მთავარი მთავარი ,,ყველანაირი მდგომარეობიდან არის გამოსავალი, მთავარია სულიერად არ დაეცე!” – გაიცანით ქართველი გმირი პარასპორსტსმენი ალეკო გითოლენდია

,,ყველანაირი მდგომარეობიდან არის გამოსავალი, მთავარია სულიერად არ დაეცე!” – გაიცანით ქართველი გმირი პარასპორსტსმენი ალეკო გითოლენდია

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

,,ჩემი ბავშვობის ოცნება იყო სამხედრო ვყოფილიყავი. პატარაობიდან მესმოდა, რომ ვცხოვრობდი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მიწაზე, რომელიც ჩემი იყო მაგრამ…სურვილი მქონდა, ჩემი ქვეყნის კეთილდღეობაში წვლილი შემეტანა. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება ერთი წამითაც არ მინანია, პირიქით, ვამაყობ, რომ ჩემს ქვეყანას გამოვადექი” – აცხადებს გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში

ქართველი პარასპორტსმენი  ალეკო გითოლენდია.

კაპრალი ალეკო გითოლენდია 34 წლის გახლავთ. იგი 10 წლის წინ ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა. მან აფეთქებისას,  ასევე მარცხენა ხელის მძიმე დაზიანება მიიღო.

აი როგორ იხსენებს გითოლენდია იმ უმძიმეს წუთებს:
,,2010 წლის აპრილიდან ავღანეთში ვსახურობდი. იქ სულ სხვა სამყაროა, ხალხი წარმოუდგენელ პირობებში ცხოვრობს. არ არის ტელევიზორი, ელექტროენერგია. სოფლებში დავდიოდით, ვხდებოდით მოხუცებსა და ბავშვებს, ვიებდით, რა პრობლემები ჰქონდათ და რითაც შეგვეძლო ვეხარებოდით – საწვავით, რვეულებით, ზოგჯერ ტანსაცმელს და სათამაშოებსაც ვჩუქნიდით…
ავღანეთში იყო ბაზრობა, სადაც ბავშვები ნარკოტიკებით, წამლითა და იარაღით ვაჭრობდნენ.
დაიგეგმა ოპერაცია, რომ ეს ბაზარი აგვეღო. ღამით დავიკავეთ პოზიციები და გათენებას ველოდით. ამბოხებულთა ჯგუფი მოსალაპარაკებლად ჩადიოდა სოფელში და როგორც კი მთიდან დაეშვნენ, ცეცხლი გახსნეს. ერთი საათის განმავლობაში ისროდნენ სნაიპერები… მეთაურის ბრძანება მივიღე, რომ ბაზიდან გამოსული ჯგუფისთვის მიმართულება მენიშნებინა …სწრაფად გავრბოდი და ამ დროს დავაბიჯე ნაღმზე. ფეხი, რომ დავადგი ტკაცუნის ხმა გავიგე და აფეთქების ადგილიდან 10-15 მეტრში გადავარდი. ვიფიქრე ნაღმტყორცნი ისროლეს და წნევამ გადამაგდო მეთქი. წამოდგომა და გზის გაგრძელება გადავწყვიტე, მაგრამ ვერ შევძელი – წავიქეცი. გონება არ დამიკარგავს და მალევე მივხდი, რომ არცერთი ფეხი აღარ მქონდა. ერთი ამერიკელი ბიჭი დამეხმარა, რომ სისხლისგან არ დავცლილიყავი. გამაყუჩებელი 3-ჯერ გამიკეთეს მაგრამ მაინც საშინელი ტკივილი მქონდა.  თავის მოკვლის საშუალება არ მქონდა და სხვებს ვთხოვდი მომკალით-მეთქი. მეგონა 1%-იც კი არ მქონდა გადარჩენის შანსი…
ავღანეთშივე გადამოყვანეს სამედიცინო ცენტრში. მერე მომამზადეს მგზავრობისთვის და 3 დღის შემდეგ გადამაფრინეს გერმანიაში. 5 თვე ვკურნალობდი. 28 ოპერაცია გამიკეთეს ნარკოზით და 3 ნარკოზის გარეშე. ამის გარდა, კიდევ 5 ოპერაცია დამჭირდა. სულ 36 ოპერაცია ჩამიტარდა.  რომ არა იქაური ექიმები ამდენს ვერ გადავიტანდი. ” – ყვება თავის უმძიმეს ისტორიას ,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ალეკო გითოლენდია.

ალეკო გითოლენდიამ რთული პერიოდი ვაჟკაცურად გადაიტანა და დღეს ჩვენს ქვეყანას სპორტსმენის რანგში ემსახურება.

სპორტული კარიერის შესახებ გითოლენდია გვიამბობს:
,,ავღანეთში წასვლამდე 5 თვით ადრე ცოლი მოვიყვანე. არც სახლი მქონდა და არც კარი. ვფიქრობდი, ამ მდგომარეობაში ვერაფრის გაკეთებას ვეღარ შევძლებდი.
მერე მივხდი, რომ აუცილებელი იყო სპორტულ აქტივობებში ჩართვა. მთავარია მიზანი დაისახო და მისკენ მიმართო გონება.
ამერიკაში სპორტული ღონისძიებები ხშირად ტარდებოდა და პროტეზირებისა და რეაბილიტაციისთვის, რომ ჩავედი, სურვილი გამიჩნდა მეც მიმეღო მონაწილეობა. დავიწყე ვარჯიში და შედეგსაც მივაღწიე.
ცურვაში 500-მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილი დავიკავე. შარშან ამერიკაში ქართველებმა პარაკალათბურთში ოქროს მედალი ავიღეთ. ცურვაში კი ბრინჯაოს მედალი.
წარმატებაში ფილოსოფიური ლიტერატურაც დამეხმარა. პირველ რიგში თვითონ უნდა გინდოდეს იყო ბედნიერი, რათა ცხოვრებისა და ბრძოლის სურვილი დაგიბრუნდეს.
ამიტომ ვურჩევ ყველას შინ არ ჩაიკეტონ.” – აცხადებს ქართველი სპორტსმენი გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან”

ალეკო გითოლენდია ჯარისკაცის პროფესიის არჩევას არ ნანობს და აცხაფებს, რომ სამხედრო სამსახურში ყოფნა მისი ოცნება იყო.

ალეკო გითოლენდია: ,,ჩემი ბავშვობის ოცნება იყო სამხედრო ვყოფილიყავი. პატარაობიდან მესმოდა, რომ ვცხოვრობდი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მიწაზე, რომელიც ჩემი იყო მაგრამ…სურვილი მქონდა, ჩემი ქვეყნის კეთილდღეობაში წვლილი შემეტანა. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება ერთი წამითაც არ მინანია, პირიქით, ვამაყობ, რომ ჩემს ქვეყანას გამოვადექი.
ყველანაირი მდგომარეობიდან არის გამოსავალი, მთავარია სულიერად არ დაეცე!” –

ალეკო გითოლენდიას ჰყავს მშობლები, რომლებიც აფხაზეთში კერძოდ, გალში ცხოვრობენ. იქ სადაც ქართველი სპორტსმენი დაიბადა.

გითოლენდია სამხედრო აკადემიაში ირიცხება.  იგი გორში მეუღლე დიანა ოსეფაიშვილთან და წლისა და 3 თვის შვილ ელენიკოსთან ცხოვრობს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი