მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი ლევან მაისაშვილი: ,,კარგად ვართ მომზადებული და იმედი მაქვს,  რაც დაგეგმილი გვაქვს, იმას შევასრულებთ“

ლევან მაისაშვილი: ,,კარგად ვართ მომზადებული და იმედი მაქვს,  რაც დაგეგმილი გვაქვს, იმას შევასრულებთ“

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პორტუგალიასთან  რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩისთვის  ,,ბორჯღალოსანთა” შემადგენლობის დასახელების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მაისაშვილი აცხადებს, რომ   გუნდს არ ყოფს ასაკის, ან გამოცდილების მიხედვით და ვცდილობს ყველა თამაშის წინ დააბალანსოს შემადგენლობა,  მორაგბეებს კი სათამაშო დრო მისცეს.

,,ბორჯღალოსანთა” თავკაცის აზრით საქართველოს ნაკრები კარგად არის მომზადებული. მას  იმედი აქვს, რომ გუნდს რა  დაგეგმილი აქვს, იმას კარგად შევასრულებს.

ლევან მაისაშვილი: ,,გვყავს გაფართოებული შემადგენლობა, სადაც არიან როგორც გამოცდილი, ასევე შედარებით გამოუცდელი მორაგბეები. გვყავს ახალგაზრდა მორაგბეებიც, რომელთაც როგორც ეროვნულში, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებებში, საკმაოდ გამოცდილება დაუგროვდათ. ჩვენ გუნდს არ ვყოფთ ასაკის, ან გამოცდილების მიხედვით და ვცდილობთ ყველა თამაშის წინ დავაბალანსოთ შემადგენლობა, მივცეთ მორაგბეებს სათამაშო დრო. სასტარტო შემადგენლობაში და სათადარიგოთა სკამზე ახალგაზრდა მოთამაშეებიც გვყავს და გვსურს ისინი სხვადასხვა პოზიციიდან დავინახოთ. მაგალითად, ვიცით რა შეუძლია თაფლაძეს ცენტრში და გვსურს ის ფრთაზეც გამოვცადოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხაზის მოთამაშეები რამდენიმე პოზიციას ფარავდნენ. პროცესი ეხება არა მხოლოდ რაგბი ევროპის ჩემპიონატს და გვსურს ვიცოდეთ რა დროს რისი გაკეთების საშუალება გვექნება.

ჩვენ გუნდში ორი  დებიუტანტი თორნიკე ჯალაღონია და ლაშა ლომიძე გვყავს.  ორივე ძალიან კარგი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მორაგბეა. მათ გამოვლილი აქვთ ასაკობრივი ნაკრებები და კარგად ესმით რაგბი. ჯალაღონიას მესამე ხაზში ნებისმიერი პოზიციის დაფარვა შეუძლია. ლომიძის ძირითადი პოზიცია ცენტრია, თუმცა შეუძლია 10 და 15 ნომრებზე თამაში. ლაშას, ისევე როგორც დემე თაფლაძეს, წინ აქვთ 20-წლამდელთა ჩემპიონატი და მნიშვნელოვანია მიიღონ კაცთა გუნდების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება, რაც მათ შემდგომში აუცილებლად წაადგებათ. მათი მუშაობით კმაყოფილი ვარ, რადგან მოკლე ვადაში კარგად აუღეს ალღო სათამაშო სისტემებს.

ეს პერიოდი მაქსიმალურად კარგად გამოვიყენეთ. გვქონდა ორი ძირითადი ვარჯიში სამშაბათსა და ხუთშაბათს, ოთხშაბათს კი ბიჭები დავასვენეთ. დღეს კაპიტნის ვარჯიში გვქონდა და ვნახეთ, რომ „სტად ჟან ბუენის“ მოედნის საფარი უფრო მყარია, ვიდრე ,,რასინგის” ბაზის ხელოვნურსაფარიანი მოედანი. კარგად ვართ მომზადებული და იმედს ვიტოვებ, რომ რაც დაგეგმილი გვაქვს, იმას კარგად შევასრულებთ“. –
აცხადებს, ,,ბორჯღალოსანთა” თავკაცი ლევან მაისაშვილი.

პორტუგალიისა და საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
,,ბორჯღალოსნები” გამარჯვების შემთხვევაში,  2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ნაადრევად
გახდებიან.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი