მთავარი მთავარი კიუშუ ბაშოს სასტარტო ბრძოლებში ქართველების მეტოქეები ცნობილია

კიუშუ ბაშოს სასტარტო ბრძოლებში ქართველების მეტოქეები ცნობილია

ავტორი კახა მიხანაშვილი
47 ნახვა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ ქალაქ ფუკუოკაში გასამართ კიუშუ ბაშოს პირველი ორი დღის ტორიკუმი ანუ
განრიგი გამოაქვეყნა.

სეკივაკეს რანგში დაქვეითებული ქართველი ექს-ოძეკი ლევან გორგაძე შემოდგომის ბაშოს იაპონელ რიკიშებთან ბრძოლებით დაიწყებს.

ტოჩინოშინის პირველი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-2 მაეგაშირა მეისეი იქნება.
მასთან ლევანს მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის დაპირისპირება აზიელმა სუმოისტმა მოიგო.

გორგაძეს მეორე შერკინება აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა მიოგირიუსთან მოუწევს.
აქამდე ამ ორი რიკიშის გზები 22-ჯერ გადაიკვეთა.
ტოჩინოშინს 12 მოგების წილ, 10 მარცხი გააჩნია.

ლევან გორგაძეს იმისათვის, რომ ოძეკის პრესტიჟული წოდება დაიბრუნოს კიუშუ ბაშოზე მინიმუმ 10 მოგება სჭირდება.
ტოჩინოშინს მუხლის ვერაგული ტრავმა ისევ აწუხებს, თუმცა გაუსაძლისი ტკივილები აღარ აქვს და ბაშოსთვის დამაკმაყოფილებლად არის მომზადებული.

საუბედუროდ, ჯურიოს დივიზიონის ქართველ რიკიშ გაგამარუს ძალიან მძიმე ტრავმა აწუხებს. მას ორივე მუხლში სითხე აქვს ჩამდგარი.
ამ პრობლემების მიუხედავად, მებრძოლის სულით განთქმული თეიმურაზ ჯუღელი დანებებას არ აპირებს და დოჰიოზე გასასვლელად ემზადება.
კიუშუ ბაშოზე გაგამარუს ძალიან რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს. ქართველ გოლიათი მიმდინარე ბაშოზე ჯურიოს მე-12 არის განთესილი და იმისათვის, რომ ამ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს სუპერტურნირი კაჩი-კოშით ანუ დადებითი ბალანსით უნდა დაასრულოს.
გაგამარუს მეტოქე ტონიჩიზე ჯურიოს დებიუტანტი 20 წლის კოტოშოჰო იქნება. მისი შიკონა ადრე კოტოტებაკარი იყო და ელიტაში აღზევების შემდეგ მეტსახელი გამოიცვალა.

კიუშუ ბაშო სტარტს 10 ნოემბერს აიღებს და ტრადიციულად 15 დღე გასტანს.

ბაშოს ბრძოლების ხილვა ,,სუმოს ქართველი ქომაგების”  ფეისბუქის გვერდზეა შესაძლებელი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი