მთავარი ინტერვიუ გელა ზაალიშვილი: ძიუდო ცხოვრებასთან შევასისხლხორცე – მან მომცა ყველაფერი, რაც გამაჩნია

გელა ზაალიშვილი: ძიუდო ცხოვრებასთან შევასისხლხორცე – მან მომცა ყველაფერი, რაც გამაჩნია

721 ნახვა

 „ან ტოპსპორტსმენი გავხდები, ან საერთოდ არსად ვიქნები; საშუალო დონის სპორტსმენობას არ ვაპირებ“

გეგმები და მიზნები დიდია, თუმცა არც უნარები და შესაძლებლობებია ნაკლები… იცის, რის წყალობით მიაღწევს წარმატებას და რა შეიძლება გახდეს ხელისშემშლელი… ყველა მინუსი გააზრებული აქვს და მასზე მუშაობს… სპორტს, რომელსაც ემსახურება დიდი ხანია აღარც უბრალო ჰობად უყურებს და არც მხოლოდ პროფესიად …

„დიდ დათმობაზე ვართ ჩვენს ცხოვრებაში წასულები, მაგრამ ძიუდო იმდენს გვაძლევს,  რომ ის ყველაფერი, რასაც ვთმობთ – აღარაფერია.  პირადად მე ძიუდომ კაცად და ადამიანად ჩამომაყალიბა; მომცა სახელი, სახსრები, ურთიერთობები, სამეგობრო, ახალი ნათესავებიც კი; ძიუდოში პიროვნულად იზრდები, რაც უმთავრესი მგონია, რადგან თუ პიროვნება არ ხარ, როგორი ჩემპიონიც არ უნდა იყო, არავის სჭირდები“

გელა ზაალიშვილი სპორტულ კარიერაში ახლა ერთგვარ გარდამტეხ ეტაპს გადის. ახალგაზრდებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩეპიონისთვის ასაკობრივი ტურნირები დასრულდა და ამის შემდეგ მხოლოდ დიდ ძიუდოში ვიხილავთ, თუმცა გასულ წელს უფროსებს შორის დებიუტი რამდენიმე „ხმაურიანი გასროლით“  უკვე აღნიშნა. ყველაზე დასამახსოვრებელი ზაგრების გრან-პრის ფინალში იაპონელთა ვარსკვლავის ჰისაიოში ჰარასავას ულამაზესი ილეთით დამარცხება იყო…

„როდესაც ასეთ ძლიერ მეტოქეს ხვდები, უფრო შენი რეალური შესაძლებლობებით შედიხარ ტატამზე – რაც ხარ, ის ხარ. ასეთი შეხვედრები უმეტესად კარგად მთავრდება, თუკი სწორი მენტალიტეტით მიუდგები. მე ჩემი თავი მთლიანად მივუშვი, რომ მენახა რა შემეძლო. ტატამზე ჩემი გამოსვლის კადრები გადაღებულია და ჩანს, რომ მხიარულად და მოტივირებულად გამოვდივარ. მეტყობა, რომ საბრძოლველად ვემზადები.  მთელი შეხვედრის განმავლობაში რასაც ვჭიდაობდით, არ დავუთმე არაფერი. ჩემი აზრით, თავიდანაც მქონდა შანსი ილეთის გაკეთების, მაგრამ არ გავრისკე. შემდეგ როდესაც მე მომაყოლა ილეთზე უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი და სხვათა შორის, ისიც დაღლილი იყო. ამ მომენტში უცებ დავფიქრდი, რომ მეთქი წინ მიდგას კაცი, რომელსაც არ დავუთმე არაფერი და მეტიც შემეძლო, მაგრამ მაინც მეორე მაქვს. აი, ზუსტად ამ მომენტში „გამიტყდა“ ეს მეორე ადგილი, რადგან გავაცნობიერე, რომ პირველიც თავისუფლად შემეძლო. როდესაც რეფერმა ანიშნა, რომ გადაემოწმებინათ, გავიფიქრე – ახლა თუ  ეს გდება მოიხსნა, ბოლო ძალებს მოვიკრებ, თავს შევაკლავ და სისხლს შევასხამ ამ შეხვედრას-მეთქი. მჯერა, რომ ადამიანს აქვს ბევრი დაფარული ძალები და მართლაც –  მანამდე ადგომის თავი რომ არ მქონდა, იმის მერე რამდენი რამ გავაკეთე კიდევ, იგივე ეს ჩემი ილეთი, პლუს ემოცია. ზუსტად იმ მომენტმა, როდესაც თავი დამარცხებული მეგონა, მომცა  მოტივაცია. მაგრამ კარგი იქნება, თუკი სხვა დროს ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ, რადგან სანტიმეტრების ამბავი იყო – იდაყვი ოდნავ იქით ან აქეთ და ვაზარი იქნებოდა“

-ამის შემდეგ იყო მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელზეც იგივე ამ ზაგრების გრან-პრიზე ასეთი ასპარეზობისა და პლუს ტურნირის მოქმედი ჩემპიონის სტატუსიდან გამომდინარე ყველა იმაზე მეტს ელოდა შენგან, ვიდრე ვნახეთ…

– მსოფლიოზე ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა. რაღაც ისეთი იყო, რასაც ვერ ვუპოვე გამოსავალი. გაფრენამდე 2 საათით ადრეც კი საავადმყოფოში ვიყავი, ცუდად ყოფნა ჭიდაობის დღემდე გამყვა. მოტივაცია მაინც კი მქონდა, მაგრამ ენერგია აღარ მეყო, დაცლილი ვიყავი ყველაფრისგან. ცუდად ყოფნა რომ არა, საკუთარ თავს მეც ძალიან მაღალ სტანდარტს დავუწესებდი, თუმცა ეს ჩემპიონატი იყო ჩემთვის დიდი გამოცდილება და ერთ-ერთი საწინდარი იმის, რომ უფროსებში მსოფლიოს ჩემპიონი როცა გავხდები და აუცილებლად გავხდები, შემდგომ წელს ევროპაზე, ან გრან-პრისა და გრან-სლემებზე, ეს პასუხისმგებლობა არ უნდა მქონდეს –  უნდა მოვეშვა და ისე ვიჭიდაო. დიდი რაღაც მასწავლა ამ ამბავმა. მართალია, ცოტა კალაპოტში ჩაჯდომა გამიჭირდა და მას მერე მქონდა ჩავარდნები საერთაშორისო ტურნირებზე, იგივე მასტერსზე არასწორი ჩახტომილისთვის მომხსნეს, მერე თელ-ავივიც ჩავაგდე, მაგრამ მოვერიე ნელ-ნელა ყველაფერს და ახლა ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ მაქვს. ახლა უფრო ამ ჩავარდნების გამო ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ გამოსასწორებელი და დასამტკიცებელი მაქვს ჩემი შესაძლებლობები. ზოგადად სპორტსმენს კი სულ უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, მაგრამ ზედმეტი არა, რადგან ის ყოველთვის უკან გწევს.

– ჩაგდებული ტურნირები ახსენე და წლევანდელ შეჯიბრებებზე ვთქვათ – თელ-ავივსა და პარიზს საერთო ჯამში როგორ შეაფასებ?

– თელ-ავივის ტურნირზე გული დამწყდა, რადგან შესაძლებლობების გამოვლენის შანსი არ მომცემია. თუმცა ძიუდო ასეთია და მომენტი დამიჭირა. რაც შეეხება პარიზის გრან-სლემს, მოტივირებული ვიყავი წასული და ნახევარფინალამდე ყველაფერი კარგად იყო, ნახევარფინალი კი გროლთან წავაგე, სადაც ჩემი დიდი მინუსი დავინახე.  მანამდე ოთხი შეხვედრა მომიწია და მეოთხედფინალში როი მეირს შევხდი, ვისთანაც დაახლოებით 7-8 წუთი ვიჭიდავე და შემდეგ მაქსიმუმ 15 წუთში მომიწია ნახევარფინალის ჭიდაობა, შესაბამისად ვერ მოვასწარი ძალების აღდგენა. გროლი კი გამოცდილია და მიხვდა, რომ დაღლილი ვიყავი და ახლოს არ მიმიკარა. გამოცდილების ხარჯზე მაჯობა. ამ შეხვედრას ვუყურე მერე და ძალიან სანანებელი გამიხდა. ლაშა გუჯეჯიანი მეუბნებოდა, იჭიდავეო – რომ ხედავდა უკვე აღარ შემეძლო, მეც ათმაგად მინდოდა, რომ მქონოდა ძალა, მაგრამ ვეღარ აღვიდგინე და ეს მაქვს გამოსასწორებელი. სწორედ იმ დღიდან მე და ჩემმა მწვრთნელმა კატეგორიულად დავიწყეთ ჩემს თავზე მუშაობა. ეს პროცესი წლებია მიდის, მაგრამ ახლა წონაც მქონდა ავარდნილი და იმ წონაზე არ ვიყავი, რაშიც ვჭიდაობ ხოლმე. 130 კგ-ს გადავცდი და ვფიქრობდი, ამ წონას შევეჩვეოდი. ჩემი საჭიდაო წონა  წინა შეჯიბრებებზე იყო  120-დან 125-მდე. ახლა წონის დაკლების პროცესში ვარ. მაროკოშიც რომ მივდიოდი პირობა გვქონდა დადებული, რომ 125-ზე ერთი გრამით მეტიც თუ ვიქნებოდი, არ მაჭიდავებდნენ შეჯიბრებას. ზოგადად, მაროკოსთვის კარგად ვიყავი მომზადებული, სამი საერთაშორისო შეკრება გავიარე, დაახლოებით ერთი თვე ვიყავი ევროპაში და საჩემპიონო განწყობითა და მოტივაციით მივდიოდი, მიუხედავად იმისა, რომ ტედი რინერიც იყო დარეგისტრირებული.

-ახსენე, რომ გამძლეობის პრობლემა გაქვს და ამაზე მუშაობ, როგორ ფიქრობ, ცოტა ხასიათის პრობლემაც ხომ არ გაქვს?

– არ მინდა, ასე შემერქვას, რომ ხასიათის მოჭიდავე ვარ. ძიუდოში ძალიან ბევრი რამ უნდა შექმნა შენთვითონ და შენ თუ შენს ხასიათებს უყურე, შეიძლება ისეთ შეჯიბრს, როგორცაა გრან-პრი, ან გრან-სლემი შეხვდე კარგ ხასიათზე და ოფიციალურ შეჯიბრზე გაიღვიძო ცუდ ხასიათზე და ვერ გააკეთო ვერაფერი.  ვფიქრობ, როცა ცუდ ხასიათზე იღვიძებს ადამიანი, ამის გამო არ უნდა დაიძაბოს, რადგან მთლიანი დღის პროცესში ეს ფიქრები დამღლელია და მხოლოდ იმ მომენტში უნდა აწიოს მოტივაცია, როდესაც კიმონოს კონტროლის გავლას იწყებს და უკვე კარგად არის გახურებული. როდესაც ადამიანი ხურდება და ოფლი მოსდის სხეულიდან, ხასიათზეც მოდის. ლუკაც ამას ამბობს ხოლმე, რომ  ოფლის გამოდენამდე ცუდ ხასიათზე კი არა,  შეიძლება ტირილი უნდოდეს ადამიანს და ჭიდაობის განწყობაზე საერთოდ არ იყოსო, მაგრამ როცა ხურდები და ტონუსი მოგდის, მანდ ვერაფერი ვეღარ გაგაჩერებს. ასე რომ გარკვეული პრობლემები არის, მაგრამ არასდროს ვიტყვი, რომ მაქვს ეს პრობლემა და რა ვქნა – ყველაფერზე უნდა ვიმუშაო და გამოვასწორო.  ვფიქრობ, რამაც ამ ჩავარდნილ ტურნირებზე ხელი შემიშალა და უმედლობა გამოიწვია, ამ ყველაფრის გამოსწორება შემიძლია. ვმუშაობ სუნთქვაზეც, სისწრაფეზეც და ისევ ძველი მე უნდა დავბრუნდე.

ყველაფერი კი 9 წლის ასაკში „უსაქმურად დარჩენილი“  მოუსვენარი ბავშვიდან დაიწყო… შემდეგ იყო პირველ მედალთან ერთად ძილი… იყო წარმატებები და წარუმატებლობები… იყო „ძიუდოს შატალო“ და იყო პრობლემურ პერიოდში სპორტისკენ მიმავალი „ბეწვის ხიდიც“, რომელიც საბოლოოდ წარმატებით გაიარა…

„პატარაობიდან აქტიური ბავშვი ვიყავი. 4 წლის ასაკში ქართულ ცეკვაზე შევედი, მერე ცურვაზეც ვიარე . 9 წლის რომ გავხდი ასე ნახევარი წლის განმავლობაში არ ვიყავი სპორტით დაკავებული და შემაწუხა უსაქმურობამ, სახლში ვანგრევდი ყველაფერს. ერთ დღესაც მამაჩემმა გადაწყვიტა, სპორტზე მივეყვანე. ადრე თავადაც ჭიდაობდა და უნდოდა, რომ მეც სპორტსმენი გამოვსულიყავი. კონკრეტულად რა სპორტი იქნებოდა არ იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო ჭიდაობა, ძიუდო ან რაგბი განიხილებოდა. 31-ე ქარხანასთან იყო ჭიდაობის დარბაზი და რომ მივედით დაკეტილი დაგვხვდა,  არ ტარდებოდა იმ დღეს ვარჯიშები. შემდეგ შევარდენის ბაზაზე ვიყავით – მანდედანაც გამოგვაბრუნეს და მერე კითხვა-კითხვით მივაგენით ძიუდოს დარბაზს. კარენ არუთინიანთან დაივიწყე ვარჯიში და დღემდე ისაა ჩემი პირადი მწვრთნელი. ცოტას კი ვაბრზებ ხოლმე, მაგრამ უზომოდ მიყვარს, ძალიან ბევრი აქვს ჩემთვის გაკეთებული. სანამ მე ნაკრებამდე მივიდოდი, ასე ვთქვათ მან „დამიჭირა“. ყველა ცუდ რაღაცას მომარიდა, ყველანაირად ცდილობდა, რომ ქუჩისკენ და ცუდი რაღაცისკენ არ გამეხედა. საერთოდ მწვრთნელებში ძალიან გამიმართლა, რადგან მერე ნაკრებში უკვე გვერდით მყავდა ჩემს კარიერაში მთავარი და ძლიერი ფიგურა ლაშა გუჯეჯიანი, რომ არა ის – არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ. ისე მედგა გვერდში, რა სიტყვებით აღვწერო, არ ვიცი. მინდა, ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო, მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიქნები მისი უზომოდ მადლიერი.                                           

თავდაპირველ წლებში, ბავშვი რომ ვიყავი, ვერ ვხდებოდი რას ვაკეთებდი, მაგრამ რომ გავიდა ერთი-ორი წელი, ერთგვარ აზარტში შევედი. პირველი მედალი  ნაძალადევში ჩატარებულ შეჯიბრზე ავიღე. იქიდან რომ წამოვედი მეტროში მედალი მეკიდა და მედალთან ერთად დავიძინე. მერე უკვე ეს მედლები მიხაროდა და მისი მოპოვების ჟინი მქონდა.  შემდეგ რთული პერიოდი მქონდა – მედლებისა და წარმატებების მერე, ალბათ, ორ წლამდე ჩამივარდა, არ ვიცი რა მოხდა, ასაკის ბრალი იყო თუ რისი. მამაჩემს ვეუბნებოდი, რომ გამოვეყვანე სპორტიდან. ძიუდოს „შატალოზეც“ დავდიოდი. სწორედ აი ამ პერიოდში მიუძღვით განსაკუთრებული წვლილი იმაში რომ მე სპორტზე დავრჩი  კარენ ანუთინიანს, დედაჩემს და მამაჩემს. მამაჩემმა საერთოდ მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა. დედაჩემიც,  რაც შეეძლო იმას აკეთებდა, ერთი წამით ყურადღება არ მოუკლიათ. როდესაც  ვარჯიშს ვაცდენდი, დარბაზიდან დაურეკავდნენ ხოლმე ჩემს მშობლებს და ამის მერე ხდებოდა ჩემი მოძებნა, ბევრჯერ უკითხავს მამაჩემს ჩემთვის – „ არ გინდა ძიუდო?” – ვეუბნებოდი, რომ არა, გამომიყვანე  და ამაზე მპასუხობდა, რომ მაგაზე უნდა იოცნებო, რომ შენ მე ძიუდოდან გამოგიყვანოო. ამის შემდეგ  გავიდა რამდენიმე ხანი და  ისევ დავიწყე შედეგების გაგეკეთება. მალევე საერთაშორისო ტურნირებზეც მოვხვდი; ორ წონაში გავხდი ჩემპიონი – 73 ვიყავი, მერე მძიმეშიც მოვიგე; სომხეთში ვართ ბევრჯერ ნამყოფი  საერთაშორისო ტურნირებზე და მანდაც ვიგებდი ხოლმე მედლებს. თუმცა 2012 -2013 წელს მაქსიმუმ მესამე ადგილი ამეღო. აქვე მინდა ვთქვა ერთი რამ აუცილებლად, რომ ძიუდომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც მასწავლა არის დამოუკიდებლობა. 12-13 წლის რომ ვიყავი, დუშეთში იყო შეკრება და ჩემს 4 გუნდელთან ერთად ვიყავი იქ, მშობლების გარეშე. იქვე გვიქირავეს სახლი და 12 წლის ბიჭები ჩვენით ვიმზადებდით საჭმელს და თან ვარჯიშზე დავდიოდით.

შემდეგ  კი უკვე ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპი 2015 წლიდან დაიწყო, სწორედ ამ წლის   საქართველოსთვის ვემზადებოდი განსაკუთრებულად. ბაკურიანში ვიყავი ჩემს მწვრთნელთან ერთად. მაშინ მქონდა ხოლმე მაგალითად ასეთი ვარჯიშები  – წრეს რომ დავარტყამდი და შევიდოდი  ოთახში დაღლილი, ჩემი მწვრთნელი შემოდიოდა და მეუბნებოდა ადექი და კიდევ ერთი წრე დაამატე. აბაზანაში შესასვლელად რომ ვემზადებოდი, დაღლილზე ისევ ჩამიცვია და 4-5 კილომეტრიანი წრე კიდევ მირბენია. ამ ყველაფერს შეიძლება ფიზიკურად იმდენად არა, მაგრამ ფსიქოლოგიურად მაძლიერებდა. ზოგადად ხასიათს აქვს სპორტში ძალიან დიდი მნიშვნელობა –  ხასიათი ჭიდაობს. ეს ხასიათი კიდევ მოდის იქიდან რომ უკან როდესაც მიიხედები, ცალკე  ვარჯიში უნდა გიმაგრებდეს ზურგს და ცალკე რეჟიმი, რომ შენი ხასიათი არ შეარყიოს“

-2015 წელს მოყვა კიდეც შენს მონდომებას შედეგი…

-კი, მოყვა. საოცნებო რაღაც გავაკეთე ჩემს ცხოვრებაში, ეს იყო ჩემი პირველი დიდი ნაბიჯი, საიდანაც, ფაქტობრივად, დაიწყო ჩემი სპორტული კარიერა. ჭაბუკების ევროპაზე მესამე ადგილი ავიღე; თბილისის ოლიმპიადაზეც მესამე ადგილი ავიღე. მომდევნო წელს კი ევროპის ჩემპიონატზე ტატამიტან გავიქეცი. იუთუბზე რომ ჩაწერო ჰანსოკუ-მაკე ესევე ჩემს ამ შეხვედრას აგდებს. ტრენინგი ჩაატარეს ამის მიხედვით, თუ როგორ არ უნდა მოიქცე. ამის შემდეგ უკვე ახალგაზრდებს  შორის ავიღე ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი. რაღაცნაირად არ მჯეროდა ჩემი თავის; შეიძლება, დღემდე ეს იყოს ჩემი მთავარი პრობლემა რომ არ მჯერა საკუთარი თავის.

ამავე წელს, 18 წლისამ ვიჭიდავე 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი. ახლა რომ 18 წლის ბიჭებს ვუყურებთ, აღარ არის გასაკვირი, მაგრამ მაშინ ეს ბევრ რამეს ნიშნავდა, თუმცა ლაშა გუჯეჯიანმა მომხსნა მთლიანად პასუხისმგებლობა. მითხრა, რომ ჩვენ აქ გამოცდილების გამო ვართ ჩამოსულები, ჩვენ აქ უნდა ვისწავლოთ. მოეშვი, არაფერი არ გაქვს საპასუხისმგებლოო. ისე მოხდა, რომ პირველ და მეორე დღეს ცუდად წავიდა საქმე და მედალი ვერ ავიღეთ, მესამე დღესაც ძალიან კარგი ბიჭები ასპარეზობდნენ, მაგრამ წააგეს მათაც. თუმცა სანამ დამარცხდებოდნენ, მე უკვე ორი შეხვედრა მქონდა მოგებული ამ პასუხისმგებლობის გარეშე და თავისუფლად ვიყავი ტატამზე. მაგრამ შემდეგ ნახევარფინალში შევხდი ბაშაევს, რომელიც ახლაც ერთ-ერთი სერიოზული კონკურენტია მძიმე წონაში და მასთან წავაგე, თუმცა უბრძოლველად არ დავმარცხებულვარ. ამ შეხვედრის შემდეგ რომ გამოვედი, მაშინ მითხრა გუჯეჯიანმა, რომელიღაც წელი გაიხსენა – მე ჩამოვიტანე იმ შეჯიბრიდან მარტო მედალიო და ჩამეღიმა, მივხვდი – რასაც გულისხმობდა.  მესამესთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელს შევხდი და ვაზარს ვაგებდი თავიდან, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს შეხვედრა არ უნდა დამეთმო და მოვიგე კიდეც. შემდეგ იწერებოდა კრახს გადაარჩინაო, მთავარია – არავის ვათქმევინეთ, რომ მედლის გარეშე ჩამოვედით.

ასე რომ ამ შეჯიბრზე ასე კარგად იმიტომ ვიჭიდავე, რომ ჯერ სრულიად მომხსნა მწვრთნელმა პასუხისმგებლობა და შემდეგ სწორი მოტივაცია მომცა. ზოგადად, ლაშა გუჯეჯიანი ყოველთვის მეუბნება – რაც მე ვერ შევძელი და ვერ განვახორციელე, მინდა, რომ შენ განახორციელო, შენს გამარჯვებას ჩავთვლი ჩემს გამარჯვებად. ჩათვალე, მე მოვიგე ის ყველაფერი, რასაც შენ მოიგებო.

-როგორ ფიქრობ, რა არის ის სპორტული ნიუანსები, რაც ყველაზე მეტად დაგეხმარება ამ ყველაფერში და რამ შეიძლება ხელი შეგიშალოს – შენს მთავარ პლუსად და მინუსად, რას მიიჩნევ?

– წარმატება შეიძლება მომიტანოს ისევ იმან, რასაც აქამდეც მოუტანია – მწვრთნელისთვის მოსმენა და დაჯერება, რეჟიმში ყოფნა, ვარჯიში, სწორი კვება; სახეზე ღიმილი, რომ არ გავიფუჭო ხასიათი. შეკრებაზე დიდხანს ყოფნამ შეიძლება დაგთრგუნოს ადამიანი და ახლა ისე ვიქცევი და ყველაფერს ისე ვიწყობ, როგორც სახლში მოვიქცეოდი და აღარ მოქმედებს ხასიათზე. რადგან ჩვეულებრივი ამბავია, რომ შეკრებაზე უფრო დიდ დროს ვატარებ და სახლში სტუმრად ვარ.

უშუალოდ სპორტულ ნიუანსებში დადებითი ის მაქვს, რომ ორივე მხარეს ჭიდაობა შემიძლია. როდესაც ფორმაში ვარ მომენტი რომ გამიჩნდეს, იმდენად ვგრძნობ ჭიდაობას, 60 კგ-ის ძიუდოისტი რასაც აკეთებს, იმასაც გავაკეთბ, სულ რომ 160 კილოგრამს ვეჭიდებოდე.

მინუსი არის ის, რომ ენერგიული ვარ, მრავალფეროვნება მიყვარს, თან ძალიან. ერთ ადგილას გაჩერება მიჭირს. თავისუფალი ადამიანი ვარ, ცხოვრება მიყვარს. მებრძვის ეს თავისუფლების ჟინი, მაგრამ არ ვამარჯვებინებ და რეჟიმიდან არ ვუხვევ.  ამ მრავალფეროვნების სიყვარულსაც ისევ ძიუდოში განვახორციელებ და ენერგიასაც ძიუდოში დავხარჯავ.

-ზოგადად ქართველებში მინუსად ძალიან ხშირად სახელდება ხოლმე გამძლეობა და ნევაზა…

-კი, მაგრამ ჩვენს გუნდში ეს პრობლემები აღარ არის. დღესდღეობით ჩვენს პროექტში გამძლეობის პრობლემა ფაქტობრივად აღარავის აღარ აქვს. მე მაქვს შედარებით და ვმუშაობ ამაზე. პარტერში ჭიდაობაც კარგად იციან ბიჭებმა, მარტო ტატო გრიგალაშვილის მაგალითი რად ღირს.  უშუალოდ მე რაც შემეხება, მძიმე წონაში ნაკლებად არის ნევაზაში ჭიდაობა, მაგრამ თუ დამჭირდა, თავის დაცვაც ვიცი და თავდასხმაც შემიძლია, თუ მომენტი ჩამივარდება.

-რადგან გუნდი ვახსენეთ, გკითხავ – როგორ დაიწყო ყველაფერი და რას ნიშნავს შენთვის „გამოწვევა 2020“?

-2017 წელს,  როდესაც შეიქმნა „პროექტი 2020“, მასში მოხვედრის პირობა იყო იმ წელს ოფიციალურ შეჯიბრებებზე მედლის აღება. თავდაპირველად ამ კრიტერიუმით შეირჩა. თუმცა სხვა სპორტსმენებმაც ყველამ იცოდნენ დილით სად ვვარჯიშობდით და თუ ჩვენ შეკრებიდან მივდიოდით იქ, ისინი სახლებიდან საკუთარი ხარჯებით მოდიოდნენ. მწვრთნელებმაც რომ დაინახეს ეს ბიჭებიც მონდომებულები იყვნენ, გამოაცხადეს, რომ ამ პროექტის კარი არის ღია და მიიღეს ეს ბიჭები პროექტში და ნახევარზე მეტი დღემდე არიან.  ამ პროექტის დაწყებიდან ყოველი ახალი დღე არის წინსვლა და განვითარება. 2020-მა მომცა ყველაფერი, რაც გამაჩნია. თავიდან, 2017 წელს, ხშირად გვესაუბრებოდნენ იმაზე, რომ  პროფესიონალები უნდა გამოხვიდეთო და მეც ზეპირად ვამბობდი ამას, იმდენად ვერ ვიაზრებდი, რას ნიშნავდა. შემდეგ უკვე მივხვდი, რომ ძიუდოს ისე აღარ ვუყურებ, როგორც უბრალოდ სპორტს – ცხოვრებასთან შევასისხლხორცე. თუ ვაგებ შეჯიბრს, არ ვხრი თავს. ვიცი, რომ ზოგადად ცხოვრებაც ასეთია – ხან ჩავარდნაა, ხან აღმავლობაა, ხან სტაბილურობაა.

-უშულოდ გუნდზე, მის წევრებზე რას იტყვი, როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან?

-ჩვენი გუნდის დევიზია და გუჯეჯიანიც სულ ამას გვეუბნება – ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა,  შენ წააგებ თუ მოიგებ,  იმ შემთხვევაში თუ შენს 100%-ს ტატამზე ტოვებ; ბოლომდე იბრძვი, სისხლს ასხამ და ერთი წამით არ ფიქრობ იმაზე, რომ ეს შეხვედრა უნდა დათმო. იმ შემთხვევაში, თუ ასე მოიქცევით, იმდენად მაგარი გუნდი ხართ, რომ ერთი პროცენტია შანსი წაგებისო და მართლაც ასეა.  ზოგადად, 2020-ში ვინც ვართ, ყველას პირველობის სურვილი გვაქვს, ყველა საჩემპიონოდ ვართ, ან ეს თავად შევქმენით, რომ ჩემპიონობისთვის ვიყოთ დაბადებულები. ჩვენ გვაქვს ხოლმე  ჩვეულებრივად მწვრთნელთან ამ თემაზე საუბარი, რომ რეკორდებზე შეგვიძლია გასვლა. პირადად ჩემთვისაც ხშირად უთქვამთ, რომ შენგან ერთი მსოფლიოს და ევროპის მოგება არ გამიკვირდება. ასე ვფიქრობთ და შენს შესაძლებლობებსაც ასე ვხედავთ, რომ რეკორდები შეგიძლია. ამ ყველაფერის მერე როგორ შეიძლება ჩვენც ჩვენი მაქსიმუმი არ ჩავდოთ. ფედერაციისგან ძალიან დიდი ხელის შეწყობა გვაქვს, იმხელა კომფორტი გვაქვს შექმნილი, რომ უბრალოდ უნდა ვივარჯიშოთ და ხელი და ფეხი გავამოძრაოთ –  საკვები, საცხოვრებელი, დაფინანსება, წასვლა-წამოსვლა – არაფერი არ გვაკლია, ძალიან მაგარი ფედერაცია გვყავს. ეს „გამოწვევა 2020“ არის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი ქართულ სპორტში და ჩვენც ასე თუ ისე გავამართლეთ გაცემული ავანსები და გარკვეული სიხარული უკვე მოვუტანეთ ქვეყანას.

რაც შეეხება უშუალოდ გუნდის წევრებს –  ნაკრებში სხვადასხვანაირი ძიუდოისტები გვყავს, ყველა განსხვავდება ერთმანეთისგან: საჭიდაო სტილით, ხასიათით. მე მაგალითად, ჩემი აზრით,  ერთი პლუსი ის მაქვს, რომ  შემიძლია კარგი დავინახო ჩემი მეგობრებისგან, ავიღო და როგორც მაგნიტი მივიწებო. ასევე ისიც მიყვარს რომ შევუსწორო თუ რამე ვიცი, ან ერთად ვიმუშაოთ იმ რაღაცაზე. ვარჯიშებზე რომ ვართ ხოლმე და რაიმე ილეთს ვამუშავებ, უცბად გავხედავ სხვა  სხვანაირად აკეთებს, აბა, ასე სცადე ვეუბნები და გვაქვს დიალოგები ხოლმე და ერთმანეთს ვავსებთ, გაგვაქვს ერთმანეთი. მშვენიერი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.

-ზოგადად ძიუდოში სად ხედავ საკუთარ თავს?

-ან ტოპსპორტსმენი გავხდები, ან საერთოდ არსად არ ვიქნები. საშუალო დონის სპორტსმენობას არ ვაპირებ. იმდენს ვიზამ, რომ შევიდე ტოპსპორტსმენებში. ვიბრძოლებ ამისთვის. ვერ ვიტან მეორე და მესამე ნომრობას. პირველობისთვის ვარ დაბადებული და მჯერა, რომ სპორტში შენი ბედი შენ თვითონ უნდა გამოჭედო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი