მთავარი მთავარი შოთა მიშველიძე: ,,ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიშის დროულად დაწყება, რათა ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოვიდეთ”

შოთა მიშველიძე: ,,ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიშის დროულად დაწყება, რათა ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოვიდეთ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

ძალოსანი შოთა მიშველიძე საქართველოს ეროვნული.ოლიმპიური კომიტეტის ,,ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში პანდემიის გამო სპორტის ამ სახეობაში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.

მიშველაძე აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიშის დროულად დაწყება, რათა ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნები ღირსეულად გამოვიდნენ. მითუმეტეს, რომ მათმა კონკურენტებმა დარბაზებში ვარჯიში უკვე დაიწყეს.

– როგორ ცხოვრობ პანდემიის რთულ პირობებში, რა სირთულეებს აწყდები?
– რა თქმა უნდა პანდემიამ გარკვეულწილად გავლენა ყველას ცხოვრების რეჟიმზე იმოქმედა და
არც მე ვარ გამონაკლისი. ვცდილობ დავიცვა ყველა ის წესები, რასაც ჩვენი მთავრობა და მედიცინის წარმომადგენლები გვთავაზობენ, ხოლო რაც შეეხება სახლში ყოფნას, ამას პანდემიამდეც მიჩვეული ვიყავი. მოგეხსენებათ, სპორტული რეჟიმი თავისთავად გარკვეული წესების დაცვას მოიცავს. ძალოსნებს ხშირად გვიწევს სპორტულ ბაზებზე ცხოვრება და შეკრების დროს სახლიდან ისედაც მხოლოდ სავარჯიშოდ გამოვდიოდით. ახლა კი ამ მხრივაც პრობლემებს ვაწყდებით, რადგან შეკრებები აღარ არის და ამიტომ სახლის პირობებში გვიწევს ვარჯიში, რაც თავისთავად იმ შედეგს არ მოგვცემს რაც სასურველია. კორპუსში შტანგას იატაკზე ვერ დავაგდებ და ამიტომ ვცდილობ დრო მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას დავუთმო.

– ახერხებ თუ არა სპორტული ფორმის შენარჩუნებას?
– როგორც უკვე მოგახსენეთ არასრული დატვირთვით ვვარჯიშობ და შესაბამისად ძნელია პროფესიონალურ დონეზე სპორტული ფორმის შენარჩუნება. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ რაც ამ პირობებში შესაძლებელია ყველაფერი გავაკეთო, თუმცა ეს სამწუხაროდ საკმარისი არაა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთმა ჩვენმა მეტოქემ დარბაზებში ვარჯიშები უკვე განაახლა. აღსანიშნავია ისიც, რომ შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატი გველის, რომელიც ამავდროულად ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირიცაა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიშის დროულად დაწყება, რათა ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გამოვიდეთ და ამასთანავე ლიცენზიებიც ავიღოთ.

– რა გეგმები გაქვს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით?
– ძალოსნობაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გაზაფხულზე, ევროპის ჩემპიონატზე უნდა გათამაშებულიყო, თუმცა პანდემიის გამო ჩემპიონატი გადაიდო. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა პირველ რიგში ტოკიოს თამაშებისთვის ლიცენზია უნდა მოვიპოვო. იმედი მაქვს ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იქნება.
ასევე ვიმედოვნებ, რომ ეს პანდემია მალე ჩაივლის და 2021 წელს ოლიმპიურ თამაშებს ხელს არაფერი შეუშლის. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

შოთა მიშველიძე 2018 წლის ევროპის ჩემპიონია. მსოფლიოს პირველობაზე კი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.
მას სხვადასხვა ტურნირებზე არაერთი მედალი აქვს აღებული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი