მთავარი მთავარი 6 სპორტსმენი 2019 წლის საუკეთესოდ – სპორტის სამინისტრომ რჩეულები დააჯილდოვა

6 სპორტსმენი 2019 წლის საუკეთესოდ – სპორტის სამინისტრომ რჩეულები დააჯილდოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
66 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა.

პირველად ქართული სპორტის ისტორიაში წლის საუკეთესო სპორტსმენი არა ერთი, არამედ 6 სპორტსმენი გახდა.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის 4-4 გზის ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი, 2019 წლის  მსოფლიოსა და ევროპის ვიცეჩემპიონები მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი და ლაშა გობაძე, ასევე მსოფლიოს ჩემპიონები ბექა ლომთაძე და ნუგზარ წურწუმია გახდნენ.

2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის პრიზი  ახალგაზრდებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა მიიღო.

საუკეთესო ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი გახდა. მან წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეექვსედ დაისაკუთრა.

2019 წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი  თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების თავკაცმა  გიორგი იანტბელიძემ დაიმსახურა.

გუნდურ სათამაშო სახეობებში 2019 წლის საუკეთესოდ  წყალბურთის ეროვნული გუნდი აირჩიეს.
ინდივიდიუალურ სახეობებში კი
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ნაკრები გამოარჩიეს.

2019 წლის საუკეთესო  ფედერაციის პრიზი წილად  ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას ხვდა.

წლის საუკეთესო მეუნეჯერად ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი დაასახელეს.

2019 წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენის პრიზი ლეგენდარულმა  ნონა გაფრინდაშვილმა მიიღო.

2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენისთვის განკუთნილი ჯილდო  ირმა ხეცურიანმა და რევაზ ჩიკოიძემ მიიღეს.

ნომინაციაში 2019 წლის აღმოჩენა ჯილდო მაია ბოჭორიძეს და ანა ლაპიაშვილს გადაეცათ.

2019 წლის საუკეთესო მსაჯი რუსუდან ხოფერია გახდა.

2019 წლის საუკეთესო ლეგიონერად  ესპანეთის ჩემპიონატის კლუბ  ,,ტენერიფეს”  კალათბურთელი გიორგი შერმადინი გამოარჩიეს.

ნომინაციაში ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში საუკუნის მოვლენა პრიზი ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ დაიმსახურა.
ლეგენდარული სპორტსმენი წელს ოლიმპიურ თამაშებზე მეცხრედ იასპარეზებს.

2019 წელს ქართველმა სპორტსმენებმა სარეკორდო 1186 მედალი მოიპოვეს.

ფოტო: ,,პირველი არხი”

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი