მთავარი მთავარი ირანში სპორტმა ვერ აჯობა პოლიტიკას… საიდ მოლაის ბრძოლა სიცოცხლისთვის

ირანში სპორტმა ვერ აჯობა პოლიტიკას… საიდ მოლაის ბრძოლა სიცოცხლისთვის

1107 ნახვა

2019 წლის 9 მაისს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაში ირანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან წერილი შევიდა: “გვინდა დავადასტუროთ, რომ ირანის ოლიმპიური კომიტეტი პატივს სცემს ოლიმპიურ ქარტიას და მის დისკრიმინაციის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს. ირანის ძიუდოს ფედერაცია ამ პრინციპებს სამომავლოდ ბოლომდე დაიცავს.”

წლების განმავლობაში ირანის ხელისუფლება ადგილობრივ სპორტსმენებს უკრძალავდა ებრაელების წინააღმდეგ ასპარეზობას და ამ წერილმა ერთგვარი იმედი გააჩინა სპორტის პოლიტიკაზე გამარჯვების.

ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ ისტორიაში პირველად, ირანელი და ებრაელი სპორტსმენები ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ და კვარცხლბეკზეც ერთად ავიდოდნენ.

მაგრამ ეს მხოლოდ იმედი გამოდგა, ტყუილი იმედი.

ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატამი ვაჟთა 81 კილოგრამის ძიუდოისტებს დაეთმოთ და ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ირანელი საიდ მოლაი ფლობდა. ირანელისთვის დღე ჩინებულად დაიწყო და პირველ ორ შეხვედრაში ზედმეტი პრობლემების გარეშე იმარჯვა. წინ რუსების ოლიმპიური ჩემპიონის, ხასან ხალმურზაევის ბარიერი იყო.

და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო.

იქაური დროით 15:30 საათზე საიდ მოლაის მწვრთნელის ტელეფონზე ზარი გაისმა. ხაზზე ირანის სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე დავარ ზანი გახლდათ, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა ნებისმიერ მეთოდით აეცილებინათ ირანულ-ებრაული შეხვედრა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაის და მისი ოჯახის მიმართ პრობლემების შექმნით დაიმუქრა.

როგორც კულისებში მყოფი ხალხი ყვება ირანელი ფალავანი ყველასგან განმარტოებით დაჯდა და ატირდა.

საქმეში ტაჯიკეთის ნაკრების მწვრთნელი ვაჰიდ სარლა ჩაერთო, რომელმაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის შეჯიბრებების მენეჯერს ლიზა ალანს ამცნო მოლაის გასაჭირის შესახებ. თავის მხრივ ლიზამ კი ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი ჩააყენა საქმის კურსში და მანაც დაუყონებლივ გადაწყვიტა მოლაისთან შეხვედრა.

“საკითხი შემდეგნაირად დადგა” – იხსენებს ვიზერი. “მე მას პირველ რიგში სრული მხარდაჭერა აღვუთქვი, თუმცა ასევე ვუთხარი რომ ახლა ის ისტორიული არჩევანის წინაშე იდგა – ან უნდა დამორჩილებოდა ბრძანებას, ან ებრძოლა თავისუფლებისთვის”

საიდ მოლაიმ ტატამის მიაშურა, დაამარცხა ხალმურზაევი, შემდეგ ვალვა-ფორტიეც და ნახევარფინალში გააღწია.

მოლაი კარგად აცნობიერებდა თუ რა შედეგები მოყვებოდა მის ამ გადაწყვეტილებას. იცოდა შინ ვეღარ დაბრუნდებოდა. ირანის ხელისუფლება კი უფრო და უფრო ზრდიდა ზეწოლას. ფინალური ბლოკი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ირანიდან მორიგი ზარი განხორციელდა. ამჯერად ხაზზე ეროვნული ოლიმპური კომიტეტის ხელმძღვანელი რეზა სალეჰ ამირი გახლდათ. ტელეფონზე ე.წ სპიკერი ჩართეს. მოთხოვნა უცვლელი იყო, ოღონდ ამირმა დასძინა რომ მოლაის მშობლების სახლში ნაციონალური უსაფრთხოება იმყოფებოდა.

მალევე მოლაიმ მეგობრისგანაც მიიღო მსგავსი ტიპის შეტყობინება. მონაწერი შემდეგი შინაარსისა იყო: “შენს სახლში უცნობი ადმიანები იმყოფებიან და მამაშენს სთხოვენ შენს დაყოლიებაში დახმარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების შექმნით ემუქრებიან”.

საიდ მოლაიმ დათმო ნახევარფინალური შეხვედრა ბელგიელ მატიას კასესთან.

“ჩემპიონობა მსურდა და შემეძლო კიდეც. მთელი ეს დრო ძალ-ღონეს არ ვიშურებდი და თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი. მაგრამ ისე მოხდა რომ  ჩემს ოცნებაზე უარის თქმა მომიწია. ირანის კანონებმა არ მომცა უფლება ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე მეჩვენებინა ტატამიზე. მე შემეშინდა, შემეშინდა ჩემი ოჯახის გამო” – განუცხადა ჟურნალისტებს ირანელმა სპორტსმენმა. “მინდა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს,  ბატონ მარიუს ვიზერს მადლობა გადავუხადო, რადგან დახმარებას დამპირდა. ჩემი ოცნება ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღებაა. შეიძლება ირანის ხელისუფლებამ მითხრას დაბრუნდი, არანაირი პრობლემა არ შეგექმნებაო, მაგრამ მეშინია. მეშინია რომ მე და ჩემს ოჯახს პრობლემებს შეგვიქმნიან.”

ამჟამად მოლაი გერმანიაში იმყოფება და თავშესაფრის მიღების მოლოდინშია. ირანში მას აღარ ჩაესვლება, თუმცა იქ ოჯახი ჰყავს დატოვებული და ჯერაც უცნობია თუ რა ბედი ეწევათ მათ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი