მთავარი მსოფლიოესპანეთი ,,ჩემი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობაა, ოცნება კი საქართველოში ცხოვრება” – გაიცანით მოკრივე დავით შუბითიძე

,,ჩემი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობაა, ოცნება კი საქართველოში ცხოვრება” – გაიცანით მოკრივე დავით შუბითიძე

ავტორი კახა მიხანაშვილი
224 ნახვა

15 წლის მოკრივე დავით შუბითიძე ოჯახთან ერთად ესპანეთში ცხოვრობს. მან წელს, კლუბებს შორის ჩატარებულ ესპანეთის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.

ესპანეთის ჩემპიონი შუბითიძე გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განვლილ ცხოვრებაზე საუბრობს და ამბობს, რომ კვარცხლბეკზე ასვლისას ესპანურის ნაცვლად, ქართული ჰიმნი რომ გაეგო, სულ სხვა ემოცია ექნებოდა.

დავითი აცხადებს, რომ მისი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობა, ხოლო ოცნება კი საქართველოში ცხოვრებაა.

დავით შუბითიძე: ,,კრივი ახლა უკვე ჩემი პროფესიაა. შარშან ანდალუსიის ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა და მეორე ადგილი დავიკავე. შემდეგ რეგიონებს შორის გამართულ ესპანეთის ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავედი
წელს, თებერვალში, კლუბებს შორის ესპანეთის ჩემპიონატი ჩატარდა და გავიმარჯვე, ესპანეთის ჩემპიონი გავხდი.
63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვასპარეზობ. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება, მაგრამ კვარცხლბეკზე ასვლისას ესპანურის ნაცვლად, ქართული ჰიმნი რომ გამეგო, სულ სხვა ემოცია მექნებოდა. ეს ჰიმნი თითქოს ვერ შევიგრძენი.

კრივამდე ფეხბურთზე დავდიოდი; ტაილანდური ჩხუბით, ასევე რაგბითაც დავინტერესდი, მაგრამ კრივში თითქოს საკუთარი თავი ვიპოვე. თავისიფალი დრო თითქმის არ მაქვს. კლუბში 2-3 საათი მაინც ვვარჯიშობ, შაბათ-კვირას დავრბივარ და მეგობრებთანაც ვახერხებ დროის გატარებას.
ჩემი საყვარელი მოკრივეები ძველებიდან მაიკ ტაისონი და მუჰამედ ალი არიან. თანამედროვეებიდან კი საულ კანელო ალვარესი და რაიან გარსია. მოკრივეებზე ფილმებსაც ვუყურებ, მაგრამ უფრო რინგების, ჩემპიონატების ჩანაწერების ყურება მიყვარს.

ჩემი ოჯახი უკვე 11 წელზე მეტია, ესპანეთში ვცხოვრობთ…დედა პროფესიით ეკოლოგია, მამა – იურისტი, მაგრამ ახლა ერთ-ერთ კლუბის ადმინისტრატორია და დედაც მასთან საქმიანობს. გარდა ამისა დედა რესტორანშიც მუშაობს და ოჯახში ძიძათაც.
მყავს, ასევე 19 წლის სტუდენტი და, რომელიც ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს.
სევილიაში არც ქართული სკოლაა და არც ქართული ეკლესია, მაგრამ სახლში სულ ქართულად ვლაპარაკობთ. ქართული წერა-კითხვა 7-8 წლის ასაკში დავიწყე. ბებიამ საქართველოდან ,,დედა ენა” და რვეულები ჩამომიტანა. ბევრი საბავშვო ქართული წიგნი და ენციკლოპედია მაქვს.
ქართული ჩემი მშობლიური ენაა და ვამაყობ, რომ დღეს ამ ენაზე ვლაპარაკობ.

საქართველოში თავიდან 6 წლის განმავლობაში ჩამოსვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ როგორც კი საბუთები ავიღეთ, ჩამოვედით. ამის შემდეგ სამშობლოში, კიდევ ერთხელ ვიყავი და წელსაც ვაპირებდი მაგრამ… არადა მთელი წელი ამაზე ვოცნებობდი.
ყველას ვეუბნევი, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა…მენატრება ბებია-ბაბუა, ბიძები, ბიძაშვილები, მეგობრები. თბილისში ჩავდივარ ხოლმე, მაგრამ სოფელში ყოფნა უფრო მომწონს, იქ ლაღად ვგრძნობ თავს. თონის პური მიყვარს. ვინც საქართველოდან მოდის, ყველას ვეხვეწები წამომიღონ. კიდევ მიყვარს ხინკალი, ხაჭაპური, შაურმა, ტარხუნისა და ნაღების ლიმონათი.
ჩემი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობაა, ოცნება კი საქართველოში ცხოვრება” – აცხადებს ქართველი მოკრივე დავით შუბითიძე გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი