მთავარი საქართველოდიდი ათი რამაზ ხარაზიშვილი: ,,ქართველი ხალხი მუდამ გვერდში გვიდგას. ახლა დადგა დრო, მორაგბეებმა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯი ქვეყნისა და ადამიანების დასახმარებლად”

რამაზ ხარაზიშვილი: ,,ქართველი ხალხი მუდამ გვერდში გვიდგას. ახლა დადგა დრო, მორაგბეებმა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯი ქვეყნისა და ადამიანების დასახმარებლად”

ავტორი კახა მიხანაშვილი
25 ნახვა

რაგბის კლუბ ,,იუნკერების” მწვრთნელები და მორაგბეები, უკვე ერთი თვეა წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად ჩართულნი არიან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მათი ჯგუფები ყოველდღიურ რეჟიმში, წითელ ჯვართან და სხვადასხვა რაიონის გამგეობებთან შეთანხმებით, საკვებით, ჰიგიენური საშუალებებით და მედიკამენტებით ამარაგებენ მარტოხელა, მოხუცებულთა და სოციალურად დაუცველთა ოჯახებს. ისინი ამ ყველაფერს საზოგადოების მიმართ საკუთარ მოვალეობად თვლიან და ბრძოლის გაგრძელებას პანდემიის სრულ დამარცხებამდე აპირებენ:
„იუნკერებში ახალგაზრდული მენეჯმენტია და ყოველთვის ვიყავით ჩართული საზოგადოებრივ აქტივობებში. ახლაც, როგორც კი იძულების წესით მოგვიხდა სავარჯიშო პროცესის შეჩერება, დავიწყეთ ფიქრი – რით შეიძლებოდა დავხმარებოდით ქვეყანას და საზოგადოებას. ყველამ იცის, რომ ქართული რაგბი საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება და ქართველი ხალხი მუდამ გვერდში გვიდგას. ახლა დადგა დრო, მორაგბეებს გადაგვედგა ქმედითი ნაბიჯი ქვეყნისა და ადამიანების დახმარებისთვის. ეს იყო საკუთარი თავის რეალიზება პანდემიის პირობებში და „ვალის“ დაბრუნება საზოგადოებისთვის, რასაც ვიღებთ როგორც ფინანსური, ასევე სიყვარულის სახით“ – ამბობს ,,იუნკერების” კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი.

კლუბის მწვრთნელებს, მორაგბეებსა და პერსონალს, სრულად ჰქონდა გააზრებული, რომ დახმარების სურვილი, შესაძლოა, საზოგადოებისთვის დამაზიანებელი გამხდარიყო, თუ ამას არ ექნებოდა ორგანიზებული სახე და დახმარებისთვის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას მიმართა:
„ყველამ იცის, რომ ამ დაავადების გადადების რისკი ძალიან დიდია. ამიტომ, პირველი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ დახმარების ნაცვლად საზოგადოებისთვის მეტი ზიანი არ მიგვეყენებინა. გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით კომპეტენტურ ადამიანებს. წითელმა ჯვარმა ჩაგვიტარა გადამზადება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებული პროტოკოლებით. ვისწავლეთ როგორ დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა, რომ სხვას არ ვავნოთ, 2-3 დღის შემდეგ კი, ჩავერთეთ სამუშაობში. თავიდან გვევალებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დისტანციის დაცვის უზრუნველყოფა. ჩვენ ვიყავით განაწილებული იმ ადგილებში, სადაც იკრიბებოდნენ პენსიონერები. რამდენიმე დღის შემდეგ გადავედით პროდუქტების და მედიკამენტების მიწოდება-დასაწყობება-დაფასოების საქმეში. გადანაწილებული ვიყავით სხვადასხვა გამგეობებში და ეს პროცესი დღესაც ასე გრძელდება“ – გვიყვება ხარაზიშვილი, რომელიც მთავარ სირთულედ უსაფრთხოების წესების დაცვას მიიჩნევს:
„მორაგბეები ვართ და ფიზიკური შრომის კუთხით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მთავარი სირთულე უსაფრთხოების წესების დაცვაა. სულ დაძაბული ხარ, რადგან გაქვს დიდი პასუხისმგებლობა, რომ სხვების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნა“.

,,იუნკერების” მორაგბეები განვლილი ერთი თვის განმავლობაში უკვე დაეხმარნენ 6-ათასამდე ოჯახს. ისინი ამ პროცესს აგრძელებენ და მზად არიან ჩაერთონ ნებისმიერ სოციალურ კამპანიაში. ამავდროულად, მათ იციან, რომ მსგავს აქტივობებს სხვა კლუბების მორაგბეებიც ეწევიან და ბევრს პროცესში ჩართვის სურვილი აქვს:

,,ჩვენ მზადყოფნას ვაცხადებთ ჩავერთოთ ნებისმიერ ორგანიზებულ პროცესში, რომელიც ხალხის დასახმარებლად იქნება მიმართული. თუ რომელიმე კომპანიას, ან ორგანიზაციას ჭირდება მსგავსი დახმარება, შეუძლიათ ჩვენი იმედი ქონდეთ. ინფორმაცია მაქვს, რომ მსგავს აქტივობას სხვა სარაგბო კლუბებიც ეწევიან და  ასევე ყოველდღიური კონტაქტი მაქვს საქართველოს დიდ 10-ში მოთამაშე მორაგბეებთან და ვიცი, რომ ისინი ინდივიდუალურ მონაწილეობას იღებენ სოციალურ კამპანიებში და სურვილი აქვთ უფრო მეტი ჩართულობის, რათა მეტად დაეხმარონ ხალხს. ჩვენ გვჯერა რომ ამ რთულ პერიოდს ერთმანეთის დახმარებით  გადავივლით  და მალე დავამარცხებთ პანდემიას!“

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი