მთავარი მთავარი მიხეილ ჩხენკელი: ,,ჭადრაკმა შეინარჩუნა ის სულისკვეთება, რაც საქართველოში სპორტის ამ სახეობას ყოველთვის თან ახლდა”

მიხეილ ჩხენკელი: ,,ჭადრაკმა შეინარჩუნა ის სულისკვეთება, რაც საქართველოში სპორტის ამ სახეობას ყოველთვის თან ახლდა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 77-ე ჩემპიონატის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

მინისტრმა კომენტარისას საქართველოში ჭადრაკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ამ სპორტის სახეობის მნიშვნელოვან როლს პანდემიის დროს ტელესკოლის პროექტში.

ჩხენკელი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ჭადრაკის გაკვეთილები საქართველოს ყველა სკოლაში დაინერგოს.

მიხეილ ჩხენკელი: ,,ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა. ჩვენი ქვეყანა ძალიან ძვირფასი და მდიდარი საჭადრაკო ტრადიციების მქონეა და მიხარია, რომ პანდემიის მიუხედავად ჭადრაკმა შეინარჩუნა ის სულისკვეთება, რაც საქართველოში სპორტის ამ სახეობას ყოველთვის თან ახლდა.

პანდემიის დღეებში, ჭადრაკის ფედერაციამ ძალიან საინტერესო ღონისძიებები ჩაატარა და შემოქმედებითად გამოიყენა ონლაინ სივრცე. ეს მართლაც შესანიშნავი და მისაბაძი მაგალითი იყო სხვა ქვეყნებისთვისაც. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჭადრაკის დიდი როლი ჩვენს უაღრესად მნიშვნელოვან ტელესკოლის პროექტში. როდესაც პანდემიის გამო სკოლებში საგაკვეთილო პროცესი შეწყდა, ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა სასწავლო პროცესის უწყვეტობა და ამისთვის ონლაინ მეთოდები და პროექტი ტელესკოლა გამოვიყენეთ. საჭადრაკო გაკვეთილებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტის წარმატებაში, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ჭადრაკის როლი სკოლაში არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ჩვენი სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ჭადრაკის გაკვეთილები საქართველოს ყველა სკოლაში დაინერგოს. ჭადრაკი არ არის მხოლოდ სპორტი, ის ამავე დროს გახლავთ ხელოვნება, მეცნიერება და მათემატიკასთან ერთად გონების ვარჯიშის საუკეთესო საშუალება.

მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მოხარული ვარ, რომ საქართველოში გრძელდება ძლიერი საჭადრაკო ტრადიციები. გისურვებთ წარმატებებს“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოს 77-ე ჩემპიონატში გამარჯვება ნინო ბაციაშვილმა მოიპოვა.
ვიცეჩემპიონი მერი არაბიძე გახდა.
მესამე ადგილზე ბელა ხოტენაშვილი გავიდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი