მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ლევან კობიაშვილი: ,,ვთვლი, რომ ერთა ლიგის გათამაშებამ სანაკრებო ფეხბურთი უფრო საინტერესო გახადა”

ლევან კობიაშვილი: ,,ვთვლი, რომ ერთა ლიგის გათამაშებამ სანაკრებო ფეხბურთი უფრო საინტერესო გახადა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

ნიდერლანდთა სამეფო დედაქალაქ ამსტერდამში უეფას ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ კომენტარები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გააკეთეს.

კობიაშვილის აზრით, ახალმა გათამაშებამ გაამართლა და სანაკრებო ფეხბურთი უფრო საინტერესო გახადა.

იაშვილის აცხადებს, რომ ჩვენი ნაკრებისთვის ერთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია.
ახალ ტურნირში საქართველოს ნაკრების მიზანი უცვლელი იქნება. ქართველებს სურვილი გვაქვს, რომ წინა გათამაშების მსგავსად ჯგუფი ამჯერადაც მოვიგოთ.

ლევან კობიაშვილი: ,,ერთა ლიგის შესახებ მხოლოდ პოზიტიურად შემიძლია ვისაუბრო. ვთვლი, რომ ახალმა გათამაშებამ სანაკრებო ფეხბურთი უფრო საინტერესო გახადა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ტურნირი სპორტული კუთხით არის საინტერესო. ის სხვადასხვა დივიზიონებში მოასპარეზე გუნდებს საშუალებას აძლევს, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოხვდნენ. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთა ლიგამ ჩაანაცვლა ამხანაგური მატჩები და ამის შედეგად თითოეულმა შეხვედრამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

პირველი გათამაშების შემდეგ, როგორც ჩვენი ჯგუფის გამარჯვებულები მომავალ სეზონში C დივიზიონში ვიასპარეზებთ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო ფაქტია, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ დღევანდელ წილისყრაზე C დივიზიონის პირველ კალათაში ვიყავით განთესილი. ვთვლი, რომ საკმაოდ საინტერესო ჯგუფში მოვხვდით, ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის წინააღმდეგ კარგი მატჩები გველის. ჩვენი მიზანი უცვლელია და საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფში პირველობისთვის იბრძოლებს. ამ გზით კი, ჩვენ შევეცდებით, რომ იმ ორ საუკეთესო გუნდში მოვხვდეთ, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებენ.

ალექსანდრე იაშვილი: ,,ჩვენი ნაკრებისთვის ერთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. ეს პირველმა გათამაშებამ ძალიან კარგად აჩვენა, რადგან ჩვენ ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოვიპოვეთ და 26 მარტს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. აქედან გამომდინარე ერთა ლიგას ნამდვილად დადებითად შევაფასებ.

​რაც შეეხება წილისყრას და ჩვენს ჯგუფს, რა თქმა უნდა, მიზანი უცვლელია და სურვილი გვაქვს, რომ წინა გათამაშების მსგავსად ჯგუფი ამჯერადაც მოვიგოთ. ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის წინააღმდეგ ნამდვილად საინტერესო მატჩები გველის.” – საუბრობს ალექსანდრე იაშვილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში ასპარეზობის უფლება 2018-2019 წლების სეზონში D1 ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლით მოიპოვა. გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე ჩვენი გუნდი ამსტერდამში გამართულ წილისყრის ცერემონიაზე C ლიგის პირველ კალათაში მოხვდა. წილისყრის შედეგად კი, გაირკვა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020-2021 წლების სეზონში C2 ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

წყარო: gff.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი