მთავარი ინტერვიუ “ახალგაზრდა გუნდი ვართ, მაგრამ გვაქვს ამბიცია დიდ შედეგებზე გავიდეთ” – წყალბურთის კლუბი “იმედი” საქართველოს პირველობისათვის ემზადება

“ახალგაზრდა გუნდი ვართ, მაგრამ გვაქვს ამბიცია დიდ შედეგებზე გავიდეთ” – წყალბურთის კლუბი “იმედი” საქართველოს პირველობისათვის ემზადება

205 ნახვა

სამიოდ დღეში საქართველოს პირველობა აიღებს სტარტს წყალბურთში ბავშვთა ასაკობრივ კატეგორიაში. საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს 15-მდე გუნდი გაეჯიბრება. მათ შორის ერთ-ერთი კი “იმედია”, რომელსაც  დავით ხავთასი მამუკა ნიაზაშვილთან ერთად უძღვება.

დავით ხავთასი, შრომისმოყვარე და საქმეზე უზომოდ შეყვარებული კაცია. მუშაობს ა.ა.ი.პ ქალაქ თბილისის გლდანი ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრში მწვრთნელად.

“ყოფილი წყალბურთელი ვარ, 1993 წლიდან კი მწვრთნელად ვმუშაობ. გახლავართ სერთიფიცირებული მწვრთნელი და სპორტის დამსახურებული მოღვაწე. თუ რამე ვიცი ჩემი პედაგოგებისა და ფიზკულტურის ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლების დამსახურებაა. წყაბურთის ანა-ბანა აწ გარდაცვლილმა ბორის მარგიევმა შემაყვარა, შემდეგ კი ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩავაბარე და იქ ჩემი ლექტორები დათო ყარანგოზაშვილი და ვაჟა ჩერტკოევი იყვნენ. მათ ბევრი რამ მასწავლეს და მეც ვცდილობ ისე მივუდგე ახალგაზრდა თაობას, რომ ყველას ძალიან უყვარდეს სპორტის ეს ულამაზესი სახეობა.”

ამჟამად ბავშვთა გუნდს “იმედს” ავარჯიშებ. როდის შეიქმნა ეს გუნდი და რას გვეტყვი – აქვს პოტენციალი?

– ძალიან ახალგაზრდა გუნდია, ხუთი წლის წინ შეიქმნა, მაგრამ უკვე დაგვიგროვდა წარმატებები. გასულ წელს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, თაობების აღმზრდელის ბორის მეგედის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მეორე ადგილი დავიკავეთ და ამასთან დავიმსახურეთ გულშემატკივრის სიმპათიის პრიზი. ვმონაწილეობთ საქართველოს ჩემპიონატებზე და ყველა ოფიციალურ ტურნირში. შარშან შიდაპირველობაზე მეექვსე ადგილზე გავედით, წლეულს კი მიზანი გვაქვს შედეგი გავაუმჯობესოთ. გვაქვს ჯანსაღი ამბიცია დიდ შედეგებზე გავიდეთ.

– მზადების პროცესი როგორ მიმდინარეობს?

– ინტენსიურად ვემზადებით, სპორტული შემართებით. ზაფხულში სამწვრთნელო სპორტული შეკრება ბაკურიანში გავიარეთ. დიდი მხარდაჭერა გვაქვს გლდანი ნაძალადევის სპორტული ცენტრის დირექტორის გივი ჩხარტიშვილის მხრიდან. ამას ემატება ხელშეწყობა ფედერაციისა და სახელმწიფოს მხრიდან.

ხელშეწყობა ახსენე და არის საკმარისი ინფრასტრუქტურა და ყველა პირობაა შექმნილი წარმატების მისაღწევად?

– ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზეა და ამაში საწყლოსნო ფედერაციის წვლილი დიდია. მომრავლდა აუზები და მომრავლდა გუნდებიც. აგერ 15- წლამდელებმა ევროსარბიელზე მეექვსე ადგილი დაიკავეს და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს, ხოლო ზაფხულში 17-წლამდელებმა იმავე ტურნირზე მე-10 ადგილს უწიეს. ეროვნულმა ნაკრებმა კი ფაქტოვრივად გაინაღდა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ თამაში.

დაინტერესება როგორია ამ სპორტით? მოდის თაობა ვისი იმედიც შეგვიძლია გვქონდეს?

– თაობა საკმაოდ ნიჭიერი მოდის. თუმცა თავდაპირველად იმას ვიტყვი, რომ წყალბურთელი რომ გახდე, ცურვა უნდა იცოდე ძალიან კარგად. ამ მხრივ კი საქმე ურიგოდ როდია. როგორც ზემოთ მოგახსენეთ მომრავლდა აუზები და ცურვით სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი ინტერესდება. და როცა ცურვაში გაიწაფებიან უფლებას ვაძლევთ წყალბურთს მიაშურონ თუკი გული მიუწევთ.

მოკლედ რომ ვთქვა – ჯერ ცურვა და შემდეგ გზა დიდი წყალბურთისკენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი