მთავარი მთავარი 37 წამში მოპოვებული პლანეტის უძლიერესის ტიტული

37 წამში მოპოვებული პლანეტის უძლიერესის ტიტული

1205 ნახვა

მართლაც რომ შეუძლებელი შეძლო 18 წლის ლაშა ბექაურმა – არად ჩააგდო ასაკობრივი კატეგორიისა და წონის 2 საფეხურით ცვლილება და პლანეტის უძლიერესის ტიტულს ამჯერად უკვე ახალგაზრდებში დაეპატრონა.

თან როგორ… ერთბაშად ძიუდოს სამშობლოს 2 წარმომადგენელი გააკრა ტატამს, პირველი მეოთხედფინალში, მეორე კი ფინალში. თანაც ამ უკანასკნელის დაგდებას სულ რაღაც 37 წამი აკმარა.

ქვეჯგუფში ლაშამ ჯერ კანადელი ბენჯამინ კანდრიცკი დაამარცხა ვაზარით, შემდეგ ლატვიელი ემილს გერკენსი დააიპონა წამებში. მეოთხედფინალში იაპონელ კოსუკე მაშიამასთან დიდი ომის გადატანა მოუხდა – ორთავეს 2-2 გაფრთხილება ჰქონდა, როცა მეტოქეს დამატებითი დროის მეორე წუთზე მესამეც მიაღებინა და მოახსნევინა. ნახევარფინალში წმინდა გამარჯვება იზეიმა სერბ დარკო ბრასნიოვიჩთან, ვაზარ-იპონით. ფინალში კი როგორც ზემოთ მოგახსენეთ 37 წამში აგემა მარცხი კოსუკე მაშიამას თანამემამულე სანშირო მურაოს.

გუშინდელი დღე მარტო ლაშას ოქროთი როდი შემოვფარგლულვართ. 81 კგ-ში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ ბრინჯაო ირგუნა.

თბილისელმა ფალავანმა პირველ შეხვედრაშუ მექსიკელი ფრიკერ ტინტოსი იოლად დააიპონა, წუთზე ოდნავ მეტი დასჭირდა, თუმცა შემდეგ დიდი ომის გადატანა მოუხდა ცალკე აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან და ცალკე მსაჯთან – ჯამში თითქმის 9 წუთი დაჰყვეს სპორტსმენებმა ტატამზე. საბოლოოდ ჩვენებურმა ვაზარით იმარჯვა. მეოთხედფინალში ლუკამ კიდევ ერთი დამატებითი დრო იჭიდავა უნგრელ რობერტ რაჯკაისთან, მაგრამ მისი ძლევა ვეღარ შეძლო და რეპეშაჟშ გადაერთო. იქ მეტოქედ თანამემამულე ტატო გრიგალაშვილი დახვდა. გრიგალაშვილმა მანამდე ჰოლანდიელი კოენ ვან ვინდენი ვაზარით დაჯაბნა, ხოლო თურქ კოჯთან ვაზარით ჩამორჩენა იპონით აღმოფხვრა. კარგად მიჰყავდა შეხვედრა იაპონელ ჰირომასა კასაჰარასთანაც, მაგრამ დამატებითში მეტოქემ კონტრშეტევაზე დაიჭირა და მეორე ვაზარი აართქვა.

დამამშვიდებელში ქართველების ჭიდილი, გასული ევროპირველობის ფინალის მსგავსად, მაისურაძის გამარჯვებით დასრულდა და ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. იქ კი უზბეკი მადჟიდოვი შეხვედრის დასრულებამდე წუთითა და 39 წამით ადრე ჩაატრიალა და წმინდა გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი