მთავარი მთავარი ძიუდოს ვირტუოზი

ძიუდოს ვირტუოზი

24 ნახვა

ერთია იგებდე ტიტულებს და მეორე ამას ლამაზად აკეთებდე. ამიტომ ვაფასებთ ძიუდოს ქომაგები ასეთ ფალავნებს გამორჩეულად, სრულყოფილებას მიახლოვებულებს, და ამიტომ გვირჩევნია მათი ერთი გდება სხვების მთელ კარიერას.

სწორედ ასეთი კაცია ტოშიჰიკო კოგა. ოლიმპიური და სამი მსოფლიოს ოქრო მომგები.

მას ძიუდოს ვირტუოზის სახელითაც მოიხსენიებენ და ბევრისთვის ის ისტორიაში პირველი კაცია. ძნელია შეედაო. ნახო მისი შესრულებული სეოი-ნაგეები, ჩვენებურლად კისრული, და სოდე-ცური-კომი-გოშები, ჩვენებურად მაჯებიდან წამოკიდება, და არ მოხვიდე აღფრთოვანებაში წარმოუდგენელია. და თუ მაინც ასე მოხდა, ძიუდოსგან შორს ყოფილხარ მეგობარო.

კოგა იაპონიის ჩრდილოდასავლეთით მდებარე საგას პრეფექტურაში, კერძოდ კი ქალაქ კიტაიშიგეიასუში დაიბადა 1967 წლის 21 ნოემბერს. ძიუდოს პირველად 5 წლის ასაკში ეზიარა. ინიციატორი ძმა ტაშირო გახლდათ და სწორედ მას მიუძღვის ლომის წვლილი კოგას კოგად ქცევაში. მან ასწავლა ტოშიჰიკოს სეოი-ნაგე და ის ზრუნავდა უმცროსი ძმის მენტალურ, ფიზიკურ და ტექნიკურ განვითარებაზე.

პირველი დიდი ნაბიჯები დიდ ძიუდოში 1985 წელს გადადგა, როცა 19 წლისამ კუდოკანის ტურნირი მოიგო (ფინალში სხვათაშორის ძმას აჯობა) და იაპონური ძიუდოს თავკაცების ყურადღებაც მიიპყრო.

კოგა ნაკრებში გამოიძახეს და მასაც არ გაუცრუებია იმედები თანამემულეებისთვის.

მართალია პირველივე მსოფლიოზე ოქროს ვერ შესწვდა და ბრინჯაოთი დაკმაყოფილდა, თუმცა შემდეგ სამჯერ გახდა პლანეტის უძლიერესი ფალავანი – პირველად 89-ში და ფინალში იმხანად ამერიკელების მოქმედი ჩემპიონი მაიკლ სვეინი დაამარცხა, მეორედ 91-ში, როცა ამჟამად ესპანეთის ნაკრების თავკაცს ხუაკინ რუიზს სძლია, ხოლო მესამედ 95-ში.

ოლიმპიურ სარბიელზე დებიუტი ვერ გამოუვიდა წარმატებული. 88 წელს სეულში მას ჩვენმა გია თენაძემ მოუგო მერვედფინალი და უმედლოდ დატოვა, მაგრამ საწადელს 92-ში მიაღწია, როცა ტრავმის მიუხედავად არავის დაანება ოქროს მედალი. როგორც იქ მყოფნი იხსენებენ მას პირველივე შეხვედრაში ძალიან მძიმედ დაუზიანებია ფეხი და დანარჩენი ოთხის გამართვა არაერთ ნემსდარჭობილს მოსწევია. სამედიცონო პერსონალს თურმე საკითხიც კი დაუყენებია შეჯიბრებიდან უნდა მოვხსნათო, მაგრამ კოგასთვის ამის თქვა ვერ გაუბედავთ.

შემდეგ იყო 4 წლიანი უქმობა, მერე დაბრუნდება, ოღონდ 78 კილოში, და მოგებული მსოფლიოს ოქრო და ოლიმპიური ვერცხლი.

ყველაზე გამოსარჩევი მომენტი კოგას კარიერიაში 1990 წელია. 71 კილოიანმა კაცმა იაპონიის აბსოლუტურ პირველობაზე მოინდომა ძალების მოსინჯვა და ლამის თავისზე ორჯერ დიდებთან ჭიდილში ფინალამდეც კი გააღწია, მაგრამ იქ ნაოია ოგავასთან დამარცხდა.

აქტიურ ძიუდოს კოგა 2000 წელს გამოეთხოვა და სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი.

რაც შეეხება ოჯახურ ამბებს, ჰყავს ორი ვაჟი გენკი და ჰაიატო. ეს უკანასკნელი 73 კილოში ირჯება, თუმცა დიდი შედეგებით ჯერ ვერ დაიკვეხნის. სამაგიეროდ ყოჩაღობს 60 კილოში გენკი – ჭაბუკებში და ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონია, წლეულს კი უკვე დიდებშიც გამოიჩინა თავი და აზიის პირველობა მოიგო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი