მთავარი კალათბურთი ბექა ბურჯანაძე: ,,ვარჯიში განვაახლეთ, მაგრამ თამაშების გაგრძელება ჯერ არ გადაწყვეტილა”

ბექა ბურჯანაძე: ,,ვარჯიში განვაახლეთ, მაგრამ თამაშების გაგრძელება ჯერ არ გადაწყვეტილა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

ესპანურმა საკალათბურთო კლუბებმა ვარჯიში განაახლეს, თუმცა მკაცრი რეგულაციების დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეებმა ბინებიდან ღია მოედნებზე და დარბაზებში გადაინაცვლეს და ესპანეთის უმაღლესი ლიგის საგანგებო ფორმატიც შემუშავებულია,  ჯერაც უცნობია, განახლდება თუ არა 2019-2020 წლების სეზონი. თუ რა ვითარებაა გრან კანარიაზე და რა მოლოდინი აქვთ კლუბის ხელმძღვანელებს, ამას კუნძულელთა ქართველი ფორვარდი, ბექა ბურჯანაძე გვიამბობს…

,,ვარჯიშები დავიწყეთ, მაგრამ ცხადია, მკაცრი რეგულაციების დაცვით. ჯგუფ-ჯგუფად ვართ დაყოფილები და ინდივიდუალურად ვვარჯიშობთ. არის რამდენიმე ლოკაცია, სადაც პერიოდულად თითოეულ ჯგუფს უწევს ვარჯიში. მაგალითად მე და ჩემი 2 თანაგუნდელი ფიზმომზადების მწვრთნელთან ერთად ვიწყებთ დილის 9 საათზე ფეხბურთის მოედანზე ვარჯიშს. ჩვენი დარბაზის გვერდით არის “ლას პალმასის” საფეხბურთო კლუბის ბაზა და გარეთ სავარჯიშოდ მის მოედანს ვიყენებთ. თავდაპირველად აერობიკას და კარდიოს ვარჯიშებს ვასრულებთ, რაც შეიცავს სირბილს, ზიგ-ზაგებს, კუნთების გახურებას და დაცვითი სლაიდების გაკეთებას. შემდეგ ვინაცვლებთ ტრენაჟორებზე და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ვვარჯიშობთ. უკვე ბოლოს გადავდივართ 15-წუთიან ფრისტაილზე, დარბაზში და ძირითადად ბურთს კალათში ვესვრით. თითოეულს გვყავს ინდივიდუალური მწვრთნელი, რომლებიც ბურთს ხსნიან და გვაწვდიან…

ვარჯიში კი განვაახლეთ, მაგრამ ჯერაც უცნობია, გაგრძელდება თუ არა სეზონი. საბოლოო გადაწყვეტილება გამოტანილი არაა. როგორც ცნობილია, 30 მაისამდე უნდა გადაწყვიტოს ლიგის ხელმძღვანელობამ, გავაგრძელებთ თუ არა მარტის თვეში შეწყვეტილ ჩემპიონატს. გაგრძელების შემთხვევაში ფორმატი უკვე შემუშავებულია. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე ცხრილით 12 საუკეთესო გუნდი (ბ,რსელონა, რეალი, სარაგოსა, ტენერიფე, ბილბაო, ანდორა, ვალენსია, ბასკონია, უნიკახა, ბურგოსი, გრან კანარია და ხუვენტუდი) კანარის რომელიმე კუნძულზე – ან ჩვენთან, ან ტენერიფეზე შეიკრიბება და შემდეგი სისტემით ითამაშებს: 2 ჯგუფში განაწილდებიან 6-6 გუნდად. ჯგუფში ყველა ყველას ერთ წრედ შეხვდება და თითოდან საუკეთესო 2 გუნდი ნახევარფინალში გავა. ნახევარფინალები ერთმატჩიანი იქნება, ხოლო ფინალური სერია 2 ან 3 მოგებამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ  ესპანეთის ჩემპიონატში ასპარეზობენ თორნიკე შენგელია (ბასკონია) და გიორგი შერმადინიც (ტენერიფე), რომლებიც ასევე შეუდგნენ ვარჯიშს. ჩემპიონატის განახლების შემთხვევაში, სამივე მათგანის გუნდი პლეი ოფში იქნება და ზემოთაღნიშნული ფორმატით იბრძოლებენ საპრიზო ადგილებისთვის.

წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი