მთავარი მთავარი კრისტიანუ რონალდუს პოკერი და მიზნად დასახული ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობა

კრისტიანუ რონალდუს პოკერი და მიზნად დასახული ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობა

ავტორი კახა მიხანაშვილი
58 ნახვა

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრისტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების რიგებში მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა.

ლიეტუვას ქალაქ ვილნიუსში გამართულ შეხვედრაში რონალდუმ პოკერი შეასრულა.
პორტუგალიელმა ლიეტუვას ნაკრების კარში პირველი გოლი მე-7 წუთზე პენალტით გაიტანა.
1-1 ანგარიშის შემდეგ კი 62-ე, 65-ე და 76-ე წუთებზე ერთმანეთის მიყოლევით ბალსტიისპირელების კარი კიდევ 3-ჯერ აიღო.

4 გატანილი გოლის შემდეგ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში კრისტიანუ რონალდუს 93 გოლი დაუგროვდა. “იუვენტუსის” შემტევს 100-გოლიან ზღვარამდე მხოლოდ 7 გოლის გატანა ესაჭიროვება. ამ შესანიშნავ ნიშნულს კრისტიანუმ 160 ჩატარებული მატჩის შემდეგ მიაღწია.

რონალდუ პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მას მსოფლიოში ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით მხოლოდ ირანის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ალი დაიე უსწრებს. აზიელ ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში 109 გოლი აქვს გატანილი.
ცნობისთვის, არგენტინელ სუპერვარსკვლავ ლიონელ მესის ეროვნული გუნდის მაისურით მეტოქის კარი სულ 68-ჯერ აქვს აღებული.

34 წლის რონალდუ სანაკრებო კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს. ასე, რომ პორტუგალიელს ალი დაიეს რეკორდის გაუმჯობესება თავისუფლად შეუძლია.
წელს პორტუგალია ევროპის შესარჩევ ტურნირში 4 შეხვედრას ჩაატარებს. მომავალ წელს კი ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში კონტინენტის პირველობაზე ითამაშებს.

კრისტიანუ რონალდუს სანაკრებო ნათლობა 2003 წლის 10 აგვისტოს შედგა. მას შემდეგ პორტუგალიელთა ღირსებას 16 წლის განმავლობაში იცავს.

ლიეტუვასთან გამართული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რონალდუმ შემდეგი კომენტარი გააკეთა.

კრისტიანუ რონალდუ: ,,პირველ რიგში მიხარია ის, რომ პორტუგალიის ნაკრებმა შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა. ძალიან ბედნიერი ვარ რადგანაც ამ ლამაზ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე.  პოკერი შესრულება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მითუმემეს მაშინ როცა შენი ქვეყნის ნაკრების ღირსებას იცავ. პორტუგალიის ნაკრებში 93 გოლი დამიგროვდა, რაც ძალიან კარგი შედეგია. ვეცდები ჩემს სამშობლოს სხვა შეხვედრებშიც გამოვადგე.

იმისათვის, რომ ნაკრებში  გატანილი გოლებით პირველი ფეხბურთელი გავხდე, კიდევ 16 გოლის გატანა მჭირდება.

სანაკრებო დონეზე ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობა ჩემთვის უდიდესი მიღწევა იქნება, თუმცა ამ ეტაპზე ამაზე მეტად პორტუგალიის ნაკრების მომავალ მატჩებს ველოდები. იმ შეხვედრებში კი პორტუგალიელი გულშემატკივრების გახარებას მთელი გუნდი ერთად შევეცდებით” – აცხადებს კრისტიანუ რონალდუ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი