მთავარი მთავარი “ძლიერები არ ძალადობენ“ – კამპანიის კეთილი ნების ელჩები ევროპული სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

“ძლიერები არ ძალადობენ“ – კამპანიის კეთილი ნების ელჩები ევროპული სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

523 ნახვა

სოციალური პროექტის – „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩები: ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი „ევროპულ სკოლას“ ეწვივნენ.

საინფორმაციო შეხვედრას მოზარდებთან სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძეც ესწრებოდა. შეხვედრის თემა, სპორტის, როგორც ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტის გამოყენება იყო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კამპანიის კეთილი ნების ელჩებმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და წარმატების მიღწევის არაძალადობრივ მეთოდებზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდისთვის მაგალითის და მიმართულების ჩვენება, თუ როგორ უნდა წარმართოს საკუთარი, მოჭარბებული ენერგია სწორად და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ძალადობის ნებისმიერ გამოვლენას, როგორც მსხვერპლის, ასევე, თავად მოძალადისთვის.

როგორც ცნობილმა ძიუდოისტმა, მსოფლიო ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა აღნიშნა, ბულინგის წინააღმდეგ საუკეთესო ინსტრუმენტი შეიძლება იყოს სწორედ სპორტი, რომელიც ადამიანის თავდაჯერებულობის, სიძლიერის და საზოგადოებაში თავის დამკვიდრების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

შეხვედრის დასასრულს, კამპანიის ორგანიზატორებმა სკოლის მოსწავლეებისთვის ბულინგის თემაზე ნახატებისა და ესეების კონკურსი გამოაცხადეს. კონკურსში მონაწილების მიღება საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ. კონკურსი ერთი თვე გასტანს. გამარჯვებულებს კამპანიის კეთილი ნების ელჩებით დაკომპლექტებული ავტორირიტეტული ჟიური შეარჩევს. დაჯილდოების ცერემონია მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს გაიმართება.

სოციალურ პროექტს – „ძლიერები არ ძალადობენ“ კომპანია PRMC და ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება მომავლისთვის“ ახორციელებს. კამპანიის პარტნიორია „ჯინო ჰოლდინგი“. გენერალური სპონსორები არიან: „ვისოლი“, „დანქინ დონატსი“ და „ვენდისი“. კამპანიის სპონსორია „მაკდონალდსი“. კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი