მთავარი მთავარი ლეგენდარული ოთარ გაბელია იუბილარია

ლეგენდარული ოთარ გაბელია იუბილარია

ავტორი კახა მიხანაშვილი
426 ნახვა

დღეს, თბილისის ,,დინამოს” ლეგენდარული მეკარე ოთარ გაბელია 67 წლის გახდა.

საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე ზუგდიდში 1953 წლის 24 მარტს დაიბადა.

გაბელიამ ფეხბურთზე სიარული მშობლიურ ზუგდიდში 1967 წელს 15 წლის ასაკში დაიწყო.
1970 წელს კი ზუგდიდის ,,დინამოში” ჩაირიცხა.

ზუგდიდიდან 1972 წელს სოხუმში გადაბარგდა და იქაურ კლუბ ,,დინამოში” 2 სეზონი დაჰყო.

1974 წელს კარიერა იმ დროისთვის საქართველოს რანგით მე-2 საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ,,ტორპედოში” გააგრძელა.
იმერულ გუნდში გაბელიამ 109 შეხვედრა ჩაატარა.

ოთარ გაბელიას ნიჭი და ტალანტი თბილისის ,,დინამოს” განუმეორებელ მწვრთნელს ნოდარ ახალკაცს არ გამოპარვია და 1977 წელს იგი საკუთარ გუნდში მიიწვია.

ოთარ გაბელიამ ,,ფარსადანოვიჩს” იმედები გაუმართლა და გუნდის ძირითად მეკარედ იქცა.

გაბელიამ ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. მან ,,დინამოსთან” ერთად 1981 წლის 13 მაისს ევროპის თასების მფლობელთა თასი აღმართა.
მანამდე კი 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.
1979 წელს კი საბჭოთა კავშირის თასი დაისაკუთრა.

1979 წელს ოთარ გაბელია საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

გაბელიამ 1977–1982 წლებში თბილისის ,,დინამოში” 129 შეხვედრა ჩაატარა.

1983–1984 წლებში ქუთაისის ,,ტორპედოში” დაბრუნდა.

1985–1990 წლებში კი თბილისის ,,დინამოში” გამოდიოდა და კარიერაც დედაქალაქურ გუნდში 37 ასაკში დაასრულა.
თბილისურ კლუბში დაბრუნებულმა ოთარ გაბელიამ ,,დინამოში” 142 მატჩი ჩაატარა.

გაბელიამ 1979 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრებში ერთი შეხვედრა ჩაატარა.

კარიერის დასრულების შემდეგ ოთარ გაბელიამ სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი.
იგი ზუგდიდის ,,ოდიშის”, გურჯაანის ,,ალაზანის”, ყვარლის ,,დურუჯის”, მარნეულის ,,ალგეთის”, თბილისური კლუბების ,,თსუ”-ს და ,,მერანის”, ასევე ქუთაისის ,,ტორპედოს”, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და ,,ზუგდიდის” მთავარი მწვრთნელი გახლდათ.
წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეების მწვრთნელი იყო.

,,სპორტერის” რედაქცია ულოცავს ქართული ფეხბურთის ლეგენდას დაბადების დღეს და ჯამრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი