მთავარი ინტერვიუ ტატო გრიგალაშვილი: რაც ძიუდოში წარმატებისთვის საჭიროა, ყველაფერი მაქვს

ტატო გრიგალაშვილი: რაც ძიუდოში წარმატებისთვის საჭიროა, ყველაფერი მაქვს

699 ნახვა

 – ყველაზე კარგად რომელი მოგება გახსოვს ?
– ჯერ არ მომიგია ასეთი შეხვედრა რომ ყველაზე კარგი ყოფილიყო, ეგ გამარჯვება წინაა.
აქამდე რაც მოიგე იმათგან?
-არც ერთი არ მაქვს ისეთი მოგება, რომელიც მაკმაყოფილებს.
მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონებს რომ მოუგე, არც ამ შეხვედრებს გამოარჩევ?
-არა, მე ხომ არ ვარ ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, როდესაც მე გავხდები, ის  გამიხარდება და ეგ მოგებები იქნება განსაკუთრებული, მანამდე ვის მოვუგებ, არ აქვს  ჩემთვის  მნიშვნელობა…

კარიერის მთავარი გამარჯვებისთვის არა, გამარჯვებებისთვის ემზადება. ამბობს, რომ ჯუდოზე ჩემპიონობისთვის და დიდი მიღწევებისთვის შევიდა, შესაბამისად მისი მთავარი მიზანიც ჯუდოს რეკორდების მოხსნაა…

ისე არ მოხდება, რომ ერთი ან ორი დიდი ტურნირი მოვიგო და წავიდე, სანამ საკუთარ თავს სრულად არ ამოვწურავ, ვიჭიდავებ. მინდა, ძიუდოში რეკორდები დავამყარო და ჩემი სახელი ამ სპორტის ისტორიაში მნიშვნელოვნად დავტოვო

ყველაზე მეტად რა დაგეხმარება, ამ ყველაფრის მიღწევაში?
-მონდომება, ნებისყოფა, შრომა, დისციპლინა.

ამათგან შენი ძლიერი მხარე რომელია?
-ყველაფერი ერთად, ვერ გამოვყოფ ვერც ერთს. რაც ძიუდოში წარმატებისთვის საჭიროა,  ყველაფერი მაქვს.

ნაკლი რა არის შენი, რამ შეიძლება ხელი შეგიშალოს?
-ერთადერთი, რამაც შეიძლება ჩემი მიზნების ასრულებას ხელი შეუშალოს, არის  ჯანმრთელობა.

გეგმები ერთი შეხედვით მეტად ამბიციურია, თუმცა ვინც ტატო გრიგალაშვილის შესაძლებლობები იცის, არც გაუკვირდება. ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ტალანტი, ისეთი რომელზეც ვამბობთ ხოლმე: „ათასში ერთი იბადება“ – აგერ ჩვენ თვალწინ იზრდება და დღითიდღე უფრო და უფრო იხვეწება. მისი დიდი წარმატებებიც სწორედ ჩვენ თვალწინ მოხდება და არაა გამორიცხული ტატო იყოს ის სპორტსმენი, რომლის ეპოქაში ცხოვრებითაც ოდესმე ვიამაყებთ. ამ საკმაოდ დახვეწილ ჯუდოკას, შეიძლება ითქვას მინუსი საერთოდ არ აქვს და ჯუდოს არაერთ მნიშვნელოვან კომპონენტსაც უბადლოდ ფლობს. გადაჭარბებული არც ის იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ამ 20 წლის ბიჭის სახით უკვე პროფესიონალი ჯუდოკა გვყავს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, ის სპორტი, რომელსაც ემსახურება.

ფართო გულშემატკივარმა ტატო პირველად 2017 წლის თბილისის გრან-პრიზე ნახა, სადაც ჯერ კიდევ 16 წლისამ გულშემატკივარს თავი ზუსტად დახვეწილი ჯუდოთი დაამახსოვრა, თუმცა მისი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი და პირველი წარმატებაც 13 წლის ასაკს უკავშირდება, როდესაც საფრანგეთში წავიდა.

„საფრანგეთის კლუბში ვიყავი ერთი წლის განმავლობაში და ეს პერიოდი ძალიან დამეხმარა, პირველ რიგში შევეჩვიე დამოუკიდებლობას, რადგან 13 წლის ასაკში მარტო ვიყავი უცხო ქვეყანაში, სწავლითაც კარგად ვსწავლობდი, სიგელებიც მქონდა სწავლაში, ენაც ვისწავლე და რაც მთავარია, კარგად დავინახე  ძიუდოს ტექნიკური მხარე. პირველად იქ ვნახე როგორ უნდა განვითარებულიყო პატარა ბავშვი სწორად. ახლა იმდენად აღარ არის ჩვენთან ასე, მაგრამ ადრე პატარა ბავშვს თავიდანვე ფიზიკურად ავარჯიშებდნენ  და იქ პირიქით იყო, ჯერ ტექნიკას ასწავლიან, მერე ფიზიკურად ძლიერდება. საერთო ჯამში შეიძლება ვთქვა, რომ საფრანგეთში ყოფნამ კიდევ უფრო შემაყვარა ძიუდო

-ამ ფაქტორმა განაპირობა, რომ ჯუდო შენი პროფესიაა, მანდ მიხვდი, რომ ჰობი აღარ იყო?

-არა, მანამდეც. 11 წლის ასაკში, როდესაც სავარჯიშოდ ქარელში გადავედი და მირზა ხაბარელთან დავიწყე ძიუდოს სწავლა. სწორედ მან მასწავლა ძიუდოს ანბანი და ახლაც ისაა ჩემი პირადი მწვრთნელი, საფრანგეთშიც მისი დახმარებით მოვხდი.

-11 წლის ასაკში დაიწყე ჯუდოში ვარჯიში?

-არა, ძიუდოზე პირველად რომ მიმიყვანა მამაჩემმა 3 წლის ვიყავი, 2004 წელს როდესაც ზვიადაური გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ამან  იქონია გადაწყვეტილებაზე გავლენა, თუმცა მამაჩემიც იყო ადრე ამ სპორტით დაკავებული და მანამდე ჩემი ბიძაშვილიც დადიოდა. მაშინ მწვრთნელმა გვითხრა, ძალიან პატარაა და ორ-სამ წელიწადში მოიყვანეო, მაგრამ  ვერ გავძელით და მომდევნო წელს ისევ მივედი, თუმცა ხერხემალზე შემექმნა პრობლემა და მაინც მომიწია ერთი წლის გაცდენა. საბოლოოდ 5-6 წლის ასაკში დავიწყე ვარჯიში, მაგრამ ხაშურში არ მქონდა შესაბამისი პირობები და შეიძლება ითქვას, რომ რეალურად ძიუდოს შესწავლა 11 წლის ასაკში, ქარელში გადასვლით, მირზა ხაბარელთან დავიწყე.

-საქართველო ნაკრებში პირველად 2016 წელს მოხვდი, ხომ?

-კი, საფრანგეთიდან რომ დავბრუნდი აქ გავაგრძელე ვარჯიში და 2016 წელს საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაო ავიღე, შესაბამისად საერთაშორისო ტურნირებზეც ვიყავი. ჯერ  ანტალიაში ავიღე მესამე ადგილი, შემდეგ გერმანიაში – მეორე; ასევე ევროპის ჩემპიონატზეც ვიჭიდავე, სადაც ძალიან დასანანი შეხვედრა წავაგე, ორ იუკოს ვიგებდი და ვაზარით წავაგე. შემდეგ ჩემპიონები გავხდით გუნდურში და მანდ ყველა შეხვედრა მოვიგე. პირადი მედალი ოფიციალურ ტურნირებზე პირველად 2017-ში ავიღე – ევროპასა და მსოფლიოზეც ბრინჯაო.

-ამ შედეგებით მოხვდი ხომ „გამოწვევა 2020“-ში?

-კი, 2017 წლის შედეგებით დაკომპლექტდა „გამოწვევა 2020“. ამ პროექტში მოხვედრის შემდეგ უფრო მეტად ჩავერთე ძიუდოში, მანამდე მხოლოდ შეკრებაზე მივდიოდით ხოლმე და აქ უშუალოდ ძიუდოს შესწავლა დავიწყეთ – ნაგენო-კატას გვასწავლიდნენ; ძიუდო ცალკე შეგვასწავლეს კარგად და ამასთან ფიზიკური ვარჯიშებიც გვქონდა. ერთად ვცხოვრობდით და ვარჯიშთან ერთად, სწავლაშიც გვეხმარებოდა ეს პროექტი.

გასულ წელს როგორ შეაფასებ, როგორი იყო შენთვის 2019?     

-კარგი არ იყო, გაცილებით უკეთესი უნდა ყოფილიყო. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ საქართველო ვერ ვიჭიდავე კარგად და ყველაზე მეტად ამან გადამიწყვიტა, რომ ვერ ვიჭიდავე ვერც მინსკის თამაშები და ვერც მსოფლიო. მართალია, ევროპაზეც ვიყავი კონკურენციაში და მსოფლიოზეც, მაგრამ ისე მოხდა, რომ სხვებმა მაჯობეს.

ხოლო, ახალგაზრდებს შორის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, იყო ყველაზე ცუდი მსოფლიო ჩემთვის. მეტოქეს არ მოუგია, მე წავაგე. ალბათ, ვიჩქარე, მალე მომიწია გამოსვლა მეოთხედფინალის შემდეგ და ამ შეხვედრაზე ვერ ვიფიქრე ისე, როგორც სხვებზე. მოკლედ, ჩემი ბრალი იყო; ზოგადად, ყველა წაგებული შეხვედრა ჩემი ბრალია.

ხომ არ ფიქრობდი, რომ უკვე ფინალში იყავი?

-არა, ასე არ ვფიქრობ ხოლმე, ზოგადად არასდროს ვფიქრობ რომელიმე შეხვედრის წინ რომ ეს უკვე მოგებული მაქვს. ყველაზე მეტად ვფიქრობდი პირველ შეხვედრაზე, იაპონელ ტაკეჩისთან, რომ ეს ბარიერი გამევლო, რადგან პირველივე რთულ მეტოქესთან მიწევდა და მაქსიმალურად ვკონცენტრირდი. საერთოდ, სპორტსმენი ყველა ტურნირზე მოგებაზე და ჩემპიონობაზე უნდა ფიქრობდეს, თუმცა თითოეული შეხვედრის წინ იმ შეხვედრისთვის განწყობა აუცილებელია, არ შეიძლება  რომელიმეზე გადაწყვიტო, რომ ეს იოლი მოსაგებია და უკვე იმის მომდევნოზე ფიქრობდე. მე ყოველ შემთხვევაში, არც ერთ მეტოქესთან არ გავდივარ იმ განწყობით, რომ მოგებული მაქვს. ისე უნდა დაიხარჯო ყველა შეხვედრაზე, რომ მერე დასანანი არ იყოს და მე ეს მსოფლიოს ნახევარფინალი მაქვს ასე დასანან მარცხად.

კიდევ რომელი შეხვედრაა ასეთი?

-ძალიან ბევრია, განსაკუთრებით ვნანობ 2017 წლის მსოფლიოს ნახევარფინალს, ასევე 2018-ში მინსკის ევროპის თასზე წავაგე ძალიან დასანანი შეხვედრა, რადგან წლის დასაწყისში ანტალიის გრან-პრიზე მედალი რომ ავიღე, უფროსების მსოფლიოზე მონაწილეობის შანსი მომცეს და ამის გამო ვიყავი მინსკში;  ვაზარს და ორ შიდოს ვიგებდი და მთელი შეხვედრა არაფერი გაუკეთებია მეტოქეს და ბოლო 14 წამში მომიგო, არადა მე მსოფლიოზე მონაწილეობას  მიწყვეტდა ეს შეხვედრა. ასევე ძალიან ვნანობ 2018 წლის ევროპა-მსოფლიოზე ქართველთან  წაგებულ ორივე შეხვედრას,  ალბათ, ცუდად ვიყავი განწყობილი და გამოვასწორებ აუცილებლად.

ხომ არ ფიქრობ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვს და ზოგიერთ შეხვედრას ხასიათის გამო აგებ?

-ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეჯიბრს როგორი ხასიათით შეხვდები, მაგრამ  წინა წელს 9 შეჯიბრი ვიჭიდავე და 7 მედალი ავიღე, შესაბამისად ვერ ვიტყვი, რომ არასტაბილური ვარ და ხასიათის პრობლემა მაქვს. ეკატერინბურგში და მასტერსზე დავრჩი მხოლოდ უმედლოდ. დანარჩენ ტურნირებზე რა შეხვედრებიც წავაგე არ მგონია, რომ რომელიმე ხასიათის ბრალი ყოფილიყო. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა საერთოდ არ მაქვს და არც ტურნირისთვის თუ კონკრეტული შეხვედრისთვის განწყობა მიჭირს.

კონკრეტულად რომელიმე მეტოქისთვის თუ ემზადები ხოლმე?

– ვარჯიშებზე ისე ვვარჯიშობ და ისე მიმყავს ჩემი სტილი, რომ როდესაც შეხვედრაზე გავალ იმაზე არ მქონდეს საფიქრი ასე დავაწყო ჩემი ჭიდაობა თუ ისე; უფრო იმაზე ვფიქრობ, იმ მეტოქეს რა დავუპირისპირო იმ მომენტში, ანუ უკვე ნავარჯიშები მაქვს, უბრალოდ იმ კონკრეტულ მომენტში მაქვს დასალაგებელი. ტექნიკას და ტაქტიკას წინასწარ ვამუშავებ ხოლმე, რაშიც ძალიან მეხმარება ჩემი პარტნიორი, ჩვენი გუნდის წევრი იმედა გოგოლაძე.

რომელიმე უხერხული მეტოქე თუ გყავს?

-როგორც უკვე ვთქვი, ისე ვცდილობ დავალაგო ჩემი ტექნიკა, რომ მსგავსი პრობლემები არ მქონდეს და არ დავდგე იმის წინაშე, რომ ვინმესთან რაღაც სხვანაირად უნდა გამეკეთებინა და ვერ გავაკეთე.

მაგალითად, საიდ მოლაი არ არის უხერხული მეტოქე?

-უხერხული არ არის, უხეშია და ამიტომ არის მასთან ჭიდაობა შედარებით რთული.

ზოგადად, ვის თვლი ძლიერ მეტოქეებად და 81-ში ანგარიშგასაწევ ძალად?

-კონკურენტებიდან, ვისთანაც არ მიჭიდავია ყველაზე მეტად  მაინტერესებს მატიას კასესთან ჭიდაობა, საგი მუკისთან და ვალვა ფორტიერთან. ისე კი ყველაზე ძლიერად ჩემს წონაში ნაგასეს ვთვლი.

შიდა კონკურენციაში ვის თვლი ყველაზე ძლიერად?

-ყველა ძლიერია, ასე ხელის დადებით ვერავისზე ვიტყვი, რომ ესაა ყველაზე ძლიერი, თუმცა შედეგებიდან გამომდინარე უფრო ლუკა, მაგრამ არც იმის თქმა შემიძლია, რომ ახალკაცი ნაკლებად ძლიერი კონკურენტია. ზოგადად, 81 კილოგრამი ძალიან ძლიერი წონაა და ვინც არ უნდა იყოს საქართველოდან ოლიმპიადაზე ლუკა იქნება, ახალკაცი, ტატალაშვილი, რეხვიაშვილი თუ მე – წავალთ მოსაგებად. მე, ბუნებრივია, მინდა, რომ მე ვიყო და მე ვასახელო ჩემი ქვეყანა და ჩემი ოჯახი, მაგრამ ვინც დაიმსახურებს და ვინც წავა – ღმერთმა შეარგოს; მთავარია, დაუმსახურებლად არავინ წავიდეს.

შენს უშუალო კონკურენტთან, ანუ ლუკასთან, ორი შეხვედრიდან ორივე წაგებული გაქვს, როგორ ფიქრობ, ეს უარყოფითი ბალანსი რამ განაპირობა?

– ვფიქრობ, უფრო საკუთარი თავის დაუჯერებლობის ბრალი იყო ეგ დამარცხებები, მსოფლიოზე იმდენად არა, იქ სხვა ფაქტორებიც იყო, უფრო ევროპაზე; ამასთან ამ წელს ახალი გადასული ვიყავი 81-ში და ადაპტაცია მჭირდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ მსოფლიოდან თუ მედლის გარეშე დავბრუნდებოდი, ვერ წარმოვიდგენდი; მგონი, სხვა დროს არც მქონია მსგავსი განცდა, როგორც მაშინ. მანდაც იაპონელთან წავაგე, არ მიყვარს ზოგადად იაპონელებთან ჭიდაობა 0:3 მქონდა ურთიერთშეხვედრებში და ახლა გამოვასწორე 3:3 გავხადე. მაგ მარცხის შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი, შეიძლება მაგ შეხვედრას გადაეწყვიტა ჩემი მსოფლიოს ჩემპიონობა და შემდეგ ვეღარ განვეწყე სათანადოდ.

უნივერსიადაზე რა მოხდა, რატომ წააგე?   

-მიჩვეული როგორც ვარ, ყველა ტურნირზე ლაშა გუჯეჯიანი ან გიგა ბოჭოიძე მოგვყვება, ისინი მაინც სხვანაირად გვახურებენ და სხვანაირად განგვაწყობენ ხოლმე. გიგა ბოჭოიძე ისე გამჩეჩავს ხოლმე, ხან თმა მცვივა, ხან წვერი და მეორე დღეს თავის ქალა აღარ მივარგა. ამ ტურნირზე ლექსო ღვინიაშვილი გვახლდა, ის კი ყველანაირად გვაქცევდა ყურადღებას, რაც საჭირო იყო, მაგრამ გახურების და განწყობის თემა სულ სხვაა, ისე გამოვედი მეოთხედფინალში, რომელი შეხვედრაც წავაგე, რომ მითხრეს ახლა ჭიდაობ და ასე პირდაპირ ავდექი და გამოვედი. მაგ შეხვედრაში კიდევ სხვა თემაც იყო, ვფიქრობ არ იყო იპონი, რაც ჩათვალეს იპონად. მგონია, რომ არასწორად შეაფასეს.

მსაჯებთან მიმართებაში კითხვები ხშირად გაქვს ხოლმე?

-კი, არის ხოლმე კითხვები, ხშირად ეშლებათ. მაგალითად, ჩემს შემთხვევაზე რომ ვთქვა, ჩემს სასიკეთოდაც შეშლიათ და ჩემს საზიანოდაც. მაგალითად, 2018 წლის მსოფლიოზე თურქ მეტოქესთან, კოც მუჰამადთან, რეალურად დავმარცხდი, რადგან იპონი იყო ის, რაც ვაზარით შეაფასეს და მერე ორი ვაზარი ავიღე; ხოლო ამავე ტურნირზე მე მომცეს უკვე იაპონელთან ვაზარი და არადა იპონი იყო.  ახლაც ქევხიშვილმა მოგვცა დავალება რომ ჩვენი შეხვედრები განგვეხილა და მინუსებსა და პლუსებზე გვემსჯელა და აღმოვაჩინე, რომ ნაგასესთან ტატამზე გასვლისთვის იმ მომენტში არ გამაფრთხილეს, გაგრძელდა შეხვედრა დაახლოებით 20 წამი მაინც ვიჭადევეთ და მერე გამაფრთხილეს, თან როცა უკვე მე ვაქტიურობდი, ამ პერიოდში შეიძლება მე შემებოჭა, ან მას შევებოჭე და ხომ არ იქნებოდა სწორი.

საქართველოს ჩემპიონატზე რატომ არ იყავი?

-საქართველოს ჩემპიონატზე არ ვიყავი ტრავმის გამო, მასტერსზეც მაწუხებდა და გამაყუჩებლით ვიჭიდავე. მასტერსზე უფრო ქულების გამო ვიყავი, თუმცა მიუხედავად ტრავმისა მქონდა იმედი, რომ შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო და წონის ჩაბარების შემდეგ, იმიტომ გადავწყვიტე ჭიდაობა, მაგრამ შემაწუხა მაინც ტრავმამ.

დიუსელდორფის ტურნირისთვის როგორ მოემზადე, კიდევ ხომ არ გაწუხებდა ტრავმა?

– მოვემზადე ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან მაწუხებდა აქაც ტრავმა. საოპერაციო ხელით ვიჭიდავე, დიუსელდორფის ტურნირის წინ ტატამზე საერთოდ არ მოვმზადებულვარ. ახლაც საოპერაციო მაქვს ეს ხელი.

და რატომ არ იკეთებ?

-8 თვე უნდა რეაბილიტაციას და ეს პერიოდის ჩაგდება ხელს შეუშლის ჩემს მიზნებს.

პანდემიის პერიოდში, როდესაც ყველაფერი გაჩერებული იყო, რატომ არ გაიკეთე?

-როდესაც მარტის დასაწყისში გაჩერდა ტურნირები, ველოდებოდით ისევ აღდგენას, ხომ არ ვიცოდით რამდენხანს არ ჩატარდებოდა და ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ვიბრძოდი, გადაწყვეტილი იყო თუ არ იყო, მე მაინც ჩემსას ვცდიდი. ვფიქრობდით, რომ ოლიმპიადის შემდეგ უნდა გამეკეთებინა ოპერაცია, მიუხედავად იმისა, ვიჭიდავებდი თუ არა ტოკიოში.

ანუ, ახლა ერთი წლით გადაიდო შენი ოპერაცია?

-კი, გადაიდო.

დისკომფორტი არ იქნება, თუკი ვერ ემზადები ამ ტრავმის გამო ტურნირებისთვის?

-კი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ რაღაცების დათმობა გვიწევს ხოლმე.

-ახლა როგორ ემზადები, პანდემიის პერიოდში რამდენიმე თვე გაჩერება მოგიწიათ, ალბათ, დაგაზარალა ამანაც

-კი, სამი თვის განმავლობაში არ ვვარჯიშობდით და დამაზარალა იმ მხრივ, რომ ამდენი ტურნირი იყო ჩანიშნული და ვერც ერთი ვერ ჩატარდა, თორემ ისე ჩემთვის 81-კგ-ში კონკურენციის მხრივ კარგი მოხდა. ისე კი, ზოგადად  ყველა სპორტსმენი დააზარალა, რადგან ყველა სახლში ვვარჯიშობდით, ვისაც როგორ შეგვეძლო. ეს იყო ფორმის შესანარჩუნებელი ვარჯიში, მე პირადად ერთი დღე არ ჩამიგდია სახლში, მინიმუმ 5-6 საათს ვვარჯიშობდი.

ახლა უკვე შეკრებას გავდივართ, ძალიან მაგრად ვემზადებით, დღეში სამჯერ გვაქვს ვარჯიში, ვინაზღაურებთ იმ დანაკლისს, რაც პანდემიის გამო გვქონდა. რადგან  ყველა ძირითადად ფიზიკურად ვემზადებოდით და ახლა უფრო მეტ დროს ვუთმობთ ტატამის ვარჯიშებს და ტექნიკას. გუჯეჯიანი და ბოჭოიძე გვავარჯიშებენ ძალიან კარგად, გადანაწილებული აქვთ დრო ფიზიკური და ტატმის ვარჯიშებისთვის. თავიდან რომ დავიწყეთ, ორი კვირის განმავლობაში ერთი დღე არ დაგვისვენია და ახლაც თუ შევისვენებთ ერთი დღით კვირაში. ასე რომ ძალიან მაგრად ვემზადებით და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოვახდენთ „2020“ მომდევნო ტურნირებზე.

ძალიან კარგი, მოუთმენლად ველოდებით. დავუბრუნდეთ დაწყებულ თემას და უშუალოდ დიუსელდორფის გრანსლემზე რომ ვისაუბროთ, საკმაოდ რთული მეტოქეები გაიარე

– ეგ ვიცოდი, წინასწარ ვფიქრობდი, რომ ნაგასე შემხვდებოდა პირველივე შეხვედრაში. წინა გრან-სლემზეც ეკატერინბურგში ერთადერთი იაპონელი ნაგასე იყო ჩამოსული და ისიც მე შემხვდა პირველი და აქაც ასე ვფიქრობდი, რომ ისევ ჩემთან იქნებოდა. ზოგადად, არ ვნახულობ ხოლმე ბადეს წინასწარ; არ ვუყურებ კენჭისყრას. მერე ერთი დღით ადრე, აწონვის დღეს ვნახულობ, ვინ სად ზის რომ დავალაგო ჩემი ჭიდაობები, ოღონდ ზედმეტი ფიქრის გარეშე. 2019-მა წელმა ისე ჩაირა, რომ არც ერთ გრან-პრიზე და გრან სლემი არ ყოფილა ოლიმპიური ან მსოფლიოს ჩემპიონი არ შემხვედროდა, შესაბამისად,  უკვე მზად ვიყავი ფსიქოლოგიურად; ვიცოდი, რომ აუცილებლად მომიწევდა მასთან შეხვედრა. წინაზეც ეკატერნიბურგში ძალიან ცოტა დამაკლდა და იმ შეხვედრის გამოცდილება ახლა დამეხმარა. ძალიან რთული მეტოქეა, როგორც აღვნიშნე,  81 კილოგრამში ყველაზე ძლიერად მას ვთვლი; ვერ ვიტყვი, რომ ტექნიკურად ან ფიზიკურად, რაიმე კომპონენტით განსაკუთრებულად გამოირჩევა, უბრალოდ ძალიან გონივრულად მიყავს ჭიდაობა, ჭკვიანი ძიუდოისტია.

რაც შეეხება ხალმურზაევთან ფინალს,  ყველაზე ადვილი შეხვედრა იყო ჩემთვის. ხალმურზაევი როგორც ჭიდაობს, მაწყობს მე ეგ ჭიდაობა; რომელი ხელითაც ჩემკენ მოდის, ძირითადად იმ ხელით ვჭიდაობ. თუმცა ზოგადად ფინალი ცოტა სხვა მოსაგებია ხოლმე და შესაბამისი განწყობა არის ყოველთვის საჭირო.  საერთოდ ცრურწმენები არ მახსიათებს, მაგრამ ამ ტურნირზე რატომღაც მსგავსი რაღაც მქონდა:  გასახურებელი დარბაზის გვერდით, სადაც კონტროლს გადიხარ ტატამები იყო სამ რიგად დაწყობილი – 5, 10 და 15 და ყველა შეხვედრის წინ ზემოთ ვიჯექი ხოლმე, 15 სადაც ეწყო. ბოლოს ფინალისთვის რომ ვხურდებოდი, სამჯერ გამომიძახეს უკვე კონტროლზე, იქ ასვლას ვეღარ ვასწრებდი, არადა გულში მქონდა ნათქვამი, რომ იქ თუ ავალ, ყველა შეხვედრას მოვიგებ-მეთქი, მაინც გამოვნახე დრო და ცოტა ხანს ავედი  და მართლაც კარგად დასრულდა, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმამ ძალიან შემაწუხა, მხარს საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი.

არ შეიძლება, რომ არ გკითხო შენს ერთერთ ძლიერ მხარეზენევაზაზე. დიუსელდორფშიც ნახა მაყურებელმა, როგორ კარგად იყენებ და მანამდეც არაერთხელ გვინახავს, შეიძლება ითქვას, რომ გამორჩეულად კარგად ლობ ქართველ ჯუდოკებიდან ამ კომპონენტს, სად და როდის  ისწავლე ასე, ვინ გასწავლა?

-პარტერში ჭიდაობა ბავშვობიდან მიყვარდა, თუმცა ეს მხარე უფრო საფრანგეთში დავხვეწე, რადგან იქ სულ ტატამზე მქონდა ვარჯიში – ერთხელ დგომში მქონდა ხოლმე, ერთხელ პარტერში; ერთი წელი ასე ვიყავი და არა მარტო პარტერი, ძალიან ბევრი ილეთი მასწავლეს საფრანგეთში.  შემდეგ რომ ჩამოვედი  და აქ ვჭიდოაბდი, თითქმის ყველა შეხვედრას ვიგებდი პარტერში, ტექნიკა იყო ჩემი ძლიერი მხარე, რადგან მაშინ ფიზიკურად ძლიერი არ ვიყავი.  რაც შეეხება პარტერის განვითარებას უკვე „2020“-ის პროექტი რომ დაიწყო, დავით ქევხიშვილი ერთ ვარჯიშს მთლიანად უთმობდა ხოლმე ნევაზას და ძალიან ბევრს გვამზადებდა ამ კომპონენტში; ჩვენც ცალკეც ვცდილობდით ხოლმე შემდეგ დამუშავებას და ასე ნელ-ნელა ვისწავლე.

არიან ჯუდოკები, რომელთაც თავის ყველაზე ძლიერ მხარედ აქვთ ნევაზა ნაქცევი და სულ ცდილობენ მეტოქე პარტერში ჩაიყვანონ, როგორ ფიქრობ, შეიძლება, რომ შენც ასე განითარდე, რომ შენი მთავარი პლუსი და უპიველესი ტექნიკა გახდეს ნევაზა?

– კი, მიფიქრია ამაზე, მაგრამ ისეა რომ აქ საქართველოში, დიდად არ უყვართ პარტერში ჭიდაობა, გოგოლაძეს და ნინიაშვილს ვეჭიდავები ხოლმე ჩვენი გუნდიდან ყველაზე ხშირად. ისე კი საერთაშორისო ასპარეზზე ახლაც ვცდილობ ხოლმე მეტოქე პარტერში ჩავიყვანო. როგორც ნუცუბიძემ თქვა, ბუდაპეშტში რეკორდი მაქვს ამ მხრივ დამყარებული ორ  წუთზე მეტი ვიჭიდავე ერთ შეხვედრაში პარტერში. თუმცა, აი, მაგალითად ნაგასე პირიქით იყო, იქით ცდილობდა პარტერში ჩავეყვანე, რადგან თავად მღლის ნევაზაში, ჩემზე მეტად აქვს განვითარებული და მე გავურბოდი.

ზოგადად კი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია სამი იპონის გაკეთება შეგიძლია : შებოჭვით, მტკივნეულით, ან მახრჩობელით, მაგრამ თუ ასე არ მოხდა და ვერ მოვუგებ, დავღლი მაინც. ყველაზე დამღლელია ნევაზაში თავდაცვა. ასევე დროის გასაყვანად ძალიან კარგია, ანუ როდესაც იგებ, მოგების შესანარჩუნებლად.

აღვნიშნეთ, რომ ნევაზა შენს სტილში ერთერთი გამორჩეულად ძლიერი მხარეა, ისეთი კომპონენტი თუ გაქვს,  რისი განვითარებაც გჭირდება?

-რაც მაქვს, ამ  ყველაფრის უფრო მეტად განვითარება მინდა, ნებისმიერი კომპონენტის. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარეს ვჭიდაობ, მარჯვენის განვითარება უფრო მეტად მჭირდება და კიდევ ერთი, რაც შედარებით სუსტი მხარეა ჩემთვის  კონტრილეთს ნაკლებად ვაკეთებ, რადგან აქ საქართველოში მივეჩვიე ასე – ტრავმა რომ არ მიმეღო, ხშირად გადავყვებოდი ხოლმე მეტოქეს ილეთზე და ამდენმა გადაყოლა-გადაყოლამ ეს რეფლექსი შედარებით დამისუსტა. მაგალითად, მქონია ისეთი შემთხვევა, რომ იმ მომენტში კონტრილეთის დაპირისპირება შემეძლო და სხვანაირად გაგრძელდებოდა, ისეთიც როდესაც ილეთის ჩაშლა შემეძლო.

ჯუდო რას ნიშნავს შენთვის, რისი მიღწევა გსურს ამ სპორტში?

-ძიუდო ჩემთვის ყველაფერია, ცხოვრებაა. საერთოდ ამ სპორტში იმიტომ შევედი, რომ ჩემპიონი ვყოფილიყავი. ბავშვობიდან ისე ვფიქრობდი, რომ ერთი და ორი მნიშვნელოვანი მოგებით არ დავკმაყოფილდებოდი და ახლაც ამ აზრზე ვარ –  ერთი მსოფლიო რომ მოვიგო, ან ოლიმპიადა და ამით დავკმაყოფილდე და ფეხი-ფეხზე გადავიდო, არ მოხდება. მინდა, ჩემი სახელი ისტორიას დარჩეს, ისე არ მინდა გამოვიდეს, რომ ერთხელ დიდ წარმატებას მივაღწიო და წავიდე. მინდა, საკუთარი თავი სრულად ამოვწურო, ჩემი მიზანია, მინიმუმ სამჯერ მოვხვდე ოლიმპიადაზე და იქ არაფრის დათმობას არ ვაპირებ. სამჯერ ხომ აქვს მოგებული ნომურას, მე მინდა, რომ ოთხჯერ მოვიგო. ასევე ძიუდოს საქართველოში არ ჰყავს ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი და ჯერ  ეს მინდა გამოვიდეს და გავხდე ასეთი ჩემი ქვეყნისთვის.  მსურს ძიუდოში საკუთარი თავი სრულად ამოვწურო, თუმცა არც თავის „გაბანძებას“ არ ვაპირებ, რომ აღარ შეუძლიათ და არც მიდიან –  მაინც ჭიდაობენ და ჭიდაობენ; როდესაც საკუთარ თავს ამოვწურავ, წავალ. ოღონდ საკუთარი თავის ამოწურვა იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა თაობას ოდესმე ხელს შევუშლი. ზოგჯერ შეიძლება ახალგაზრდა სპორტსმენი გამოცდილთან და ტიტულოვანთან დამარცხდეს პირად შეხვედრაში, რადგან ზოგი სახელის გამო აგებს ხოლმე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს,  რომ ვერ გჯობნის, თუკი დავინახავ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩემზე უკეთ გამოდის, არ ვიზამ ისე, რომ მას ხელი შევუშალო და მაინც იმ აზრზე ვიყო, რომ მე ვარ პირველი ნომერი, ამით შეიძლება ის ახალგაზრდა სპორტსმენი საერთოდ დაიკარგოს. ამიტომ თავის სრულად ამოწურვაში არ ვგულისხმობ, რომ სანამ არ მომბეზრდება, ან სანამ ტატამზე დგომა შემეძლება, მანამდე ვიჭიდავებ, არამედ სანამ კიდევ შემეძლება უმაღლესი დონის ძიუდოს ჭიდაობა, მანამდე ვიქნები  და მინდა, ამ პერიოდში მოვასწრო ზუსტად ის ყველაფერი, რა მიზნებიც მაქვს დასახული და ძიუდოს ისტორიაში ჩემი სახელი მნიშვნელოვნად დავტოვო.

Photo credit: https://www.ijf.org/

 

 

 

 

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი