მთავარი საქართველოდიდი ათი ,,აიამ” კონკურენტი ,,ხარები” ბოლო წამებზე დაამარცხა

,,აიამ” კონკურენტი ,,ხარები” ბოლო წამებზე დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
19 ნახვა

,,ლიდერბეთ დიდი 10″-ის მე-14 ტური რუსთავში, ადგილობრივი ,,ხარებისა” და ქუთაისის ,,აიას” შეხვედრით დაიწყო.

მატჩი დაძაბული გამოდგა.
ორთაბრძოლის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

ქვემო ქართლელები შეხვედრის მიმდინარეობისას 15 ქულითაც იგებდნენ, თუმცა რიონისპირელების ძლევა, ვერ მოახერხეს.

იმერლები მე-4 წუთზე გიორგი ბაბუნაშვილის ჯარიმით დაწინაურდნენ 0:3.

რუსთაველებმა წინ გასვლა 26-ე წუთზე მოახერხეს. შეხვედრაში პირველი ლელო გიორგი ხაბაშვილმა დადო. გარდასახვა გიორგი ბასილაიამ ვერ გამოიყენა 5:3.

ტაიმის მიწურულს ,,ხარებმა” მეორე ლელო გაიტანეს. მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ზურა ქავთარაძემ დაამიწა.

ტაიმი ,,ხარებმა” 10:3 მოიგეს.

მეორე ნახევრის დასაწყისშივე ,,აიამ”, კიდევ ერთი ლელო მიიღო.
მასპინძელთაგან სათადარიგო მგეზავი ლევან ნარიმანიძე გამოირჩა 15:3.

ქუთაისელებმა პირველი საპასუხო ლელო 47-ე წუთზე დადეს.
თავი ირაკლი გაბისონიამ გამოიჩინა. გარდასახვისას გიორგი ბაბუნაშვილმა მიზანს უწია 15:10.

გატანილი ლელოს შემდეგ ,,აიას” მორაგბეებს ,,ფრთები შეესხად” და 73-ე წუთზე ჯერ თეიმურაზ კოხოძემ
ანგარიში  გაათანაბრა. ბაბუნაშვილის ზუსტი გარდასახვისას კი რიონისპირელები 2-ქულით 17:15 დაწინაურდნენ.

ბოლო წუთებზე კი მოვლენები დრამატულად განვითარდა.

დროის გაწითლებამდე რამდენიმე წამით ადრე ზურა ქავთარაძემ დუბლი შეასრულა და ანგარიში 20:17 გახადა.

ბოლო წამებზე კი იმერლებმა მეტოქეს მძლავრად შეუტიეს.
რუსთაველებმა ბურთის კიდეზე გადატანა და მატჩში გამარჯვების დაფიქსირება ვერ შეძლეს.

ქუთაისელებმა კი საცადელს მიაღწიეს და წარმატების მომტანი ლელო დადეს.
ლელოს ავტორი ,,აიას” სათადარიგო კვაჭი საბა ერემეიშვილი გახდა.
გიორგი ბაბუნაშვილმა ბურთი ძელებს შორის ზუსტად გააძვრინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

,,აიამ” 24:20 გაიმარჯვა და აქტივში 4 ქულა ჩაიწერა.
,,ხარებმა” კი 7-ზე ნაკლები ქულით წაგების გამო ერთი ბონუს-ქულა გამოიმუშავა.

ამ დროისთვის ,,აიას” 44 ქულა გააჩნია და დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება.
,,ხარები” კი 42 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი