მთავარი საქართველოეროვნული ლიგა გაუმარჯოს, დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს! – დღეს ქართული ფეხბურთის დაბადების დღეა

გაუმარჯოს, დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს! – დღეს ქართული ფეხბურთის დაბადების დღეა

ავტორი კახა მიხანაშვილი
58 ნახვა

,,გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს ! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!” – ასე დაასრულა მიმართვა იმ დროს ეროვნულ განმანთასუფლებელი მოძრაობის ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ  “დინამოს” სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივართან 1990 წლის 30 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ მატჩის დაწყებისას.

1990 წლის 30 მარტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დაუვიწყარი თარიღია. ამ დღეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული ჩემპიონატის მატჩი გაიმართა.

ეროვნული პირველობის პირველ მატჩს წინ საოცარი ისტორია უძღვოდა.
ქართულმა გუნდებმა უარი განაცხადეს საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატში თამაშზე და საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატის ჩატარება გადაწყვიტეს. თან ეს იმის ფონზე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ  არ ჰქონდა მოპოვება.

ისტორიული მატჩის მოლოდინში
“დინამოს” სტადიონის სალაროებთან გრძელი რიგი იდგა.
ყველას უნდოდა საკუთარი თვალით ეხილა ქართული ჩემპიონატის პირველი შეხვედრა.
თან, ვინც ამ მატჩზე ბილეთს შეიძენდა და 10 წლის განმავლობაში შეინახავდა, მას იმავე ბილეთით 2000 წლის საქართველოს ჩემპიონატის გახსნის მატჩზე დაესწრების უფლება ექნებოდა.

სალარებთან გულშემატკივრებს, შორის მცირე კამათი მიმდინარეობდა. ერთი მხარე ამტკიცებდა, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან წამოსვლა ნაადრევი იყო და იქ უფრო მეტი საშუალება იყო გუნდების განვითარების, მეორე მხარე კი დარწმუნებული იყო, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან კარგი იქნებოდა და ქართული გუნდები თავის სიტყვას საქართველოს ჩემპიონატშიც იტყოდნენ.  თან, ამ ისტორიული მომენტის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა.

სტადიონზე ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო სუფევდა. “ბორის პაიჭაძის” საფეხბურთო არენა ბოლომდე გადავსებული იყო. ხალხს ხელში ქართული სამფეროვანი დროშები ეჭირა.
გასხნის ცერემონიალი დაიწყო.
ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა შესანიშნავი განწყობა შექმნეს.
პირველად “დინამოს” სტადიონზე საბჭოთა ჰიმნის, ნაცვლად ქართული ეროვნული ჰიმნი ,,დიდება” გაისმა.
გულშემატკივარი ცრემლებს ვეღარ იკავებდა.
სტადიონზე ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ ემოციური სიტყვა წარმოსთქვა.

ზვიად გამსახურდია : “საყვარელო დანო და ძმანო, გილოცავთ ნანატრი დღის დადგომას, გილოცავთ ეროვნული ჩემპიონატის პირველ დღეს. ძვირფასო მეგობრებო, ამ დღეს ქართული ფეხბურთი შემოუერთდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას და ერთად იბრძვის საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. იმპერიული ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის გამოყოფას, იმპერიული ფედერაციისაგან.
გაუმარჯოს, დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს ! ”
5-6 წუთის განმავლობაში ტაშის გრიალი არ წყდებოდა.

სიმბოლური იყო ის ფაქტიც, რომ ეროვნული ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ფოთის “კოლხეთი” და თბილისის “იბერია” (“დინამო”) შეხვდნენ.
ფოთი – ამ პატარა ზღვისპირა ქალაქიდან შემოვიდა საქართველოში ფეხბურთი.
“დინამო” კი ქართული ფეხბურთის ფლაგმანი და  ყველაზე წარმატებული ქართული გუნდია საბჭოთა კავშირის ისტორიაში. თუმცა “დინამოს” სახელი გადაარქვეს და ამ კლუბმა ეროვნული პირველობის რამდენიმე ჩემპიონატში “იბერიას” სახელით იასპარეზა.

“იბერიას” მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული დავით ყიფიანი იყო, ხოლო “კოლხეთს” კი ჯონი ჯანელიძე წვრთნიდა.
“იბერიას” რიგებში რამდენიმე გამირჩეული ფეხბურთელი თამაშობდა : თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე, გრიგოლ ცაავა, გია გურული, გელა კეტაშვილი.
“კოლხეთი” კი ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.
ეროვნული დროშის აღმართვის შემდეგ შეხვედრა დაიწყო.
პირველი ბურთს 9 წლის ვიტალი დარასელია შეეხო, რომელიც მინდორზე ხელში აყვანილი გამოიყვანეს. ეს ბიჭი იმ დიდი ვიტალი დარასელიას ვაჟია, ვინც 1981 წლის 13 მაისს, თასების მფლობელთა თასის ფინალში საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

“იბერია”- “კოლხეთის”  მატჩში მხოლოს ერთი გოლი გავიდა.
გასაკვირია, თუმცა ფაქტია ერთადერთმა ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.
საბოლოოდ ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი ფოთის “კოლხეთის” გამარჯვებით 1-0 დასრულდა.
გულშემატკივრები მატჩის შემდეგაც ემოციებს ვერ მალავდნენ. იმ წუთებში მართლაც საოცარი რამ ხდებოდა. რაც მათ წლების განმავლობაში წარმოუდგენლად მიაჩნდათ, უკვე რეალობა იყო. ჩვენ ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი მაშინ გვქონდა, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ არ გვქონდა მოპოვებული.

ამ ამბიდან 1 წლისა და 10 დღის თავზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

წელს 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას 81 წელი შეუსრულდებოდა.

ისტორიული მატჩის მონაწილეები:

თბილისი, “ბორის პაიჭაძე”

მაყურებელი: 80 000

“იბერია” (თბილისი) 0:1 “კოლხეთი” (ფოთი)
კეტაშვილი საკ. კარში.

“იბერია”: ხაპოვი, კეტაშვილი, ცხადაძე, არზიანი, ჭედია, რევიშვილი (ჩიქოვანი), ქეცბაია, კაჭარავა, ცაავა (ჯიშკარიანი), გურული, გოგიჩაიშვილი

“კოლხეთი”: გვასალია, კურგენიანი, ქაჯაია, გიორგაძე, გიგატაძე, შამათავა, თოფურია (თიბილაშვილი), მახარაძე (ინიაშვილი), ჯუღელი, თვარაძე, ავრამიდისი (ბაჯალაძე)

ისტორიული მატჩიდან 30  წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა ჩემპიონატმა არაერთი ქარ-ტეხილი გამოიარა. იყო წარმატებებიც და იყო უფრო მეტი წარუმატებლობები. დღემდე ვერცერთმა ქართულმა გუნდმა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ  ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გააღწია. მხოლოდ ერთხელ თბილისის “დინამო” მაშინდელი უეფას თასის ჯგუფში გავიდა.

ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ეროვნულ პირველობას ძალიან ცოტა მაყურებელი ესწრება და იმ პირველ მატჩში დაფიქსირებული დასწრების რეკორდი დღემდე არ გაუმჯობესებულა.

თუმცა, ქართველ ქომაგებს იმედი გვაქვს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებულ ერთა ლიგის 1/2 ფინალურ და შემდეგ ფინალურ მატჩებს საქართველოს ნაკრები მოიგებს და ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავა.
ამით კი ქართულ ფეხბურთში ახალი დროება დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი