მთავარი მსოფლიოესპანეთი ხმა მიეცით გიორგი შერმადინს და თორნიკე შენგელიას!

ხმა მიეცით გიორგი შერმადინს და თორნიკე შენგელიას!

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

17 ივნისს ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი განახლდება, გუშინდელი დღიდან კი სეზონის საუკეთესო მოთამაშისა და სიმბოლური ხუთეულის გამოსავლენი გამოკითხვა დაიწყო. მიმდინარე და ბოლო წლების ესპანური ლიგის საუკეთესოთა შორის მყარად არიან თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, რომლებიც გუშინ დაწყებულ გამოკითხვაშიც მონაწილეობენ.

გამოკითხვა 24 ივნისის ჩათვლით გასტანს და მასში ქომაგების ხმებზე 25% გახლავთ გამოყოფილი და ასეთივე წილი აქვთ თავად კალათბურთელებს, მწვრთნელებსა და ჟურნალისტებს. საყვარელი მოთამაშეებისთვის ხმის მისაცემად სოციალური ქსელს უნდა მიმართოთ, კერძოდ კი, ტვიტერში დაწეროთ MVP Movistar და შემდეგ სასურველი კალათბურთელის გვარი, მაგალითად, Tornike Shengelia ან Giorgi Shermadini. დღის განმავლობაში ამ პროცედერის მხოლოდ ერთხელ ჩატარებაა შესაძლებელი, 21-24 ივნისს კი, თქვენი ხმები ორად ჩაითვლება.

MVP-ს გამოვლენის გარდა, შეირჩევა სეზონის საუკეთესო ხუთეულიც, ამდენად, ხმები კონკრეტულად პოზიციების მიხედვითაც დაითვლება. მძიმე ფორვარდები და ცენტრები ერთ კატეგორიაში არიან გაერთიანებულნი და ამ დროისთვის, შენგელია (575 ხმა) და შერმადინი (539), შესაბამისად, მე-2 და მე-3 პოზიციებზე იმყოფებიან. ერთპიროვნული ლიდერი ბარსელონელი ნიკოლა მიროტიჩია, რომელიც ასევე ჩინებულ სეზონს ატარებს და უკვე 3 047 ხმა მიოუგროვდა.

მიროტიჩი საერთო ცხრილშიც ლიდერობს, მას კი კვალში ფაკუნდო კამპაცო (რეალი, 2 258), კლემენ პრეპელიჩი (ხუვენტუტი, 949), დილან ელისი (სარაგოსა, 779), მარსელინიო უერტასი (იბეროსტარ ტენერიფე, 767), შენგელია, შერმადინი, აქსელ ბუტელე (უნიკახა, 516), ბოიან დუბლევიჩი (ვალენსია, 461) და ნიკო ბრუსინო (სარაგოსა) უდგანან.

შენგელიამ მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 32:55 წუთი, 16.6 ქულა, 6.3 მოხსნა, 2.7 პასს, 1.4 ჩაჭრა, 0.3 დაფარება, ხოლო სარგებლიანობის კოეფიციენტი – 19.6. თავის მხრივ, 22 მატჩში შემდეგი საშუალო მაჩვენებლები აქვს შერმადინს: 26:44 წუთი, 18.3 ქულა, 7.1 მოხსნა, 1.5 პასი, 0.6 ჩაჭრა, 0.5 დაფარება, სარგებლიანობის კოეფიციენტი 23.7.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ ფაზად წოდებული მინი-ტურნირი ვალენსიაში გაიმართება, რომელშიც 8 მარტის ჩათვლით არსებული სატურნირო მდგომარეობით, ესპანეთის ჩემპიონატის 23 ტურის შემდეგ მოლიდერე 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები 2 ჯგუფში გადანაწილდა:

A ჯგუფი
ბარსელონა, ტენერიფე, ბილბაო, ბასკონია, უნიკახა, ხუვენტუდი

B ჯგუფი
რეალი, სარაგოსა, ანდორა, ვალენსია, ბურგოსი, გრან კანარია

ჯგუფებში გუნდები ერთმანეთს თითოჯერ შეხვდებიან, რის შემდეგაც, თითოეულიდან 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში გავა. ფინალში გასასვლელად გუნდები ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდებიან: A1 – B2, B1-A2. ნახევარფინალებიც და ფინალიც იქნება ერთმატჩიანი.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი