მთავარი მთავარი ,,გთხოვთ, ჩვენს ოლიმპიურ ნაკრებს მისცეთ მოსამზადებელი შეკრების ჩატარების უფლება” – საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართავს

,,გთხოვთ, ჩვენს ოლიმპიურ ნაკრებს მისცეთ მოსამზადებელი შეკრების ჩატარების უფლება” – საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართავს

ავტორი კახა მიხანაშვილი
62 ნახვა

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა 3-გზის  ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა  ფედერაციის ფეისბუკის გვერდზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მთავრობასა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებს მოსამზადებელი შეკრების ჩატარების უფლებას სთხოვს.

კახიაშვილი აცხადებს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ძალოსნობა კონტაქტური სპორტი არ არის და სპორტსმენებს ერთმანეთთან უშუალო შეხება არ უწევთ, საერთაშორისო ფედერაცია ტურნირების ჩატარების გეგმას განიხილავს.

კახიაშვილი პირობას დებს, რომ გუნდი  საკარანტინო მდგომარეობაში იქნება და
სოციალურ დისტანციას დაიცავს

აი რა წერია ძალოსნობის ფედერაციის მთავრობისთვის მიმართვაში:
„საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების საშიშროების გამო თავიდანვე ითვალისწინებს მედიცინის წარმომადგენლებისა და მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებსა და განკარგულებებს. ძალოსნობის ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდის წევრებმა თავიდანვე შეწყვიტეს შეკრებები და ვარჯიშს შინ, სახლის პირობებში განაგრძობენ.

მოგეხსენებათ გადაიდო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, სპორტის ზოგიერთი სახეობის წარმომადგენლებმა საერთოდ გააუქმეს წლეულს გასამართი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები თუ სხვა საერთაშორისო ასპარეზობები, თუმცა არის გამონაკლისებიც. ყოველ შემთხვევაში, ძალოსნობის საერთაშოროსო ფედერაცია ითვალისწინებს, რომ სპორტის ეს სახეობა უკონტაქტოა, რაც გამორიცხავს მეტოქესთან უშუალო შეხებას და ძალოსანს მხოლოდ შტანგასთან აქვს საქმე. ამიტომაც ჩვენი საერთაშორისო ფედერაცია არ გეგმავს არცერთი ჩემპიონატის გაუქმებას და შემოდგომაზე ძალოსნებს არაერთი საერთაშორისო ასპარეზობა ელით.

იმის გათვალისწინებით, რომ წინ გველოდება ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშები, გთხოვთ, რომ ჩვენს ოლიმპიურ ნაკრებს მისცეთ მოსამზადებელი შეკრების ჩატარების უფლება.
მოგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაგვიშვებთ რომელიმე სპორტულ ბაზაზე, ჩვენი გუნდი იქნება საკარანტინო მდგომარეობაში და დაიცავს სოციალურ დისტანციას.

ზოგიერთი ქვეყნის ნაკრები უკვე შეუდგა მზადებას ჩემპიონატებისთვის, ჩვენ კი ისევ სახლის პირობებში ვვარჯიშობთ, რაც მოყვარულისთვის დასაშვებია, თუმცა პროფესიონალურ დონეზე შეუძლებელია სპორტული ფორმის შენარჩუნება. ვშიშობთ, ჩვენი სპორტსმენები სავარჯიშო ფორმის აღდგენას დიდ დროს მოანდომებენ, რაც საბოლოოდ შედეგებზეც იქონიებს გავლენას. იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერების.“- ვკითხულობთ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის მიმართვაში.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი