მთავარი ინტერვიუ „ბავშვობაში 5-6 კმ-ს ფეხით გავდიოდი, რომ ძიუდოში მევარჯიშა, უმძიმესი პერიოდი მაქვს გავლილი“ – ლაშა ბექაურის გზა მსოფლიო ჩემპიონობამდე და სამომავლო გეგმები

„ბავშვობაში 5-6 კმ-ს ფეხით გავდიოდი, რომ ძიუდოში მევარჯიშა, უმძიმესი პერიოდი მაქვს გავლილი“ – ლაშა ბექაურის გზა მსოფლიო ჩემპიონობამდე და სამომავლო გეგმები

6161 ნახვა

“ძიუდოზე 7 წლის მივედი. ვარჯიში დავიწყე სოფელ არხილოსკალოში, ჩემი სოფელია -დედოფლისწყაროს რაიონში. არ გვქონდა საერთოდ არანაირი პირობები. თავიდან სხვა სოფელში ვცხოვრობდი – ზემო ქედში და იქიდან ფეხით დავდიოდით. 5-6, შეიძლება 7 კილომეტრიცაა,  ვერაფერს ვერ მივყვებოდით და ზამთარშიც კი ფეხით მივდიოდით ბავშვები. რაღაც პატარა ოთახში ვვარჯიშობდით, სკოლიდან გვქონდა ნაქირავები, ტატამიც არ იყო ნორმალური. ძალიაინ ცუდი, უმძიმესი პერიოდი გვაქვს გამოვლილი. ბავშვებს მაინც გვქონდა მოტივაცია. ჩვენი მწვრთნელი და მასწავლებელი კახა წიკლაური სულ გვეუბნებოდა, რომ თუ მოვინდომებდით და ვიბრძოლებდით, მივაღწევდით შედეგს. ვინც დავუჯერეთ, ვაღწევთ და მივყვებით ნელ-ნელა სპორტულ გზას“

ასე დაიწყო 12 წლის წინ ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტისა და ქართული ძიუდოს დიდი მომავლის ლაშა ბექაურის სპორტული კარიერა. 19 წლის ასაკში ლაშა უკვე საკმაოდ ტიტულოვანი და ძიუდოს სამყაროში ცნობილი ფიგურაა. ის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია, როგორც ჭაბუკთა, ასევე ახალგაზრდებს შორის. ამ უკანასკნელში წელს ზედიზედ მეორედ მოიპოვა მსოფლიოს პირველობა. თუმცა მოგებაცაა და მოგებაც – ლაშამ ერთი ამოსუნთქვით, ყოველგვარი პრობლემების გარეშე გაიარა არც თუ ისე მარტივი მეტოქეების ბარიერი და უდიდესი განაცხადი გააკეთა უკვე უფროსებს შორის ასპარეზობის. ის თავის პირველ სერიოზულ შეჯიბრებას უფროსებს შორის რამდენიმე დღეში ჩინეთში იჭიდავებს – წლის შემაჯამებელ, ძიუდოს ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირ – მასტერსზე. შემდეგომ კი წლის ბოლოს უკვე უფროსებს შორის საქართველოს პირველობაზე ვიხილავთ, რითაც ლაშა ოფიციალურად გააკეთებს განაცხადს, რომ ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებისთვის ბრძოლაში ერთვება.

ქართველი ტალანტი ფედერაციის პროექტ – „გამოწვევა 2020-ის“ მონაწილეა. თავისი გამორჩეული, ინდივიდუალური სტილის წყალობით ლაშა ბევრისთვის უხერხული მეტოქეა. მასზე „დიდი ფსონი იდება“ და განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებიან არა მხოლოდ ქართველი,  არამედ სრულიად მსოფლიოს ძიუდოს სპეციალისტები თუ გულშემატკივრები. „სპორტერი“ ლაშას სწორედ თავის სამომავლო გეგმებსა და სპორტულ ნიუანსებზე ესაუბრა:

„წელს კარგი წელი მქონდა. მოვიგე როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატი. თუმცა ევროპაზე გამოსვლა უფრო გამიჭირდა, ვიდრე მსოფლიოზე. შარშან წავაგე ევროპა და გამოსასწორებელი მქონდა ეს ფაქტი, შესაბამისად ძალიან გამიხარდა გამარჯვება. გუნდიც შესანიშნავად გამოვიდა. 6 ოქროს მედალი ავიღეთ ჯამში, რაც არასდროს არავის არ უქნია. რაც შეეხება მსოფლიოს, აქ უფრო მეტად მომზადებული ვიყავი, გამოცდილებაც მეტი მქონდა. შეიძლება ვთქვათ, რომ არ გამჭირვებია, მალევე მოვიგე ყველა შეხვედრა, მაგრამ იყო შესაფასებელი შეხვედრებიც. იგივე იაპონელთან, ასევე უნგრელთან ფინალი. შესწავლილი ვყავდი მას, რადგან ევროპაზეც მოვუგე. ყველაზე ძალიან მაინც იაპონელთან გამიჭირდა, თითქმის სრული დრო – 4 წუთი ვეჭიდავე. თან წონა მაქვს შესავსები – 86 კილო ვარ და ზოგჯერ ამის გამო ცოტა მიჭირს. როდესაც მოვიმატებ, მერე უფრო გამიადვილდება.

-წონა საკმაოდ სწრაფად მოიმატე ხომ? ერთ წელიწადში ორი წონით ზემოთ ახვედი…

– კი,  73-ში ვჭიდაობდი და მაშინ 75 ვიყავი ხოლმე. შემდეგ 84-მდე ავედი და გადავწყვიტე, ავსულიყავი 90-ში, რადგან ვფიქრობ, რომ ესაა ჩემი მომავალი წონა და 90-ში უნდა ვიასპარეზო.

-მთლიანად გუნდის გამოსვლას როგორ შეაფასებდი მსოფლიო ჩემპიონატზე ?

-გუნდის გამოსვლას ძალიან კარგად შევაფასებდი. ვფიქრობ, კარგად გამოვედით ნაკრები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, მაინც ძალიან გულდაწყვეტილი ჩამოვედი, რადგან გუნდურ ასპარეზობაში რუსეთთან გადამწყვეტი შეხვედრა წავაგე. ძალიან ვინერვიულე ამის გამო. უდიდესი მოტივაციით ვჭიდაობდი, რადგან ჩემ უკან გუნდი და საქართველო იდგა. როდესაც გადამწყვეტ შეხვედრაში ჩემი წონა ამოვიდა, ძალიან გამიხარდა – მომეცა შანსი გამომესწორებინა მარცხი. იმ შეგრძნებით არ ვარ, რომ რამე დავაკელი,  ვიბრძოლე ბოლომდე და ვაღიარებ – ბრძოლაში დავმარცხდი.  ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, მომავალში ვეცდები, ასეთი შეცდომები, რაც აქ დავუშვი აღარ მქონდეს და გამოვასწორო. უფრო უკეთ მოვემზადები კონკრეტული მეტოქეებისთვის.

– ძიუდოზე 7 წლის ასაკში მიხვედი, ამ ასაკში, ალბათ, თავად ვერ გადაწყვეტდი, ოჯახის ინიციატივა იყო?

-კი, მამაჩემის ინიციატივა იყო, რომ ძიუდოზე შევსულიყავი, თუმცა მერე შედეგი რომ მქონდა კახეთის პირველობებზე, მოტივაცია მომეცა, მედლები მიხაროდა.  შემდეგ 2016 წელს, როდესაც ნაკრებში მოვხდი და სერიოზულად შევხედე ამ ყველაფერს და დავინახე რისი მოცემა შეეძლო ძიუდოს ჩემთვის, მივყევი კიდეც. სხვა სპორტზე არასდროს მიფიქრია, ძიუდო გამომდიოდა და თან მიყვარს, რასაც ვაკეთებ. სამოყვარულოდ პინგ-პონგის ვთამაშობ ხოლმე, ხანდახან ფეხბურთსაც. ჩემს ოჯახსაც მოწონს ჩემი არჩევანი, ძალიან  მიდგანან გვერდში, ყველანაირ მოტივაციას მაძლევენ, დედაჩემი განსაკუთრებით.

– რა არის შენთვის ძიუდო? თქვი, რომ როდესაც დავინახე, რისი მოცემა შეეძლო ძიუდოს ჩემთვის, გადავწვიტე სერიოზულად მივყოლოდიო. რას გაძლევს ძიუდო?

– ბედნიერებას. ძიუდო არის ჩემთვის ბედნიერება. ამ ბედნიერებას კი პირველ რიგში ქართველი გულშემატკივრის გახარება მანიჭებს. უდიდეს სიამოვნებას ვიღებ იმით, რომ ჩემს ხალხს ვახარებ და ჩემი წარმატება, ვინმეს ბედნიერს ხდის. ძიუდო მაძლევს შესაძლებლობას ვასახელო ჩემი სამშობლო. ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა ის, რომ საქართველოს ჰიმნის გაჟღერება და მისი დროშის ყველაზე მაღლა აწევა შემიძლია. პატრიოტი ადამიანისთვის ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს, რომ თავისი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გაიტანოს. როგორც ომში იბრძოლო, ისეთი მოტივაციით ვარ ხოლმე და ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი სამშობლოსთვის და ხალხსითვის.

– ფედერაციითა და ნაკრების მწვრთნელების მუშაობით რამდენად კმაყოფილი ხარ, გაქვთ ის პირობები, რაც გჭირდებათ ?

– ნაკრების მწვრთნელები ყველანაირად ბოლომდე იხარჯებიან ჩვენთან. გვერდში გვიდგანან ყველანაირად, რაც გვჭირდება აკეთებენ ყველაფერს. ჩვენც სულ გვეკითხებიან რა და როგორ გვჭირდება და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამისთვის. ფედერაციაც ყველაფერს აკეთებს, რომ წარმატებას მივაღწიოთ. შეიძლება ადრე იყო ისეთი მომენტები, რომ არ ჰქონდათ პირობები, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს ძიუდოს რაც სჭირდება განვითარებისთვის ყველაფერი კარგი და საკმარისია. მთავარია, ჩვენ მოვინდომოთ და ყველაფერი გავაკეთოთ წარმატებისთვის. გვერდში დგომა არის ყველანაირად.

– როგორ ფიქრობ, შენი როგორც სპორტსმენის მთავარი პლუსი და მინუსი რა არის?

– ადრე, რამდენიმე ხნის წინ, რეჟიმის დაცვის პრობლემა მქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ერთი წელი- წელიწადნახევარია დიდ ყურადღებას ვაქცევ რეჟიმს. სავალალო მდგომარეობა არც ადრე მქონდა, მაგრამ პრობლემები იყო, მაგალითად, არ ვიცოდი სწორად როგორ დამესვენა. რაც უფრო ჩამოვყალიბდი ძიუდოში და ვხდები, რომ ეს სპორტია ჩემი ცხოვრება, ყველა დეტალს ყურადღებას ვაქცევ. ეს იყო ჩემი მთავარი მინუსი. რაც შეეხება პლუსს, მარტო ჩემი არა, ყველა ქართველი სპორტსმენის პლუსი არის ჩვენი მებრძოლი ხასიათი და ჭიდაობის სტილი, რაც ბევრი მეტოქისთვის არის უხერხული. ყველაზე ძლიერები იაპონელები არიან და სწორედ მათთვის არის ჩვენი სტილი – ზემოდან ჭიდაობა, ყველაზე უხერხული.  იაპონელთან მე მხოლოდ ერთხელ დავმარცხდი – მაშუ ბეიკერთან ტაშკენტის გრან-პრიზე. 30 წამში დავაგდე ორ ვაზარიზე, მაგრამ არ მომცეს. არასდროს არ მითქვამს წამაგებინეს-მეთქი, მაგრამ ეს უეჭველი, აშკარა ვაზარი იყო. 6-ჯერ ვარ შეხვედრილი იაპონელებს და 5-ჯერ მოვიგე და არ მინდოდა ეს გამარჯვებების ციკლი შემეწყვიტა. თუმცა არ ჩამითვალეს გდება და  შემდეგ შებოჭვაზე მოვყევი, ძალიან ძლიერია და დიდი გამოცდილება აქვს ბეიკერს, ბუნებრივია, ოლიმპიური ჩემპიონია და  თან მეც დაღლილი ვიყავი, ევროპაც ახალი ნაჭიდავები მქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს შეხვედრა ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო.

– თავად უხერხულ მეტოქედ იქეცი იაპონელებისთვის, შენ თუ გყავს ასეთი მეტოქე?

– გამორჩეული არა.  ასე ვთვლი, რომ ყველა საუკეთესოა, ბევრია მაგარი ჩემს წონაში. ნებისმიერის დამარცხება რთულია, ჭიდაობა ყველამ იცის და ყველას თავისი სტილი აქვს. მე ვისაც ვხვდები, ყველას ვაფასებ. ეს ბოლოს – დაახლოებით ერთი წელია ვისწავლე, რომ ყველა მეტოქე უნდა შევაფასო, რადგან ეს ჭიდაობაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

– კუმირი თუ გყავდა ბავშვობაში, ან ახლა თუ მოგწონს ვინმე გამორჩეულად?

-არა, ფავორიტი არავინ არ მყავს. არც ბავშვობაში არ მყავდა ვინმე, ვისაც მივბაძავდი, არ მინდოდა ვინმესნაირი ვყოფილიყავი. ყოველთვის მინოდოდა, რომ ჩემი სტილი მქონოდა და არავის ვგვანებოდი.

– ამის შემდეგ ტურნირებზე უკვე უფროსებს შორისაც გიხილავთ, შენი უახლოესი გეგმები რა არის?

– რასაც აქამდე მივაღწიე, ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე დამთავრდა, წარსულია და ახალ ეტაპს ვიწყებ. ვფიქრობ უკვე მომავალზე და მომავალ ნაბიჯებზე. უშუალო გეგმებს რაც შეეხება, პირველ რიგში ყველაზე მთავარი, რაზეც წელს ვფიქრობ საქართველოს ჩემპიონატია უფროსებს შორის. გამორჩეულად ვემზადები ამ ტურნირისთვის და  შემდეგ კი თუ შესაძლებელი იქნება, განვაგრძობ ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლას.

– თუკი საქართველოს ჩემპიონატს მოიგებ, ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებს გაჭიდავებენ?

– მაგდენი არ ვიცი. მე ის ვიცი, რომ უნდა მოვემზადო. კონკურენტული წონაა 90 და დიდი ბრძოლები იქნება. თუმცა ვფიქრობ, რომ თუ ვიშრომებ, ყველაფერი გამოვა, მაქვს მოტივაცია და პოტენციალიც, რომ ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ვიბრძოლო.

– შენი ზოგადი მიზნები რა არის, რისი მიღწევა გინდა სპორტში?

– რეკორდსმენობა. ჩემი მიზანია ძიუდოში რეკორდსმენი გავხდე, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

შენიშვნა: ინტერვიუ ჩაწერილია 7 დეკემბერს მომხდარ ინციდენტამდე
იხ. ბმული ლაშა ბექაური: სამართალდამცველებმა უკანონოდ დამაკავეს და განყოფილებაში ფიზიკურად გამისწორდნენ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი