მთავარი მთავარი ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია

ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია

ავტორი კახა მიხანაშვილი
740 ნახვა

დღეს, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11 გუნდური და 9 პირადი ოქროს მფლობელი, მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ნონა გაფრინდაშვილი 79 წლის გახდა.

,,ჭადრაკის დედოფალი” 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა.

ნონამ 1962, 1965, 1969, 1972, 1975 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო.

1978 წელს კი გროსმაისტერის წოდება დაიმსახურა.

ყველა დროის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკე

გაფრინდაშვილი 1963-1974, 1977-1986 და 1990-1992 წლებში მონაწილეობდა საჭადრაკო ოლიმპიადებში და საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ოლიმპიური ჩემპიონობის რაოდენობით. ის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს (1963, 66, 69, 72, 74, 78, 80, 82, 84, 86 — სსრკ ნაკრებში; 1992 — საქართველოს ნაკრებში) და ერთგზის ვერცხლის მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ინდივიდუალურად კი მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე ჩაატარა 128 პარტია. აქედან 94 მოიგო, 26 პარტია ყაიმით დაასრულა და სულ 8-ჯერ დამარცხდა.

1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.

გაფრინდაშვილი 1989-1996 წლებში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი გახლდათ. 1996 წლიდან კი ამ ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტია.

2000-2002 წლებში ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი იყო.

გაფრინდაშვილი ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერია.

ლეგენდარული მოჭადრაკე ვეტერანთა ტურნირებზე დღესაც წარმატებით ასპარეზობს. მას აქაც მსოფლიოს ჩემპიონის არაერთი ტიტული აქვს მოპოვებული

,,სპორტერის” რედაქცია ვულოცავთ ლეგენდარულ მოჭადრაკეს დაბადების დღეს. მადლობას ვუხდით საქართველოსთვის გაწეული სამსახურისთვის, უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.”

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი