს  განსაკუთრებული მხარდაჭერა და ემოციების გამოხატვა შეუძლიათ.

მილტონ ჰეიგი:  „ეს წლები ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის წარმოუდგენელი და დაუვიწყარი იყო. ხშირად მითქვამს და განვმეორდები – ჩვენ საქართველო სამშობლოდ, ხოლო საკუთარი თავი ქართველებად მიგვაჩნია. 8 წელი ერთ ადგილას საცხოვრებლად  პატარა დრო არ არის. მართალია ეს ის ანგარიში არ არის რომლის დაფიქსირებაც მსურდა საქართველოში ჩატარებულ ბოლო თამაშში, მაგრამ მინდა ვთქვა ერთი რამ:  მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ქომაგს, რომელიც მსოფლიოში მართლაც საუკეთესოა! მათ იციან მხარდაჭერა და ემოციას განსაკუთრებულად გამოხატავენ. მათგან ყოველთვის ვგრძნობდი განსაკუთრებულ სითბოს და სიყვარულს“. – აცხადებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მიხეილ ნარიაშვილი აღნიშნავს, რომ გულშემატკივრებთან ერთად, როგორც შედეგის, ასევე თამაშის ხარისხის თვალსაზრისით მეტის მოლოდინი ჰქონდა.  მისი აზრით, ახლა იმის დრო არ გვაქვს, რომ ამ თამაშზე დიდხანს ვიფიქროთ.   ნაკრების მიზნები  პირველ რიგში 6 სექტემბერს, შოტლანდიაში გასამართ შეხვედრას და მერე მსოფლიო თასზე მაქსიმალური შედეგის ჩვენებას უკავშირდება.

მიხეილ ნარიაშვილი: „გულშემატკივრებთან ერთად, ჩვენც მეტის მოლოდინი გვქონდა, როგორც შედეგის, ასევე თამაშის ხარისხის თვალსაზრისით. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკმაოდ ხანგრძლივი, ფიზიკური მომზადების კურსი ახალი დასრულებული გვაქვს და ამის ფონზე ძალიან რთულია მოედანზე მაღალი ხარისხის თამაშის ჩვენება. არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ მეტოქეს ჩვენამდე საფრანგეთთან ორი თამაში ჰქონდა – პირველი საშინელი ანგარიშით დათმო და ერთი კვირის შემდეგ, მკვეთრად განსხვავებული თამაში აჩვენა. დღეს ის ბევრად უკეთესი გუნდი იყო, ვიდრე ერთი კვირის წინ საფრანგეთთან“.

ახლა იმის დრო არ გვაქვს, რომ ამ თამაშზე დიდხანს ვიფიქროთ. ჩვენი მიზნები უკავშირდება პირველ რიგში 6 სექტემბერს შოტლანდიაში გასამართ შეხვედრას და მერე მსოფლიო თასზე მაქსიმალური შედეგის ჩვენებას.

კარგია თუ გგონიათ და ჩვენზე ისეთი დიდი წარმოდგენა გაქვთ, რომ საქართველოს ნაკრები ასეთი დონის მეტოქეს ყველა შერკინებაში, მოლში და ორთაბრძოლაში უნდა ჯაბნიდეს, 10-იდან 10-ივე შერკინებაში გამარჯვებული გამოვიდეს. ჩვენც იგივეს მოველით ჩვენი თავისგან, მაგრამ სწორედ უნდა გავაანალიზოთ მეტოქის ძალა. არ შეიძლება ყოველთვის ასე მოხდეს, რადგან ყველა შეხვედრაში სხვადასხვა მსაჯი გვყავს და ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევენ განსაკუთრებით შერკინებაში. მიმაჩნია, რომ დღეს, პირველი ასეთი სერიოზული ტესტ-მატჩისთვის ნორმალური თამაში გვქონდა. მეორე ტაიმში საკმაოდ კარგად მოვახერხეთ ბურთის წინ წაღება, გვქონდა ეპიზოდები, სადაც უფრო ყურადღებით რომ გვეთამაშა, ლელოს გატანა შეიძლებოდა. თამაშის შემდეგ ყველაფერზე საუბარი ძალიან რთულია, თუმცა სწორად შეფასების შემთხვევაში, დადებითი მომენტების დანახვაც შეიძლება. იმედი მაქვს, რომ შეცდომების გამოსწორებას მოვახერხებთ და ერთ კვირაში იგივე მეტოქესთან უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ“. – აცხადებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი.

საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან 10:44 წააგო.  ახლა ეს გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ 6 სექტემბერს,  ბრიტანეთში დაუპირისპირდებიან.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი