მთავარი მსოფლიოგერმანია ,,ბაიერნმა” ,,დიუსელდორფი” დაჩაგრა

,,ბაიერნმა” ,,დიუსელდორფი” დაჩაგრა

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩში მიუნხენის ,,ბაიერნმა” გაილაღა და დიუსელდორფის ,,ფორტუნა” დაიბრიყვა.

ბავარიელებმა მეტოქეს 5:0 სძლიეს და საჩემპიონო გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს.

მატჩში ანგარიში მე-15 წუთზე ავტოგოლით გაიხსნა.
,,ბაიერნის” ფრანგი მცველის ბენჟამინ პავარის დარტყმის შემდეგ ბურთი დიუსელდორფელ
დანიელ მატიას იორგენსენს მოხვდა და კარის ბადეში გაეხვა.

29-ე წუთზე ,,რეკორდმაისტერი” წინ ორბურთიანი უპირატესობით გაიჭრა.
ჯოშუა კიმიხის კუთხირიდან ჩაწოდებული ბურთი ბენჟამინ პავარმა მეტოქის კარში თავით გადაგზავნა.

ტაიმის მიწურულს ,,ბაიერნმა” მეტოქეს მესამედაც ,,ასიამოვნა”. ლამაზი კომბინაცია გოლით პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ დააგვირგვინა. პოლონელისთვის ეს გოლი 27-ე გამოდგა. იგი ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავას სათავეში ერთპიროვნულად უდგას.

მეორე ტაიმის დასაწყისში, კერძოდ 50-ე წუთ ,,ბაიერნმა” ანგარიში ოთხამდე გაზარდა.
სერჟ გნაბრი გადაცემა რობერტ ლევანდოვსკიმ დედის რძესავით შეირგო. მან მეკარეს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა და დუბლი გაიფორმა 4:0.

52-ე წუთზე ,,ფორტუნას” მცველების დაბნეულობით ,,ბაიერნის” კანადელმა ფეხბურთელმა ალფონსო დევისმა იხეირა. საჯარიმოში შესულმა მოთამაშემ ბურთი ,,დიუსელდორფის” კარში მშვიდად შეაგორა 5:0.

დარჩენილ დროში ბავარიელებმა მოწინააღმდეგე დაინდეს და 5 გოლი იკმარეს.

,,ბაიერნმა” ამ გამარჯვების შემდეგ თავი 67 ქულას მოუყარა და უშუალო კონკურენტ დორტმუნდის ,,ბორუსიას” 10 ქულით გაუსწრო.

დორტმუნდელები 29-ე ტურის მატჩს ხვალ, 31 მაისს, სტუმრად, ,,პადერბორნთან” ჩაატარებენ.

,,დიუსელდორფს” ,,რეკორდმაისტერთან” განადგურება ძვირად დაუჯდა.
,,ფორტუნა” 27 ქულით გასავარდნ ზონაში მე-16 ადგილზე იმყოფება.

,,ბაიერნი” 5:0 ,,დიუსელდორფი”
15′ იორგენსენი ა.გ. (1-0), 29′ პავარი (2-0), 43′ 50′ ლევანდოვსკი (3-0,4-0),
52′ დევისი (5-0)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი