მთავარი მთავარი 4 შეხვედრა, 4 იპონი და გელა ზაალიშვილის ოქროს დუბლი!

4 შეხვედრა, 4 იპონი და გელა ზაალიშვილის ოქროს დუბლი!

3123 ნახვა

ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო პირველობაზე ინდივიდუალური ასპარეზობები თბილისელი მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილის პატივსაცემად აჟღერებული ქართული ჰიმნით დაიხურა.

ერთი ამოსუნთქვით განვლო მთელი შეჯიბრება 19 წლის ფალავანმა – 4 შეხვედრიდან 4-ვეში წმინდათ იმარჯვა. პირველად იაპონელთა ჯილა ტაცურო საიტო 14 წამში დააგდო იპონზე, შემდეგ იგივე ბედი აწია ჩილელ ფრანსისკო სოლის, ოღონდ ამისათვის ცოტა მეტი – 49 წამი დასჭირდა, ნახევარფინალში კი რუსი ჯამალ გამზათხანოვი დიდებულ კისრულზე წამოიკიდა და მესამე წმინდა გამარჯვება მიითვალა.

ფინალში ჩვენებურის მეტოქე უფროსებში უკვე კარგად გამოწრთობილი, არერთი გრან-პრისა თუ ღია პირველობის ჩემპიონ-პრიზიორი, ავსტრიელთა იმედი სტეფან ჰეგი გახლდათ

ჩვენებურს მისი  ჯავრი ჯერ კიდევ 2015 წლის თბილისის ოლიმპიური ფესტივალიდნ მოყვებოდა, როდესაც ნახევარფინალში სძლია და საბოლოოდ ოქროც მოიპოვა, შემდეგ კი შარშანდელ ევროპის ახალგარზდულ პირველობაზეც აჯობა. თუმცა ის მაშინ იყო, ახლა კი სულ სხვა გელა იდგა ტატამზე და შედეგიც შესაბამისი დადგა. სულ რაღაც წუთნახევარში ჯერ ვაზარიზე დააგდო მეტოქე, შემდეგ იქვე შემობოჭა და ოქროს დუბლი გაოფორმა – ევროპულ ოქროს მსოფლიოს ოქროც გაუწყვილა.

კარგად დაიწყო გამოსვლა ონისე სანებლიძემაც. 100 კგ-ში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ქვეჯგუფში ზედმეტი პრობლემების გარეშე გაიარა გერმანელი ივოვიტასეკისა და დანიელი მადსენსი ბარიერი. ორთავეს იპონით მოუმთავრა საქმე.

თითქმის გელის გაწვდენაზე იყო მესამე ოქროც, მაგრამ ნახევარფინალში ჰოლანდიელ სიმეონკატარინასთან ერთობ დასანანი მარცხი იწყვნია – დამატებით დროში თავისივე დაწყებულ ილეთზე ჩატრიალებაზე მოყვა. არადა მთელი შეხვედრა მისი კარნახით მიდიოდა. დამამშვიდებელში გადართულმა კი ბრინჯაოსთვის ბოძებული შანსი აღარ გაუშვა ხელიდან და კანადელი შადი ელნაჰასი ვაზარით დაჯაბნა.

ასე და ამგვარად. ლაშა გუჯეჯიანის ნათავკაცებმა გუნდმა პლანეტის პირველობა 5 მედლით ჩაამთავრა – 2 ოქრო და 3 ბრინჯაო და ვაჟთა შორის საერთო გუნდურ ჩათვალში მხოლოდ ამომავალი მზის ქვეყანას ჩამორჩა, ისიც ვერცხლის ხარჯზე.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი