მთავარი ვიდეო შალვა გოგოლაძე: ,,მახარებს, რომ ძალიან მალე საქართველოს ექნება ევროპული სტანდარტების 10 000-კაციანი ლამაზი სპორტის სასახლე”

შალვა გოგოლაძე: ,,მახარებს, რომ ძალიან მალე საქართველოს ექნება ევროპული სტანდარტების 10 000-კაციანი ლამაზი სპორტის სასახლე”

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მიმდინარე ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით მორიგი პუბლიკაცია გამოქვეყნდა. ამჯერად, სპორტულ გაზეთ “ლელოში”. ინფორმაციულად მდიდარ სტატიას თანდართული აქვს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, შალვა გოგოლაძის კომენტარები, ასევე, ახალი სპორტის სასახლის ვიდეო-მაკეტი.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თბილისში გამართულ თუ გასამართ ღონისძიებათა შორის ყველაზე მასშტაბური იქნება ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი, რომელიც 2021 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო 2022-სთვის გადაიდო. მისი ერთი ჯგუფის (15 მატჩის) მასპინძლობის უფლება ფიბა-ს ხელმძღვანელობამ იმიტომაც მოგვცა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაპირდა – ევრობასკეტისთვის ახალ არენას ავაგებთო.

თავიდან ითქვა, რომ დარბაზი 15 ათას მაყურებელზე უნდა ყოფილიყო გათვლილი, თუმცა 2020 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით ტევადობა 10500 იქნება. ეს ფიბა-ს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, ხარჯებსაც დაზოგავს. თუმცა არის ერთი ნიუანსი, რაც დღესვე შეიძლება ხმამაღლა ითქვას – საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მატჩებისას ყოფილა შემთხვევები, 8.5 ათასიან ძველ სპორტის სასახლეში ბილეთები თამაშამდე ერთი-ორი დღით ადრე სრულად გაყიდულა. 2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების თამაშებზე დარბაზი ბოლომდე გაივსება, მნიშვნელობა არა აქვს, 10 ათასიანი იქნება თუ 15 ათასიანი. ბევრი მსურველი გარეთაც დარჩება, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ღონისძიებები იშვიათია და რაციონალური გათვლებია საჭირო ტევადობის შერჩევისას.

ასეა თუ ისე, 2021 წლის ზაფხულში ჩვენს ქვეყანას ექნება დარბაზი, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ უმაღლესი დონის შეჯიბრებას თამამად და ღირსეულად უმასპინძლოს… და არა მხოლოდ სპორტულს – დღეს მსოფლიოს მასშტაბით სპორტული არენები მხოლოდ ერთი პროფილით არ შენდება, გათვლილია სხვადასხვა ისეთ ღონისძიებაზე, სადაც ათიათასობით ადამიანი იკრიბება. ასე რომ, დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, ახალ დარბაზში მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავებსაც არაერთხელ ვიხილავთ.

ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება 2019 წლის 15 ივლისს მივიღეთ, მშენებლობა 2020 წლის იანვარში უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაიწყო. თავიდან დიდი გორა მოიჭრა, რომლის ადგილზეც აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. დღეს უკვე შეგვიძლია “რენდერი” და დარბაზის ინტერიერის ფოტოები გამოვაქვეყნოთ.

რამდენიმე დღის წინ მშენებარე კომპლექსს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესტუმრა. დავინტერესდით, კორონავირუსის გამო მშენებლობა ხომ არ შეფერხებულა და რამდენად გეგმიურად მიმდინარეობს სამუშაოები.

“მთავრობამ დააანონსა, რომ 2021 წლის სექტემბრისთვის საქართველოს უნდა ჰქონოდა ულტრათანამედროვე საკალათბურთო არენა, რომელიც ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლებდა. კორონავირუსის კრიზისის პერიოდში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მშენებლობა ერთი საათითაც არ შეჩერებულიყო. მინდა ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა ვუთხრა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას.

რამდენიმე დღის წინ მშენებარე არენას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან ერთად ვეწვიე და მახარებს, რომ ძირითადი, რთული სამუშაოები უკვე შესრულებულია. დიდი მოცულობის მიწა მოიხსნა, საძირკველი ჩაყრილია და ახლა სვეტების ამოყვანის პროცესში ვართ. დარბაზი 2021 წლის ივლისისთვის უნდა დასრულდეს. იმ ტემპით, რა ტემპითაც მუშაობა მიმდინარეობს, გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ კომპანია ვადებში სრულად ჩაეტევა.

მოგეხსენებათ, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო 2022 წლის სექტემბრისთვის გადაიდო. ეს საშუალებას მოგვცემს მშვიდად, კარგად გატესტილი დარბაზით შევხვდეთ ევრობასკეტს.

მახარებს, რომ ძალიან მალე საქართველოს ექნება ევროპული სტანდარტების 10 ათასკაციანი ლამაზი სპორტის სასახლე, რომელიც ერთიანი კომპლექსის ნაწილი იქნება. ახალი არენა გვირაბით დაუკავშირდება 2015 წლისთვის აგებულ ოლიმპიურ სასახლეს, რომელშიც ორი სხვადასხვა ტევადობის დარბაზია. ერთში 3 ათასი ადამიანი ეტევა, მეორეში – 800,” – აცხადებს შალვა გოგოლაძე.

წყარო: gbf.ge
https://youtu.be/zyUFOsqVxmo

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი