მთავარი მთავარი ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს პირველობა: დღე III – მედლებისთვის 4 ჩვენებური იბრძოლებს

ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს პირველობა: დღე III – მედლებისთვის 4 ჩვენებური იბრძოლებს

1533 ნახვა

გუშინდელმა უმედლობამ გულშემატკივრებს ცოტა ხასიათი გაგვიფუჭა, მაგრამ ის გუშინ იყო. დღეს – ახალი დღე და ახალი იმედები.  ბაჰამურ ტატამზე ხომ კიმანოს ერთბაშად 4 ჩვენებური მოირგებს და უმაღლესი სინჯის მედლების მოპოვების რეალური შანსიც ექნებათ. ესენი არიან – ვაჟებიდან ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი (ორთავე 81კგ) და ლაშა ბექაური (90კგ), ხოლო გოგონებიდან მარიამ ჭანტურია (78კგ).

გრიგალაშვილი და მაისურაძე მეზობელ ჯგუფებში განლაგდნენ ანუ, საუკეთესო შემთხვევაში, მათი გზები ნახევარფინალში იკვეთება. თუმცა იქამდე ოთავეს იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელოდება.  ტატო ასპარეზობას ჰოლანდიელ კოენ ვან ვინდენთან შეხვედრით იწყებს.  იქვეა იაპონელი ჰირომასა კასაჰარა, თუმცა მას მეოთხედფინალამდე არ შეხვდება. ლუკა მექსიკელი ფროკერ ტინტოსის ძლევას შეეცდება, მომდევნო წრეში გასვლის შემთხვევაში კი სავარაუდო მეტოქედ აზერბაიჯანელთა წლევანდელი ევროპირველობის მესამე პრიზიორი მურად ფატიევი ეყოლება.

ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს მომგენი ბექაური სასტარტო შეხვედრაში ანადელ ბენჯამინ კენდრიცკის დაეჭიდება. შემდეგ ლატვიელ გერკენსა და სლოვაკ ტურაცკს შორის უძლიერესს.

რაც შეეხება ერთადერთ გოგონას, ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი მარიამ ჭანტურია თავდაპირველად ამერიკელ ჯულია სიმონიანთან მოსინჯავს ძალებს, ამათში მოგებულს კი ტურნირზე პირველო ნომრად განთესილი ბრაზილიელი, პან-ამერიკის მოქმედი გამარჯვებული ელენ სანტანა ელოდება.

წინასწარი შეხვედრები ჩვენი დროით 19:00 საათიდან აიღებს სტარტს, ფინალური ბლოკი – 24:00 საათიდან.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი