მთავარი ინტერვიუ მიხეილ ბექაური: შემიძლია, ვიშრომო იქამდე, სანამ არ გამოვა

მიხეილ ბექაური: შემიძლია, ვიშრომო იქამდე, სანამ არ გამოვა

645 ნახვა

იუდოზე  ჩემი შესვლის ისტორია ძალიან სასაცილოა,  რვა წლის რომ გავხდი ბიძაჩემმა მომიტანა კიმონო. საერთოდ არ ვიცოდი ეს კიმონო რაში გამომეყენებინა, ვიცვამდი სახლში და ვდგებოდი სარკის  წინ, მაშინ არ იყო ჩემს სოფელში იმის საშუალება რომ ძიუდოზე მევლო და ასე სარკის წინ მდგარი წარმოვიდგენდი ხოლმე რომ ძიუდოისტი ვიყავი და მედალი მოვიგე. შემდეგ მალევე გაიხსნა ჩვენთან ძიუდოს წრე და  ისე რომ სახლში არავისთვის არაფერი მითქვამს, ჩავიცვი კიმონო, გავიპარე სახლიდან და მივედი დარბაზში.  ტრენერი გაკვირვებული მიყურებდა – რვა წლის ბავშვი, ასე კიმონოში გამოწყობილი,  მივიდა მარტო, არავინ მიყვა და ამაყად უთხრა: მინდა, გავხდე ძიუდოისტი“

ასე მოხდა მიხელ ბექაურის ჯუდოსთან პირველი შეხება, თუმცა მისი ჯუდოკად გახდომა მხოლოდ  „გამოუყენებელი კიმონოს“ გამოყენებაზე ფიქრის ბრალი არაა. სახლიდან დარბაზში ჯუდოს შესასწავლად გაპარვას დროში ქართული სპორტის  ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება ემთხვევა და პატარა ბავშვისთვისაც მთავარი სტიმულატორი სწორედ ეს გახდა…

ჩემთვის პირველი ვარსკვლავი, ვისმა სპორტსმენობამაც შთამაგონა რომ მეც გავმხდარიყავი სპორტსმენი, იყო ირაკლი ცირეკიძე.  ომის დროს ტელევიზიით გავიგე, რომ ირაკლი ცირეკიძე გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, თან რუსი დაამარცხა. მაშინ მომინდა, რომ მეც ვყოფილიყავი ძიუდოისტი. შეიძლება თამამად ვთქვა, რომ მის გამო მომინდა ძიუდოისტი გავმხდარიყავი“

მართალია დარბაზში პირველად ჯუდოგი რვა წლისამ მოირგო, თუმცა თვლის, რომ მისი პირველი ნაბიჯები ჯუდოში 12 წლის ასაკში, 2012 წელს თბილისში დაწყებული ვარჯიშით იდგმება…

რვა წლის კი მივედი ძიუდოზე, მაგრამ რამდენჯერმე დავანებე თავი, უბრალოდ გართობასავით იყო ჩემთვის, რადგან სპორტის მოყვარული ბავშვი ვიყავი, ფეხბურთსაც ვთამაშობდი ხოლმე და კალათბურთსაც, ამასთან მუსიკალური საკრავები მიყვარდა და იქითაც ვერთვებოდი, ჩემთვის ვსწავლობდი რაღაცებს. ახლა რომ ვფიქრობ, მგონია, რომ ყოველთვის ვიცოდი ძიუდოისტი უნდა გავმხდარიყავი, უბრალოდ მაშინ არ მქონდა ამაზე ნაფიქრი. 2012 წელს გამიჩნდა შესაძლებლობა წამოვსულიყავი თბილისში და ინტენსიურად მევარჯიშა, შესაბამისად, პროფესიონალურ ძიუდოზეც სერიოზულად მეფიქრა. თბილისში ვარჯიში დავიწყე კლუბ „შევარდენში“. ძიუდოს ანბანი და ყველაფერი მასწავლა ბათუ ჯიქურმა, დღემდე ისაა ჩემი პირადი მწვრთნელი. მან მასწავლა ძალიან ბევრი რამ ამ სპორტში და დღეს რომ აქ ვარ, ამ პოზიციაში, ამაში მისი დამსახურება უდიდესია. მასთან ვარჯიშის დაწყებიდან მალევე მივხვდი, რომ ძიუდო ჩემი მომავალი იყო და შემეძლო ცხოვრება ამ სპორტისთვის დამეთმო. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება“

სწორად მიღებულ გადაწყვეტილებას პირველი დიდი წარმატება მალევე მოყვა, როდესაც 2 წლით ადრე დასახული მიზანი ზედმიწევნით ზუსტად შეასრულა.

„2015 წელს როდესაც თბილისში ჩატარდა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი,  მაშინ გავიგე, რომ ამ რანგის შეჯიბრება იმართებოდა და სანამ დიდებში გახდები, შეგიძლია ახალგაზრდებში გახდე ოლიმპიადის გამარჯვებული. ზუსტად მაშინ დავუსვი ჩემს თავს ეს მიზანი და ოჯახშიც ვთქვი, 2017 წელს რომ ჩატარდება, იმ ოლიმპიადის მონაწილე ვიქნები-მეთქი. მაშინ,  რა თქმა უნდა, ამას სერიოზულად არაინ შეხვდა, წარმოუდგენლად ჩანდა იმ გადმოსახედიდან და ისიც მითხრეს, რომ სანამ მანდამდე მიხვალ, ჯერ საქართველოში უნდა იყო პირველიო. საკუთარ თავთან დავდე პირობა რომ შევძლებდი ამას. პირველი დიდი ემოცია, რომელიც გამარჯვებამ მომიტანა სწორედ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონობა იყო და ამ გამარჯვებამ უფრო მეტი ძალაც შემმატა, მეტადაც ვირწმუნე საკუთარი თავისა და შესაძლებლობების და უფრო დიდი სურვილიც გამიჩნდა მეტისთვის მიმეღწია. გამეხარებინა ყველა, ვისაც ჩემი იმედი ჰქონდა, ხოლო ვისაც არ სჯეროდა მათთვის საწინააღმდეგო დამემტკიცებინა“

შენი შესაძლებლობებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ბევრი იყო?
-სხვათა შორის, მარტო გულშემატკივარი არ აძლევს სპორტსმენს ძალას, არამედ ის ადამიანებიც, ვისაც მისი არ სჯერა და სკეპტიკურად არის განწყობილი, პირადად მე არანაკლები ძალა და მოტივაცია მომცეს. ასეთი ადამიანები ახლაც არსებობენ და მინდა კიდეც რომ სულ იყვნენ, რადგან მათი წყალობით გამარჯვების შემთხვევაში ჩემს თავს ვეუბნები – შენ ეს შეძელი, ხოლო როდესაც ვმარცხდები, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ საშრომი მეტი მაქვს; არ მინდა ჩემ მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების იმედები გავამართლო. ასე რომ გულშემატკივრის გარდა, მათაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვისაც ჩემი არ სჯერა. მადლობა ყველა კრიტიკისთვის.

ანუ კრიტიკას დადებითად ხვდები?
– იყო დრო როდესაც კრიტიკას ძალიან რთულად ვიღებდი. ადრე მეგონა, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც და მარცხის შემთხვევაშიც დადებითად მიუდგებოდნენ სპორტსმენს და გულს არ დაწყვეტდნენ, მაგრამ რადიკალურად სხვა სიტუაცია დამხვდა. თუმცა ეს უკვე გადავლახე და ვფიქრობ, რომ საჭიროა კრიტიკა. უსამართლო კრიტიკა კი ბევრია ხოლმე, მაგრამ ესეც მესმის. სიმართლე გითხრათ, ჩემი ხასიათის ადამიანისთვის რთულია პასუხი არ დავაბრუნო, მაგრამ ესეც გადავლახე და ახლა მართლა მშვიდად ვხდები როგორც სამართლიან, ისე უსამართლო შენიშვნებსა და კრიტიკას.

გამოდის, რომ საზოგადოების შენდამი დამოკიდებულება შენს კარიერაზე დიდ გავლენას ახდენს
-კი, ასეა და მინდა ჩემს გულშემატკივარს  ვუთხრა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი, რადგან საკუთარი თავის რეალიზებაში მეხმარებიან. ზოგადად ვფიქრობ, სპორტის არც ერთი სახეობა არ იქნებოდა ის, რაც დღესაა, რომ არა გულშემატკივარი. თითოეული ქომაგი ადამიანი ქმნის სპორტს ასეთ განსაკუთრებულს; ისინი გახვედრებენ, რომ შენი წარმატება მნიშვნელოვანია.  გულშემატკივარი გაგრძნობინებს, თუ რა ბედნიერებაა, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონობა.

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მიღწეულ წარმატებას კი მალევე მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე მოყვა –  „გამოწვევა 2020“. ახალი პროექტი არა მხოლოდ მისი მონაწილეებისთვის, არამედ თავად შემქმნელებისთვის და მთლიანად ქართული სპორტისთვის სიახლე იყო. მიხეილ ბექაური ამბობს, რომ უშუალოდ ჯუდოს შესწავლა და მისი პროფესიონალ ჯუდოკად ჩამოყალიბება სწორედ „გამოწვევა 2020“-ში დაიწყო.

ეს პროექტი ძალიან დიდი მოვლენა იყო. თავდაპირველად ყველას გვეუცნაურა, რადგან განსხვავებული იყო ასეთი დატვირთვა, ასეთ რეჟიმში ცხოვრება წარმოუდგენელიც კი გვეგონა.  ვცხოვრობდით მარჯანიშვილზე, ყოველდღიურად  დღეში სამჯერ ვარჯიშები გვქონდა. შაბათ-კვირას მივდიოდით სახლში, რომ  ოჯახურ სიტუაციას სრულიად არ მოვწყვეტოდი და გარკვეულწილად დაგვესვენა კიდეც.  ორშაბათიდან კი ყველაფერს ვუბრუნდებოდით. ვარჯიშებში იყო ტაქტიკური ნაწილი, ჩვენთვის საერთოდ ახალი, რაც მანამდე გაგონილიც არ გვქონდა. ზოგადად, საერთოდ თავიდან დავიწყეთ „2020“-ში ძიუდოს შესწავლა. მანამდე ჩვენ უფრო ვჭიდაობდით, ვიდრე ძიუდო ვიცოდით. აქ მივხვდით , რომ ჩვენ ვართ ძიუდოისტები და არა მოჭიდავეები. ასევე, მოგეხსენებათ, ქართველებს გვიჭირს ხოლმე ნევაზა და ამ ნიუანსს საერთოდ ცალკე დღეები ჰქონდა დათმობილი. ამ ყველაფერს კი ემატებოდა მუდმივი შეჯიბრებები, რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა ძიუდოისტისთვის, რადგან ბევრი შეჯიბრი არის ძალიან ბევრი გამოცდილება. 

პროექტის თითოეულ მონაწილეში უდიდესი შრომა აქვთ ჩადებული და დღემდე დებენ „გამოწვევა 2020“-ის ნაკრების მწვრთნელები ლაშა გუჯეჯიანი და გიგა ბოჭოიძე. . მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ. ჩვენ გვიჭირს ხოლმე – ბიჭებს, ვისი საქმეც არის ეს, რომ იქ ვიყოთ და ვივარჯიშოთ და მათ ჩვენ გარდა ხომ ჰყავთ ოჯახები, აქვთ პირადი ცხოვრება და ამ ყველაფერს არიან მოწყვეტილები და მუხლჩაუხრელად შრომობენ ჩვენთვის და დღე და ღამე არიან ჩვენთან. ეს ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მათი დიდი დამსახურებაა ისიც, რომ პროექტში არ არის ისეთი დამოკიდებულება რომ ის მწვრთნელია და მე მოსწავლე.  ბარიერები არ გვაქვს ურთიერთობაში, რა თქმა უნდა,პატივისცემა არის და  ყოველთვის იქნება, მაგრამ ერთ გუნდად შეკრულნი ვართ და ასეთი განსხვავებები არ არის. რომ რაიმე ბარიერი გვქონდეს და რაიმეზე ვერ შევთანხმდეთ, ან ვერ ვისაუბროთ. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. მე არ მახსოვს ჩვენს გუნდში რაიმე კონფლიქტი მომხდარიყოს.

ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან წაგვადგა განათლების სისტემა, რაც  დანერგილი იყო; აგვიყვანეს მასწავლებლები და შუალედებში ვემზადებოდით ეროვნული გამოცდებისთვის და როგორც ხედავთ თითოეული ჩვენგანი სწავლობს უნივერსიტეტში. მივხვდით, რომ ძიუდოისტობა არ ნიშნავს, რომ სწავლა არაა საჭირო,  პირიქით – განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს სტერეოტიპი რომ   სპორტსმენი არ უნდა სწავლობდეს ან ვერ უნდა სწავლობდეს. ჩემზეც ძალიან უკვირთ ხოლმე როდესაც იგებენ სტუდენტი ვარ და მიხარია, რომ ამ სტერეოტიპის დანგრევა ხდება ნელ-ნელა“

ახსენე, პროექტში გავიგეთ, რომ ჯუდოკები ვიყავით და არა მოჭიდავეები და უშუალოდ ჯუდოს შესწავლაც აქ დავიწყეთო, ხომ არ ფიქრობ, რომ ეს საკითხი იმაზე სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ჯუდოს საქართელოში განვითარებასაც აფერხებს? იგივე როდესაც ელემენტარული ტერმინების არ ცოდნას, ან არასწორად დამკვიდრებას  ვაწყდებით და ხშირად მისი არევა ჭიდოაბაში ხდება?

-დიახ, ასე იყო, როგორც აღვნიშნე, ჩვენც პროექტში გავიგეთ, რომ არ ვართ მოჭიდავეები და ვართ ძიუდოისტები. მე ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც მითქვამს ძიუდოისტი ვარ და უპასუხიათ „აა, მოჭიდავე ხარ“. ამ დროს რომ თქვა –  არა ძიუდოისტი ვარ, შეიძლება თუ კარგადა არაა სფეროში ჩახედული ვერ მიახვედრო რას გულისხმობ და ჩათვალოს ამპარტავნებად, რომ უფრო მაღლა აყენებ და განსაკუთრებულად უყურებ შენს სპორტს, არადა ეს არის რეალობა და ვერსად გავექცევით ფაქტს, რომ ძიუდო არის ძიუდო და არ არის ჭიდაობა. თუმცა როგორც ვთქვი, ჩვენც – სპორტსმენებიც, ეტაპობრივად ვიგებთ ხოლმე რაღაცებს და მგონია, რომ ჩვენ მაინც ის თაობა ვართ, ვინც შემოიტანს სწორ დამოკიდებულებას ძიუდოსადმი და ხალხიც ნელ-ნელა მიეჩვევა. სხვათა შორის, თავიდან ამ პროექტის მიმართაც იყო სკეპტიკური განწყობები, სიახლეების ეშიანიათ ხოლმე და ცოტა ეჭვის თვალით უყურებენ, მაგრამ ხომ აღმოჩნდა, რომ რეალურად იმუშავა და სწორი იყო ის ყველაფერი, რაც კეთდებოდა.  ასე მიხვდება ამ ტერმინებს ყველა, რომ  ასეა სწორი და ასე უნდა იყოს. აი, მაგალითად თავად ძიუდოს ილეთებზეც, ჩვენთან ყველანაირ კისრულს ეძახიან კისრულს და არადა შეიძლება აკეთებდე ექვსნაირად და ყველას სხვადასხვა სახელი ჰქვია. ქართული ჭიდაობის სახელები ძალიან საჭიროა, მაგრამ ძიუდოზე საუბრისას ძიუდოს ტერმინებია აუცილებელი და მგონია, რომ პოპულარული უნდა გახდეს.

მიშკასთვის ოფიციალურ ტურნირებზე ასპარეზობის სადებიუტო  2017 წელი წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მომდევნო 2018 წელი კარგად დაწყების მიუხედავად საბოლოო ჯამში ჩააგდო. როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის ძალიან დიდი სტრესი იყო, თუმცა ამასთან მიიჩნევს, რომ წარუმატებლობამ გააძლიერა და თავის სუსტ წერტილებზე დააფიქრა.

„ 2017 წელს წონითი კატეგორია შევიცვალე და 90-ში გადავედი. მიუხედავად იმისა, რომ 84 კილო ვიყავი და 90 დიდი ნახტომი იყო, ვიცოდი ეს იქნებოდა ჩემი საბოლოო წონაა და ასე მერჩია. ცვლილებამ გაამართლა და ნაკლები წონის მიუხედავად ჯერ საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე, შემდეგ რუსეთის ქალაქ ტულაში ევროპის თასი, შემდეგ კი პოლონეთში, ბიესკო-ბიალაშიევროპის თასი. შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაც დავიმსახურე. ასე რომ ჩემი დებიუტი ოფიციალურ ტურნირებზე ჭაბუკთა შორის შედგა და ძალიან ვნერვიულობდი, ემოციური ფონი მქონდა ძალიან მაღალი. მიუხედავად ამისა, ფინალში მაინც გავედი, თუმცა სამწუხაროდ იქ დავმარცხდი  იტალიელთანძალიან გულდასაწყვეტი შეხვედრა იყო, ვაზარს მიგებდა და დასრულებამდე 15 წამით ადრე გავათანაბრე. დამატებით დროში ძალიან დიდხანს გაგრძელდა და ჩემს დაშვებულ შეცდომაზე მოვყევი, ამიტომ იყო გულდასაწყვეტი, მაგრამ წინ ის ნახსენები ოლიმპიადა მოდიოდა, რისთვისაც ამდენხანს ვემზადებოდი და გლოვის დრო არ იყო. თან ევროპის ფინალში დასანანი მარცხის შემდეგ ორმაგად მოტივირებული ვიყავი და გამარჯვებისთვის ჩავედი. ოლიმპიადის შემდეგ კი მალევე უკვე ჩილეში გავფრინდი მსოფლიოს ჩემპიონატზე. რადგან წონას არ ვიკლებდი, ვფიქრობდი, რომ პრობლემა არ იყო, ახლა კი – ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ჩემმა ორგანიზმა ვერ გაუძლო ამდენ დატვირთვასა და შეჯიბრს და მსოფლიოზე დავმარცხდი.  ეს იყო 2017 წლის დასკვნითი შეჯიბრი. რაც შეეხება 2018 წელს, უნდა ამოვშალო ჩემი სპორტული კარიერიდან. ამ წელს ასაკობრივი კატეგორია შევიცვალე და ახალგაზრდებში გადავედი, თავიდან კი მეტ-ნაკლებად კარგად დაიწყო, რადგან პეტერბურგის ევროპის თასზე მესამე ავიღე, ასევე საქართველოზეც, მაგრამ ზუსტად ამ მომენტში მომიწია ოპერაციის გაკეთება ფეხზე. არც ისე არ ვიყავი სახარბიელო ფორმაში და ამ ოპერაციის გამო ვეღარ მოვახერხე დავბრუნებოდი იმ კონდიციებს, რაშიც უნდა ვყოფილიყავი შეჯიბრის დროს. ამის გამო ვერ მოვახერხე  მომეპოვებინა ევროპასა და მსოფლიოზე ასპარეზობის უფლება. 2015-დან არ ყოფილა შემთხვევა რომ ასაკობრივი რამე ტურნირი გამომეტოვებინა, 2017-ში საერთოდ ძალიან კარგი წელი მქონდა და მეგონა ასე და უკეთესად გაგრძელდებოდა და უცებ  2018 წელს ასეთი რამ მოხდა. ძალიან გამიჭირდა ჩემს თავთან იმის აღიარება, რომ რაღაც დავაკელი, რომ ოპერაციის მერე ვერ მოვახერხე სრულყოფილად შევსულიყავი ფორმაში, ამის გაანალიზება იმდენად მძიმე იყო, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღე ძალიან დიდი. მაგრამ ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ამ ჩავარდნილმა წელმა ძალიან გამაძლიერა. ვერ ვიჭიდავე ვერც ევროპა, ვერც მსოფლიო, მაგრამ ამან მომცა სამმაგი და ოთხმაგი მოტივაცია, რომ დავბრუნებულიყავი ღირსეულად.  ყველა ვთანხმდებოდით იმაზე, რომ ასაკი მაძლევდა იმის საშუალებას, ასე დათრგუნული არ ვყოფილიყავი, მაგრამ  ჩემი თავის იმდენად მჯეროდა, ვერ ვუტყდებოდი იმაში, რომ რაღაც დავაკელი და ვერ გადავლახე ბარიერი. ამ დროს მწვრთნელების როლიც ძალიან დიდი იყო. მნიშვნელოვნად დამეხმარნენ და ჩართულნი იყვნენ ჩემს ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში. ჩვენი მწვრთნელები იმხელა სპორტსმენები არიან, თავად აქვთ განვლილი ყველა ეტაპი, დიდი გამოცდილება აქვთ და ისიც ძალიან კარგად იციან, ფსიქოლოგიურად როგორ გაგაძლიერონ

-2019 წელს როგორ შეაფასებდი?  

-2019 წელს მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ წინა ჩაგდებული წელი გამომესწორებინა. მაისში ჩატარდა ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი და ვერცხლის მედალი ავიღე. შემდეგ ორ კვირაში ახალგაზრდებს შორის ყველაზე ძლიერი ევროპის თასი, ავსტრიის თასზე უნდა ვყოფილიყავით, აქ მონაწილეობს ხოლმე ყველა ის, ვინც საქართველოზე მედალს იღებს და ამ ოთხეულიდან იკვეთება ლიდერები. ეს ავსტრიის ევროპის თასი იმდენად ძლიერი ტურნირია ყველა წონაში ყველა ფავორიტი მონაწილეობს, მათ შორის იაპონიის ნაკრები. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ევროპის თასზე ჩამოდიან. იაპონელებს ჩემს წონაში ჩამოყვანილი ჰყავდათ მსოფლიოს პრიზიორი და უფროსებს შორის აზიის ჩემპიონი, კოსუკე მაშიიამა, რომელიც ამავდროულად ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი იყო.  სულ ექვსი შეხვედრა მომიწია და ეს ნიშნავს, რომ ბევრი მონაწილე ჰყავდა ტურნირს. ნახევარფინალშიც ძლიერი მეტოქე მყავდა –  უნგრელი როლანდ გოზი, მაგრამ თითქოს ერთი ამოსუნთქვით გავიარე ყველა შეხვედრა და აქ მივხვდი, რომ ის 2018 წელი ზუსტად აქ გამომადგა და კარგად ჩატარებული ტურნირი ჩემთვის კარგი რეაბილიტაცია იყო.  იმ ჩავარდნამ იმხელა ძალა მომცა, რომ დამაძლევინა ეს რთული ბარიერები. მახსოვს, ფინალის წინ, გასასვლელში გიგა ბოჭოიძე მეუბნებოდ: „ძლიერი მეტოქეა,  მაგრამ შეგიძლია და რატომაც არა? – მოდი მოვუგოთ“. მეც ასე განვეწყე  – როდესაც შეჯიბრზე გადიხარ იქ არ ჭიდაობს წარსულის არანაირი მედალი, მხოლოდ ორი ადამიანი და სხვა არაფერი და დავიჯერე მეც საკუთარი თავის. მხოლოდ 14 წამი დამჭირდა მოსაგებად და ეს ჩემთვის ემოციური იყო, რადგან იაპონელ მეტოქესთან გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია.

შემდეგ იყო ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც ბრინჯაოს პრიზიორი გახდი
– დიახ, ევროპის წინ ძალიან კარგი შეკრებები გავიარეთ, როგორც ფიზიკური, ასევე ტექნიკური. თითქმის ყველა ვიყავით ფორმაში. პირადად მეც ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი და ვფიქრობ,  როლანდ გოზთან გაუთვალისწინებელი რამ დამემართა,  პირველივე წამებზე ვაზარით დავწინაური და შემდეგ წამიანი უყურადღებობა დამიჯდა სუფთა დამარცხებად.

ნაადრევად დაიჯერე რომ იგებდი?
-არა, ზოგადად ეს არ მჭირს ხოლმე. თავად უნგრელი ძალიან სპორტულია და ყურადღებიანი და შესაბამისად არ მაპატიებდა წამიერ უყურადღებობას. წინა შეხვედრაშიც ძლიერ მეტოქეს შევხვდი, წინა წლის ევროპის ფინალისტს, მსოფლიოსა და ბაქოს გრან სლემის მედალოსანს. ამ შეხვედრის წინ ძალიან დაძაბული ემოციური ფონი მქონდა, რადგან მესამე წრე იყო, ვიცოდი ძლიერს ვხვდებოდი და მარცხი საერთოდ გამოთიშვას ნიშნავდა, ეს კი შეიძლება კიდევ ერთ ჩაგდებულ წლად დამჯდომოდა. ასეთი დაძაბული შეხვედრის შემდეგ გოზთან კონცენტრაცია ალაბათ გამიჭირდა. მასთან მარცხის შემდეგ კი გუჯეჯიანის საუბარი ჩაერთო და მოტივაცია თავიდან მომცა,  მითხრა: „ეს ყველას შეიძლება დაემართოს, ჩვენ მაინც ავიღებთ მედალს ამ ჩემპიონატზე“.  მანამდეც, წინა დღეს, ლაშა შემოვიდა ჩემთან და მითხრა „ხვალ შეიძლება შენ დამარცხდე“, ძალიან გამიკვირდა, ვერ მიხვდი ამას რატომ მეუბნებოდა, მაგრამ უცებ დააყოლა: „მაგრამ მე ამ შეჯიბრზე არავინ მეგულება, რომ დაგამარცხოს“ ეს სიტყვები და შემდეგ მარცხის შემდეგ მისი გამხნევებაც, იმაზე ფიქრიც, რომ წინა წელიც წარუმატებელი მქონდა, მახვედრებდა – მედლის გარეშე არ უნდა დავრჩენილიყავი. ვიცოდი, რომ ბრინჯაოსთვის შეხვედრა არ იქნებოდა მარტივი, მართალია მანამდე ორჯერ მყავდა ლორსანოვი დამარცხებული, მაგრამ ევროპის ჩემპიონატი სულ სხვა ფონია. მაგრამ საჩემპიონოდ ვიყავი განწყობილი და არ დავუშვებდი საერთოდ უმედლოდ დავრჩენილიყავი.

საბოლოოდ, ეს ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დასრულდა, არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ მთლიანად ქართული ჯუდოსთვის?
-კი, ძალიან წარმატებული ჩემპიონატი იყო.  მეორე დღე რომ დამთავრდა, უკვე ძალიან კარგი შედეგი გვქონდა და ჯერ წინ იყო „მძიმე არტილერიის“ ჩართვა. ძალიან მოტივირებულები და საბრძოლველად განწყობილები ვიყავით, სხვა რამის უფლება არც გვქონდა. თავიდან ვერც კი გავიაზრეთ, რომ ისტორიული შედეგი გვქონდა. მერე აღმოვაჩინეთ,  როდესაც სასტუმროში ვისვენებდით და ყველაფერი გავაანალიზეთ. ძალიან საამაყო იყო ეს თითოეული ჩვენგანისთვის.

ასეთი ევროპის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატზე პასუხისმგებლობა უფრო დიდი იყო, ხომ?
-კი, რა თქმა უნდა, იყო. ჩემს მარცხს მსოფლიოზე მე პირადად ვაბრალებ იმას, რომ ჩემს თავს რაც შიძლება მაქსიმალურს ვთხოვ და ის ოქროს ხაზი, რასაც შეჯიბრსა და შეჯიბრს შორის დასვენება და რელაქსი ჰქვია, ვერ დავიცავი. რაღაც მხრივ ისევ  იმ მარცხში ჩავრჩი, რაც ევროპაზე დამემართა, იმდენად მეტკინა მეოთხედფინალში წაგება, რომ უკვე ემოციებით დატვირთული ჩავედი მსოფლიოზე. მალე იყო ძალიან მსოფლიო ჩემპიონატი, რასაც ემოციებით დაცლილი და გადაღლილი შევხვდი. თვითონ შეხვედრა არც მახსოვს. ვერ განვეწყე ამ შეჯიბრისთვის, ვერც იმ კონკრეტული შეხვედრისთვის. მერე უკვე გუნდურ ასპარეზობაში მომიწია გერმანიასთან ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჭიდაობა; ვისაც მოვუგე, ის გერმანელი მსოფლიოს მედალოსანია, არ გამჭირვებია მისი დამარცხება და ამან ხასიათი თითქოს გამომისწორა. ვუთხარი ჩემს თავს, იმიტომ არ დამარცხებულხარ რომ სუსტი ხარ, იმიტომ დამარცხდი, რომ ვერ განეწყე, რომ შენი თავი შეჯიბრებამდე სწორი ხასიათით ვერ მიიყვანე. 23 წლამდელებს შორის ევროპაზეც მსგავსი პრობლემა მქონდა, თან მოულოდნელად მომიწია ამ შეჯიბრზე წასვლა, რადგან დიდი ხნით ადრე იყო გადაწყვეტილი, ლაშას უნდა ეჭიდავა, მაგრამ მსოფლიოს მერე რაღაცები გადაფასდა, ლაშა უფროსების ტურნირებზე გადაერთო და მე 23 წლამდელებს შორის ევროპაზე წავედი.

შემდეგ უკვე საქართველოს ჩემპიონატზე გნახეთ, წლის ბოლო შეჯიბრებაზე, აქ შენი ასპარეზობა მწვრთნელების გადაწყვეტილება იყო?
-დიახ, მწვრთნელების გადაწყვეტილება იყო  და ვერც ამ ტურნირს შევხდი კარგ ფორმაში, რადგან კვლავ მომიწია ოპერაციის გაკეთება. ისევ იმავე ოპერაციის, რაც წინაზე. ეს იყო ჩემი ბრალი, რადგან მაშინ მალევე დავბრუნდი ტატამზე და ბოლომდე არ მქონდა მოშუშებული. ძალიან მინდოდა მალე დავბრუნებულიყავი და საბოლოოდ გამიმიზეზდა. მანამდე ვერ მოვახერხე ოპერაციის გაკეთება, არც საქართველოს წინ ვგეგმავდი, მაგრამ აღარ მომეცა იმის საშუალება, რომ გადამედო.

საქართველოს ჩემპიონატზე ასპარეზობა უკვე ნიშნავდა იმას, რომ შეიცვალე ასაკობრივი კატეგორია, თუ ისევ იქნებოდი ახალგაზრდებში მიმდინარე წელს?
-კი, ჩვეულებრივად ვიქნებოდი ახალგაზრდებში. ეს საქართველო იყო გამოცდა.

ეს ოლიმპიური წელი უნდა ყოფილიყო და შანსი ხომ არ იყო, ოლიმპიური ლიცენზიის კონკურენციაში ჩაბმის?
-რატომაც არა. არ იყო 90 კილოგრამში გადაწყვეტილი ვინ იასპარეზებდა ოლიმპიადას. ჩვენ 2020-ის წევრებს ყველას გვაქვს სპორტში უმაღლესი მწვერვალების ამბიცია და ოლიმპიადა სწორედ ეს არის. როგორც ყველა სპორტსმენისთვის, ასევე ჩემთვისაც სანუკვარი ოცნება არის ოლიმპიური ჩემპიონობა. როგორც კი გადავწყვიტე, რომ პროფესიონალურ სპორტში ვყოფილიყავი იმ მომენტიდან გამიჩნდა ეს ამბიციაც. ყოველი დაძინება და გაღვიძება არის ამაზე ფიქრი, რომ უნდა გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

ძალიან კონკურენტული წონა გაქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე
– კი, ბატონო და ეს მახარებს და მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. როდესაც წონაში გყავს ასეთი კონკურენტები შენ იძულებული ხარ, გააკეთო  მაქსიმუმი. როდესაც ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილია შენი კონკურენტი, ასევე ლაშაც რა თქმა უნდა, მაგრამ ლაშა მაინც უფრო ჩემი ასაკისაა, ერთად მოვდივართ ნაკრებში. ხოლო შედარებით უფროს თაობას, ვინც ახლა ჩემი კონკურენტები არიან, მათ ვუყურებდი ბავშვობაში და  ვუყურებდი, როგორც მისაბაძ მაგალითებს. როდესაც მაგალითად, ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთად ხარ შეჯიბრზე და იცი, დიდი შანსია რომ შეხვდე, პასუხისმგებლობა და მოტივაციაც მეტი გაქვს. იცი, რომ თუ იბრძოლებ ასეთ ძლიერ და გამოცდილ მეტოქეებთან შეგიძლია გაიმარჯვო. ასე რომ მართლაც ძალიან ძლიერი წონაა და წინასწარ ვერავინ იტყვის ვინ შეძლებს გამარჯვებას, მაგრამ ერთი ნამდვილადაა  – ამ კონკურენციიდან ვინც არ უნდა მოხვდეს ოლიმპიადაზე, ყველა იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

ფავორიტი სპორტსმენი თუ გყავს, არა მხოლოდ შენს წონაში, არამედ ზოგადად?
-კი, როგორ არა, ეს არის გურამ თუშიშვილი. არა მხოლოდ საყვარელი სპორტსმენია, არამედ მისაბაძიცაა, როგორც სპორტული, ასევე პიროვნული კუთხით.

საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები როგორც ზოგადად, ასევე  უშუალოდ ჯუდოს ნიუანსებში გააზრებული აქვს. ცდილობს დადებითი მხარეები უფრო განავითაროს და მათი უკეთ გამოყენება შეძლოს, ხოლო უარყოფითის გამოსწორებაზე ყველანაირად მუშაობს.

ჩემი, როგორც სპორტსმენის, ყველაზე დიდი პლუსი არის შრომისმოყვარეობა. შემიძლია, ვიშრომო იქამდე, სანამ არ გამოვა. შემიძლია, გადავდო სხვა ყველაფერი და ჩემი მიზნისთვის გავაკეთო მაქსიმუმი. იმიტომ ვამბობ,  ფონად გასდევს 2018 წელი ჩემს სპორტულ კარიერას-მეთქი, რადგან მაშინ აღმოვაჩინე – შემიძლია მაქსიმუმი გავაკეთო.  თავიდან მომიწია იმ ყველაფრის გავლა, რაც თითქოს უკვე გავლილი მქონდა, მაგრამ ეს შრომის ხარჯზე მოვახერხე და ამიტომ ვფიქრობ, რომ შემიძლია ამ ტკივილისა და შრომის გაძლება, რასაც წარმატება მოითხოვს. რაც შეეხება სპორტულ ნიუანსებს, ბათუ ჯიქურის მოსწავლე ვარ და კისრულები არის ძალიან ინდივიდუალური ჩემთვის. მეც თუშიშვილსაც და სანებლიძესაც ერთი სტილი გვაქვს. ეს და ასევე არის მეორე ფაქტორი – სისწრაფე წონასთან შედარებით.

მინუსი არის ცალსახად ემოციურობა. ზედმეტი და ძალიან გადაჭარბებული ემოციები მაქვს. ძიუდო კი არის ის სპორტი, სადაც ამდენი ემოციები ხელის შემშლელია. ფეთქებადი და ძალიან იმპულსური ვარ. ვარჯიშებზეც ხშირად აღუნიშნავთ მწვრთნელებს ეს და ძალიან დიდი ხანია ამ მინუსს ვებრძვი. პატარა რაღაცამ შეიძლება გამაღიზიანოს და ამის გამო დავმარცხდე. მე მქონდა იმის ბედნიერება, რომ უმცროს ჭაბუკებში  ირაკლი ცირეკიძე იყო ჩემი მწვრთნელი და პარალელებს რომ ვავლებდი ჩემსა და მის ხასიათს შორის, დიდ უფსკრულს ვხედავდი. იმდენად წყნარი, მშვიდი და გაწონასწორებულია, რომ მიფიქრია – ნეტავ, როგორ ახერხებს და მგონია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ასეთი დიდი და ძლიერი სპორტსმენი იყო, სწორედ ეს ხასიათის ნიუანსიცაა. ემოცია კარგი მაშინაა, როდესაც შენს სასარგებლოდ იყენებ და განგაწყობს ბრძოლისთვის, თუ ხელისშემშლელია და შეცდომებს გაშვებინებს, უნდა ებრძოლო.

რაც შეეხება უშუალოდ ტექნიკურ მხარეში მინუსებს, ვფიქრობ, რომ უფრო მჭირდება ქართული სტილის დახვეწა, რადგან ძალიან უხერხულია უცხოელი მეტოქეებისთვის. ჩემთვის უხერხულნი არიან, იმავე სტილის სპორტსმენები, როგორიც მე მაქვს, ამიტომ მიჭირს ყოველთვის იაპონელებთან ჭიდაობა, რომ ჩემნაირი სტილი აქვთ და მათთან უკვე მიწევს ქართული სტილით ჭიდაობა, რაც არაა ჩემი ძლიერი მხარე და ამიტომ მინდა, რომ მაქსიმალურად დავხვეწო ქართული სტილი. ვფიქრობ, ამ ორის კომბინაცია დიდი პლუსი იქნება. ევროპელებთან ჭიდაობა არ მიჭირს, აზიელებთან მიჭირს. ევროპელები ასე ვთქვათ, იმდენად სწორ ძიუდოს ჭიდაობენ, ტაქტიკაზე გათვლილს, რომ ჩვენთვის ქართველებისთვის ადვილად ამოსაცნობიცაა და კარგად ნაცნობიც, რადგან ძალიან ხშირად გვიწევს ევროპაში შეჯიბრებებიც და შეკრებებიც. ასევე დიდი ფუფუნებაა ჩვენთვის ის, რომ იაპონიაში ჩავდივართ და იქ ვვარჯიშობთ, ამიტომ ასე თუ ისე მათთანაც ვაგროვებთ გამოცდილებას“

ბავშვობაში სოფელში არ ჭიდაობდი ხოლმე ქართულ ჭიდაობას?
-კი, ვჭიდაობდი და თავდაპირველად ქართულ სტილიც მქონდა, ეს არაქართული უკვე ბათუსთან შევიძინე და იმდენად აღმოვაჩინე უკვე ჩემი თავი  ამ სტილში და კისრულებში, რომ მერე გამიჭირდა ქართულის განვითარებაც და ამიტომ ამაზე ვმუშაობ.

ქართველებისთვის ძალიან ხშირად ასახელებენ სუსტ წერტილად ნევაზას, შენ როგორ ხარ ამ კომპონენტთან?
-სხვათა შორის, არ მიჭირს ნევაზა. ყოველ შემთხვევაში თავის დაცვა მეხერხება და ის ელემენტარული ნამდვილად ვიცი, რომ არ დამარცხდე ნევაზაში და ასევე თავადაც მახრჩობელა ილეთს ხშირად ვაკეთებ. ზოგადად პროექტ 2020-ში ნევაზაზე ძალიან გვაქვს ყურადღება გამახვილებული და ცალკე ვარჯიშები გვაქვს. მემგონი ეტყობა კიდეც გუნდს, სულ მცირე შიში არავის აქვს მოწინააღმდეგეს ნევაზაში ჩაყვეს. ისე რომ ნევაზა თავის ძლიერ კომპონენტად გამოიყენოს და იქით  მოახვიოს მეტოქეს თავს, ამ ეტაპზე ყველაზე კარგად ეს ტატოს გამოსდის. მაგრამ ყველანი ვმუშაობთ მის დახვეწაზე, რადგან ნევაზა ძიუდოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მისი მეშეობით დროის ეფექტურად გაყვანაც შეგიძლია და რაც მთავარია, მინიმალური დანახარჯით მაქსიმალურის მიღწევაა შესაძლებელი. ზოგადად ძიუდო გონების თამაშიცაა და ძალიან მწყდება ხოლმე გული, როდესაც ხალხს ჰგონია, რომ ძიუდოისტი მხოლოდ ტატამზეა ძლიერი და გონებრივი მონაცემები არ აქვს.

როდესაც ჯუდოთი არ ხარ დაკავებული, რას აკეთებ?
-ჩემი ჰობი არის მთაში ყოფნა და ცხენით ჯირითი. დედა მყავს გერგეტიდან და მთელი ბავშვობა ყაზბეგში მაქვს გატარებული, 5 წლიდან ცხენზე ვზივარ. სამწუხაროდ, გუდამაყარში, საიდანაც არის ჩემი გვარი, სახლი არ მაქვს, მაგრამ ყოველ წელს ვცდილობ, რომ ავიდე და არ დავკარგო იქ ყოფნის ბედნიერება. ასევე  მიყვარს კითხვაც, თავისუფალ დროს ხშირად ვკითხულობ ხოლმე.

და თავად ჯუდო რას ნიშნავს შენთვის?

-ძიუდო ჩემთვის გარდა იმისა, რომ პროფესიაა და არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ცხოვრების სწორი სტილის. ვფიქრობ, ბავშვის განვითარებისთვის ძიუდო არის ძალიან კარგი. მე მაგალითად  იშვიათად მეგულება სპორტი, სადაც არ შეიძლება ემოციის გამოხატვა. ძალიან ბევრი წესებია, რაც გასწავლის დისციპლინას, შრომისმოყვარეობას, ხდები ჰუმანური, აფასებ სხვის და საკუთარ შრომას. ეს ყველაფერი ბავშვს ხდის მოწესრიგებულსა და პასუხისმგებლიანს. ძიუდო არის ის სპორტი, სადაც შვილს აუცილებლად შევიყვანდი, რადგან სწორად განვითარდეს, თუ პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გახდება, ძიუდო დაეხმარება იმაში, რომ ადამიანად ჩამოყალიბდეს.

 

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი