მთავარი ჭიდაობაბერძნულ-რომაული საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გავიხსენოთ დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გავიხსენოთ დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონები

ავტორი კახა მიხანაშვილი
45 ნახვა

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

ჩვენ ამ შესანიშნავ თარიღს სპორტულად გამოვეხმაურებით და თქვენთან ერთად გავიხსენებთ ყველა ოლიმპიურ ჩემპიონს, რომელმაც მსოფლიოში საქართველოს ეროვნული ჰიმნი ააჟღერა.

საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყანა 1996 წლიდან გამოდის.

ატლანტის ოლიმპიადიდან დღემდე ქართველებს 8 ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს.

პირველი ოლიმპიური ოქროს მედლები ქართველებმა 2004 წელს ათენის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვეს.

საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური გახლავთ.
ზვიადაური 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ათენის ოლიმპიადაზე გაჩემპიონდა.
მან ფინალირ ბრძოლაში იაპონელი ჰიროში იზუმი დაამარცხა.
ზვიადაურმა გადამწყვეტ დაპირისპირებამდე იტალიელი ფრანჩისკო ლეპრე, რუსი ხასანბი ტაოვი, ფრანგი ფედერიკ დემონტფაკონი და დიდი ბრიტანელი ვინსტონ ალონსო გორდონი დაამარცხა.

ათენის ოლიმპიური თამაშები ბედნიერი ძალოსან გიორგი ასანიძისთვისაც გამოდგა. მან ელადაში ოქროს მედალი დაისაკუთრა.
ასანიძემ ატაცში 181 კილოგრამი დაიმორჩილა. აკვრაში კი 210 კილოგრამი დასძლია.
ორჭიდის ჯამში დაგროვილი 391 კილოგრამი კი საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.

4 წლის თავზე პეკინში გამართული ოლიმპიური თამაშები საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა.
ქართველებმა ჩინეთში 3 ოქროს მედალი მოიპოვეს, რაც ჯერჯერობით საუკეთესო შედეგია.
თან ჩვენმა ათლეტებმა წარმატებას იმ ფონზე უწიეს, როდესაც სამშობლოში ომი იყო გაჩაღებული.

ძნელია დღემდე სიხარულის ცრემლების გარეშე გავიხსენოთ 90 კილოგრამში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტის ირაკლი ცირეკიძის გამარჯვება ვლადიმერ პუტინის საყვარელ ფალავან ივან პერშინთან დაპირისპირება. ქართველმა 1/2 ფინალში რუსეთის ძიუდოს ჯილა ბეჭებზე გააკრა და ქართველებს არამარტო სპორტული, არამედ მთლიანად ქვეყნის წარმატების იმედი ჩაუსახა.
ცირეკიძემ 1/2 ფინალამდე გზიდან
ეგვიპტელი ჰეშამ მესბაჰი და აზერბაიჯანელი ელჰან მამადოვი ჩამოიცილა.
ფინალში კი ალჟირელ ამარ ბენიხლეფს სძლია.

პეკინის ოლიმპიური თამაშებიდან ოქროს მედლებით ხელდამშენებულები მოჭიდავეები მანუჩარ კვირკველია და რევაზ მინდორაშვილი დაგვიბრუნდნენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილმა ოლიმპიადაზე პირველი ორთაბრძოლა გერმანიის სახელით მოასპარეზე წარმოშობით ქართველ დავით ბიჩინაშვილს მოუგო.
შემდეგ კი ფინალამე ერთმანეთის მიყოლებით სომეხი არუთინ ენოკიანი და კიდევ ერთი მამლუქი
გიორგი კეტოევი იგივე გიორგი ქეთიშვილი დაამარცხა, რომელიც ოლიმპიადაზე რუსეთს წარმოადგენდა.
ფინალში მინდორაშვილმა ტაჯიკეთის წარმომადგენელ იუსუპ
აბდუსალომოვს 3:1 მოუგო და პეკინის დარბაზში საქართველოს ეროვნული ჰიმნი ააჟღერა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ მანუჩარ კვირკველიამ სანუკვარ მიზანს ჩინელი ჩანგ იონგქსიანგის დამარცხების შემდეგ უწია. ქართველმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში აზიელ ფალავანს ულამაზესი ილეთით 3:0 მოუგო.
ფინალამდე კი იზურგეთელმა კვირკველიამ საჩემპიონო გზიდან ფრანგი კრისტოფ გუენო, გერმანელი კოსტანტინ შნეიდერი და უნგრელი პეტერ ბაცსი ჩამოიტოვა.

2012 წელს ოლიმპიური თამაშები ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ჩატარდა.
ინგლისში უდიდეს წარმატებას იმ დროს 20 წლის ჭაბუკმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მიაღწია.
ყველასთვის მოულოდნელად, ქართველმა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა მეტოქე დაამარცხა და სპორტის უდიდეს ფორუმზე თავისი დებიუტი ოქროს მედლით აღნიშნა.

შავდათუაშვილმა ფინალამდე გზა ასე გაიარა.
ლაშამ პირველ წრეში ჩილელ ალეხანდრო ზუნიგას მოუგო.
შემდეგ კი ფრანგი დევიდ ლაროსე და მასპინძელი ბრიტანელი კოლინ ოატესით სამხრეთ ამერიკელის გზას გაუყენა.
1/2 ფინალში შავდათუაშვილმა იმ დროს 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონ იაპონელ მასაში ებინუმას ვაზარით სძლია და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ქართველმა გამარჯვება უნგრელ მიკლოშ უნგვართან იზეიმა.

2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაისაკუთრეს.

ტალახაძემ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული დიდი უპირატესობით მოიპოვა.
მან ბრაზილიაში 3 ოქროს მედალი ირგუნა.
ქართველმა ატაცში 215 კილოგრამი აიტაცა.
აკვრაში კი 258 კილოგრამი დაიმორჩილა. ტალახაძემ
ორჭიდის ჯამში 473 კილოგრამი დააფიქსირა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულიც გაიფორმა.

ლადო ხინჩეგაშვილმა ოლიმპიადაზე პირველ წრეში ყაზახ ნურისლამ სანაიევის ბარიერი გადალახა.
შემდეგ კი იმ დროს 2-გზისა მსოფლიოსა და ერთგზის ევროპის ჩემპიონი აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი დაამარცხა.
ხინჩეგაშვილმა 1/2 ფინალში ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს მოუგო.
ფინალში კი იაპონელი რეი ჰიგუჩი არ დაინდო.

,,სპორტერის” რედაქცია ყველა ქართველს გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ, რომ კიდევ ბევრი ოლიმპიური ჩემპიონი გვყოლოდეს.

2004 წელი ათენი
ზურაბ ზვიადაური (ძიუდო), გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)

2008 წელი პეკინი
ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო),
რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), მანუჩარ კვირკველი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

2012 წელი ლონდონი
ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)

2016 წელი რიო დე ჟანეირო
ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა),
ვლადიმერ ხინჩაგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი