მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით საბჭოთა კავშირში – 30 წელი “ბორჯღალოსანთა” პირველი მატჩიდან

საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით საბჭოთა კავშირში – 30 წელი “ბორჯღალოსანთა” პირველი მატჩიდან

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

12 სექტემბერი  დამოუკიდებელი  ქართული რაგბის დაბადების დღეა.  30 წლის წინ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ოფიციალურად საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იმყოფებოდა, საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

“ბორჯღალოსნები”   ქალაქ ქუთაისში ზიმბაბვეს ნაკრებს დაუპირისპირდნენ.   სტადიონზე შეკრებილმა 12 000-მა ქომაგმა დიდი რაგბი იხილა.

ქართველებმა მეტოქეს ორი ლელო დაუდეს და 4 ჯარიმაც გაუტანეს.  აფრიკელებს კი მხოლოდ ერთი ჯარიმა გაატანინეს.  მაშინ ერთი ლელო 4 ქულად ფასობდა. ჯარიმა კი ორად.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ზიმბაბვე 16:3 დაამარცხა და ისტორიაში პირველი გამარჯვება იზეიმა.

მორაგბეთა ეს ნაკრები ყველა სპორტის სახეობაში  პირველი გუნდი იყო, რომელმაც შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით ჩაატარა.

30 წლის წინ ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში ქართული რაგბის აკვანი დაირწა და მას შემდეგ მოყოლებული საქართველოში ეს სპორტის სახეობა დღითიდღე ვითარდება.

თავად განსაჯეთ.

წელს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს თასზე მონაწილეობას მეხუთედ მიიღებს. ესეთი მიღწევა საქართველოს არცერთ სხვა გუნდურ სახეობაში არ ჰქონია.  თან ისიც აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნებმა” იაპონიაში გასამართ მსოფლიოს თასზე ადგილი წინა მსოფლიოს პირველობაზე წარმატებული თამაშის გამო დაიბევეს.

საქართველოს ნაკრები ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილზე იმყოფება.

“ბორჯღალოსნებს”  რაგბი ევროპის ჩემპიონატი წარსულში ერთა თასი 8-ჯერ აქვთ მოპოვებული.

სულ ჩვენს ეროვნულ გუნდს დამოუკიდებლობის ისტორიაში 223 მატჩი აქვს გამართული.  აქედან 140 მათგანში წარმატებას ქართველებმა მიაღწიეს.  76 ორთაბრძოლაში “ბორჯღალოსნები” დამარცხდნენ.  7 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

“სპორტერის” რედაქცია მადლობას უხდის ამ ისტორიული მატჩის მონაწილეებს.  საბჭოთა კავშირის ხანაში საქართველოს ნაკრების კვართით მოედანზე გასვლა გარკვეული რისკის ტოლფასიც იყო.   თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია უკვე მომხდარიყო და  ქართველების გმირობის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებას უკვე ძირი ჰქონდა გამომპალი.

ესეც იმ ისტორიული მატჩის ოქმი:

ქუთაისი, “ცენტრალური სტადიონი”
მაყურებელი”: 12 000

საქართველო 16:3 ზიმბაბვე

საქ: 15 ვანო საცერაძე, 14 ალეკო ხვედელიძე, 13 ოლეგ ლიპარტელიანი (კაპ) (33′ კახა მაჩიტიძე) 12 მალხაზ ჭეიშვილი, 11 ბათლომე ხამაშურიძე; 10 ნუგზარ ძაგნიძე, 9 მამუკა ლოსაბერიძე;

1 ზაზა ბაკურაძე, 2 თენგიზ ტურძელაძე, 3 ბესარიონ ლილუაშვილი (71 გელა ფირცხალავა) 4 თამაზ ხუადე, 5 ალექსანდრე ისაკაძე (49′ თამაზ ოდიშარია) 6 თამაზ ფხაკაძე, 7 გია გიუნაშვილი, 8 დათო ღუდუშაური

მარქაფა
17 ოლეგ ჟორჟოლიანი, 18 ემზარ გეგუჩაძე, 19 ზვიად ლიპარტელიანი
სამწვრთნელო შტაბი: დავით კილასონია, დუგლას კავთელაშვილი, თემურ ბენდიაშვილი
ლელო: ჯგუფური, ძაგნიძე
4 ჯარიმა: ძაგნიძე

ზიმბაბვე:  ჯარიმა – ფერეირა

მსაჯი: გოჩა აბაშიძე

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი