მთავარი მთავარი ვანტააში ევროპული მედლებისთვის ბრძოლა იწყება

ვანტააში ევროპული მედლებისთვის ბრძოლა იწყება

87 ნახვა

იყარა წილი ფინურ ვანტააში და ხვალიდან 15 სექტემბერის ჩათვლით 44 ქვეყნის 358 ახალგაზრდა ძიუდოისტი ევროპის უძლიერესის ტიტულისთვის ჯერ ინდივიდუალურად გაეჯიბრება ერთმანეთს, მერე კი გუნდურად.

შარშან ამ ტურნირზე ქართველმა ფალავნებმა 9 მედალს უწიეს და ეს ისტორიული შედეგი იყო, თუმცა წლეულს უკეთესის იმედი გვაქვს და ეს მოლოდინი მხოლოდ ჩვენს მაქსიმალიზმს არ ეყრდნობა. ამის თქმის საფუძველს ჩვენი გუნდების ვარსკვლავური შემადგენლობა გვაძლევს.

საჩემპიონო კონკურენციაში ხვალ პირველები ლუკა კაპანაძე, გიორგი თუთაშვილი (ორთავე 66კგ), ნატალია ყიფშიძე (48კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ჩაებმებიან.

პირველ სეზონს ატარებს ახალგაზრდულ დონეზე ლუკა კაპანაძე და უკვე შეძლო ლიდერებში გარევა. თვენახევრის უკან მან ბერლინის ევროპისთასზე ვერცხლი მოიგო და ახლა ევროპული კვარცხლბეკის დალაშქვრას შეეცდება. ლუკას მეტოქე პირველ წრეში პორტუგალიელი ბრუნო ბაროსი იქნება, მერე კი რუს ისმაილ მისიროვსა და მოლდოველ ადილ ოსმანოვს შორის მოგებული. ამ სამეულიდან ყველაზე გამოსარჩევი რუსია, თუმცა ნაკლევად გვგონია ჩვენ ბიჭს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

წლევანდელი თბილისის გრან-პრის ვიცეჩემპიონი გიორგი თუთაშვილი პირველ ჯერზე სლოვენიელ ურ კლოპჩიჩს დაეჭიდება და მოგების შემთხვევაში ჩეხი ადამ სვობოდასა და ლატვიელი არტომას გალაკტიონოვის წყვილიდან გამოსულს დაელოდება. გიორგი გამორჩეული საჭიდაო ინტელექტის მქონე ძიუდოისტია და წესითა და რიგით არ უნდა გაუჭირდეს მეოთხედფინალში გასვლა.

ბიჭებისგან განსხვავებით გოგონები თავიდან დაისვენებენ და საქმეში მეორე წრიდან ჩაებმებიან.

ცუდი ძიუდოისტები ნამდვილად არ არიან უნგრელი ანდრეა კარმანი და ხორვატი დორა ბორტასი, მაგრამ ეთერ ლიპარტელიანი კლასითაც და ტიტულებითაც ორთავზე მაღლა დგას. ჩვენებური ტურნირის შარშანდელი ვერცხლის პრიზიორია და მედლის ხარისხის გასაუმჯობესებლად სვლას სწორედ ამ წყვილში მოგებულით დაიწყებს.

რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს ნატალია ყიფშიძეს. მას წილისყრამ ტურნირის მოქმედი ვიცეჩემპიონი, რუსი ალინა სერგეევა არგუნა. მას თუ მოუგებს მეოთხედფინალში გავა, იქ კი მეტოქედ გერმანელი მასჩა ბალჰაუსის, აზერბაიჯანელი შაფაგ ჰამოდოვას და ბულგარელი გაბრიელა დიმიტროვას სამეულიდან უმჯობესი იქნება.

წინასწარი ასპარეზობები დილის 12:00 საათინდა აიღებს სტარტს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი