მთავარი სხვა_MMA ავთანდილ ხურციძე: ,,სიმართლის გამო მზად ვარ, ელექტრო სკამზეც კი დავჯდე”

ავთანდილ ხურციძე: ,,სიმართლის გამო მზად ვარ, ელექტრო სკამზეც კი დავჯდე”

ავტორი კახა მიხანაშვილი
203 ნახვა

ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ავთანდილ ხურციძე, რომელიც ამჟამად ბრუკლინის ციხის პატიმარია  გაზეთ ,,კვირის პალიტრას”  დაუკავშირდა და თავის მდგომარეობაზე ესაუბრა.

ავთანდილ ხურციძე აცხადებს, რომ ტუბერკულოზისა და სიფილისის დაავადებები გადაიტანა.  ქართველი სპორტსმენი ყვება თუ როგორ დაავადდა ციხეში და ამბობს, რომ ისე დაუძლურდა პლასმასის სკამსაც კი ვერ სწევდა.

ავთანდილ ხურციძე: ,,დიდი მადლობა, რომ მაძლევთ შესაძლებლობას, მივესალმო მათ, ვისაც ჩემი სჯერა და გითხრათ,  რა ხდება რეალურად.  პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ჩამიტარდა რამდენიმე გამოკვლევა ტუბელკულოზზე, ბოლო ანალიზიმის შემდეგ კი მითხრეს, რომ მაქვს ტუბელკულოზი, ასევე იგივე ინფექცია, რაც ჰიტლერს -სიფილი.  თუმცა ჰიტლერი მთელს მსოფლიოს ებრძოლდა, მე -ამერიკელ პროკურორებს.

ჩემი დიაგნოზით არ შეიძლება  ვიყო 800-კაციან საცხოვრებელში, მაგრამ ისევ იქ ვარ და აქვე მმკურნალობენ. არადა, ბრუკლინის ციხეს სამკურნალო დაწესებულება არ აქვს, ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავთ.  მოტეხილ ფეხზე თაბაშირის დასადებადაც კი! აქ მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებს თუ მოგცემენ, ან კბილს თუ ამოგიღებენ.  ისე, კბილს მეც ვიღებ – ერთი დარტყმით 5 კბილიც ამომიღია: არავითარი ჯადოქრობა,  მხოლოდ ხელის სისწრაფე (იცინის). მკურნალობა ხომ იმისთვისაა, პაციენტი რომ გამოაკეთონ, მე კი პირიქით დამემართა – სრულიად ჯანმრთელი კაცი ინექციების შემდეგ წელს ქვემოთ მოვწყდი, სამი დღე ვეღარ ავდექი, საშინლად მტკიოდა თავი და სახსრები, მქონდა ციებ-ცხელება, გულისრევა.

ისე დავუძლურდი, სასადილოში გასვლის ძალაც აღარ მქონდა, პლასმასის სკამსაც ვერ ვწევდი. საშხაპეში გასვლისას ჩემი სკამი თანასაკნელს მოჰქონდა.  პოლიცელს ვუთხარი, მომეცი, ნემსს მე თვითონ გავიკეთებს-მეთქი, მაგრამ არ მანდო ჩემი საჯდომი.  თვითონ გამიკეთა და მაშინვე გამეთიშა ფეხები, ვეღარ ვდგებოდი, თუმცა არ შევიმჩნიე და კამერამდე მივაღწიე.  2 ლიტრა ცხელი წყალი დავლიე, მერე კი 2 საათი ვივარჯიშე, იქნებ ორგანიზმიდან წამალი გამივდევნო-მეთქი. წინა ინექციის შემდეგ, პრეპარატის მოქმედება სწორედ ასე გავიტანე – მთელი კვირა არ გავჩერებულვარ. ალბათ, ეს რომ ნახეს, ამჯერად  იმიტომ გამიკეთეს დიდი დოზა.

დილით საწოლიდან ვერ ვდგებოდი და პატიმრებმა დაცვას დაუძახეს. დაცვამ -ექიმს.  ექიმმა დიდი დოზა გაგიკეთეთ, რადგან ორგანიზმში არსებული მიკრობი ძლიერიაო. მიკრობი კი არა, მე ვარ ძლიერი და ამიტომ გამიკეთეთ-მეთქი! ბევრი სითხე მიიღე და პრეპარატი ორგანიზმიდან გამოვაო. რატომღა გამიკეთეთ, თუ ისევ გარეთ უნდა გამოვიდეს, არ უნდა შევირგო მეთქი? ძალიან კი შეეშინდათ. პარასკევი საღამო იყო, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მაინც დარჩა და დაძახებისთანავე ჩემთან ჩნდებოდა, თან მაფრთხილებდნენ, თუ მკურნალობაზე უარს იტყვი, მოკვდებიო!

ამ ყველაფრის გამო 5 დღის განმავლობაში ვეღარ ვივარჯიშე, მერე ისევ შევუბერე ბებერი “ზილივით”. 7-ჯერ გამიკეთეს ძლიერი პრეპარატი, მაგრამ ამასაც გავიძელი.

ამდენი ნემსი იმიტომ გამიკეთეს, რომ ციხის ჩხუბის სამივე აპელაცია მოვიგე და ჩემი საქმე მალე სასამართლოში დაბრუნდება.  ამათ ჰქონიათ , დეპორტს ავიღებ.  დეპორტის ბრალის აღიარების შემდეგ ხდება მე კი ბრალს არ ვაღიარებ, რადგან მართალი ვარ!  სიმართლის გამო მზად ვარ, ელექტრო სკამზეც კი დავჯდე. თუმცა, თუ კიდევ გამიკეთეს ბევრი ნემსი, რაღას დავჯდები.

ახლა ჯანმრთელად ვარ.  ჩემისთანა ჯანმრთელი ღმერთმა ჩემი შვილები ამყოფოს! ისეთ ჯანზე ვარ,  შემიძლია ოცი კაცი ნოკაუტში გავუშვა. – საუბრობს ბრუკლინის ციხეში გატარებულ უმძიმეს პირობების შესახებ ქართველი სპორტსმენი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

ავთანდილ ხურციძე აცხადებს, რომ ციხის ამბებთან დაკავშირებული სამივე აპელაცია მოიგო და როცა სასამართლოსი საბუთებს წარადგენს, წესით, 5 წელი სასჯელს უნდა მოუკლონ.

ავთანდილ ხურციძე:  ,,გუშინ ჩემმა ადვოკატმა მითხრა, რომ ციხის ამბებთან დაკავშირებული სამივე აპელაცია მოიგო!

საპატიმროში ჩხუბიუს გარდა, ორჯერ დანა ჩამიდეს საკანში და სამივე ამ ბრალდებაში გავმართლდი.  თუ უახლოეს ორ თვეში არაფერი გაირკვა, კიდევ მივწერ სასამართლოს, რომ შენი პროცესი დროულად დანიშნონო, მეუბნევა ადვოკატი. იმისაც  დამპირდა, რომ პროკურორებს ჩემი ყოფაქცევის საქმესაც გაუგზავნის და მკურნალობის ამბებსაც გამოიძიებს.  სავარაუდოდ, სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის ბოლოს ან გაისად განახლდება. ალბათ, იმიტომ ვყავარ გაძლიერებულ მკურნალობაზე, იქნებ უარი თქვასო.

ციხეში ჩხუბისთვის 5 წელი მაქვს დამატებული და როცა სასამართლოში საბუთებს წარვადგენთ, წესით, ეს წლები უნდა მომაკლდეს.

ციხეში არის ხალხი, რომელსაც ჩემი სახელი და გვარი გაუგონია, მაგრამ გარეგნულად არ მიცნობენ. ბევრს უთქვამს, ვინც არ გიცნობს, უმეტესობას მაფიოზი ჰგონიხარო, სინამდვილეში სულ სხვა ადამიანი ხარო. როცა სასამართლო დასრულდა და ციხეში დავბრუნდი, ვნახე, რომ გაზეთი ხელიდან ხელში გადადის, პატიმრები კი მოწიწებით მესალმებიან. მაჩვენეს გაზეთი, სადაც ეწერა ,,WBO მსოფლიოს ჩემპიონი საშუალო წონით კატეგორიაში, რუსული დაჯგუფების ორგანიზატორი ავთანდილ ხურციძე,  მეტსახელად “თეთრი მაიკ ტაისონი”…გავიფიქრე, კარგად მქონია საქმე მეთქი… თუმცა, უმეტესობას სჯერა, რომ უდანაშაულო ვარ.

წინა პროცესზე 4 ადვოკატი მყავდა, მაგრამ ჩემი ერთი სიტყვაც არ უთარგმნიათ, არ მისცეს ამის საშუალება! ბოლო სიტყვაც კი ჩემს ადვოკატს ათქმევინეს! ეს იმის გამო ხდება, რომ იციან მართალი ვარ. – აცხადებს ხურციძე.

ავთანდილ ხურციძე ინტერვიუს იმედიანად ასრულებს.  მას მიაჩნია, რომ მისი კარიერა ჯერ არ დასრულებულა და ციხიდან გამოსვლის შემდეგ სპორტში დაბრუნებას აპირებს.

ავთალდილ ხურციძე: ,,არ ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერა დასრულდა! როცა ციხიდან გამოვალ 45 წლის ვიქნები და რინგზე ძველებურად გავალ.  ამისთვის, აქედანვე ვემზადები. თავისუფლება მხოლოდ თუთიყუშებს გაუხდათ სანატრელი, მე კი თავისუფალი კაცი ვარ.  არაფერს ვნანობ,  მეამაყება ჩემი თავი და განვლილი ცხოვრებაც.  არც იმედი დამიკარგავს და არც საკუთარი თავის რწმენა. ძველებურად ვარ ისევ 4 ტუზი მიჭირავს ხელში.
ჩემს ოჯახს, მეგობრებს და გულშემატკივრებს ვეტყვი, რომ შეიძლება მშიერი მოვკვდე, მაგრამ ნარკომანი და ბარიგა არასოდეს გავხდები! – ამთავრებს იმედიანად ინტერვიუს ქართველი მებრძოლი.

წყარო: გაზეთი “კვირის პალიტრა” https://www.kvirispalitra.ge/justice.html

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი