მთავარი მთავარი ,,კანდიდატის აღსარება” – დავით ქევხიშვილი სეოკ-ის პრეზიდენტის შემაჯამებელ წერილს გამოეხმაურა

,,კანდიდატის აღსარება” – დავით ქევხიშვილი სეოკ-ის პრეზიდენტის შემაჯამებელ წერილს გამოეხმაურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
158 ნახვა

ჯუდოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის 4-წლიანი მუშაობის შემაჯამებელ წერილს გამოეხმაურა.

ჯუდოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის აზრით, ხაბელოვის წერილი ,,კანდიდატის ახსარება” და აღიარება იყო, მთელი რიგი არასწორი ხედვების და მიდგომების.

ქევხიშვილი აცხადებს, რომ ამ სისტემით არჩეული პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს არ აქვს მნიშვნელობა, ნიშნავს ნაბიჯს უკან წარსულისკენ, ნიშნავს სპორტის მხოლოდ სახელმწიფო დოტაციაზე მუდმივ ჩამოკიდებას, ყოველგვარი თანამედროვე ხედვების საფუძველშივე მოკვეთას.

აი რას წერს დავით ქევხიშვილი ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე:
დავით ქევხიშვილი: ,,მოახლოებულ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, თუკი ამას საერთოდ შეიძლება არჩევნები ეწოდოს, გუშინ ერთადერთი კანდიდატის მხრიდან გაკეთდა ვრცელი განცხადება, საანგარიშო წერილი. მიმართვის ბოლო ორი პუნქტიდან გამომდინარე მას თამამად შეიძლება დავარქვათ ,,კანდიდატის აღსარება”, რამეთუ მართალია უნებურად, მაგრამ მაინც მასში არის აღიარება მთელი რიგი არასწორი ხედვების და მიდგომების. შინაარსის უკეთ ჩამოსაყალიბებლად და გასაცნობად გვინდა ჩვენი შეფასება დავყო ორ ნაწილად, კერძოდ პირველი ზოგად პათეტიკურად, ხოლო მეორე წმინდა სამართლებრივად.

კანდიდატი საუბრობს რა სესიის თარიღის შესახებ იშველიებს წესდების დებულებებს და ამბობს რომ არაფერს არ აშავებს, იცავს კანონს და წესდების შესაბამისად წარმათავს ყველა პროცედურას. აქედან გამომდინარე არ თვლის, რომ ვინმეს ან რამეს უნდა დაელოდოს და სვამს მისი აზრით ლოგიკურ კითხვებს: ,,რატომ უნდა მოგვეცადა დეკემბრამდე? რას ველოდებით? რა უნდა მოხდეს ამ სამი თვის განმავლობაში?”

რას უნდა მოუცადოთ ბატონო კანდიდატო და პირველრიგში პატივი უნდა სცეთ სპორტულ ფედერაციებს, დაელოდოთ იქ ჩასატარებელ არჩევნებს, რამეთუ ამ ფედერაციების მხრიდან წარგზავნილი დელეგატებით ხდება ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევა და ზოგადად ოლიმპიური კომიტეტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება. თქვენ კი როგორც ჩანს სადღაც გეჩქარებათ, თუ სად ამაზე პასუხს თქვენი შემდეგომი აღიარება იძლევა. ამართლებთ რა წესდების ცვლილებას ამის ერთერთ არგუმენტად ასახელებთ იმას, რომ ამით ერთგვარად იზღუდება სამთავრობო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა გარეშე ჯგუფების არასასურველი გავლენა ოლიმპიურ მოძრაობაზე. საინტერესოა უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში რომელმა სამთავრობო პოლიტუკურმა გუნდმა შეგიქმნათ დისკომფორტი და მოახდინა ოლიმპიურ მოძრაობაზე არასასურველი გავლენა, რომელმაც ორჯერ გაგხადათ პარლამენტის წევრი? თავს იმით ნამდვილად ვერ გაიმართლებთ ეხლა რომ თქვათ ეს 2012 წლამდე არსებული ცუდი გამოცდილების გამოძახილიაო, მაგ შემთხვევაში მაშინ პირველად არჩევისთანავე უნდა დაგეყენებინათ ეს საკითხი. და დღეს გამოდის რომ არცკი ელოდებით იმავე სამთავრობო პოლიტიკური გუნდის მიერ ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებს და ფაქტიურად ამით რა გამოდის და ვის გაურბიხართ შესაფასებლად მკითხველისთვის მიგვინდია. აქვე ვიტყვით, რომ მავანთა აპელირება და თითის გაშვერა ხელისუფლებაზე თითქოს ეს მის ინტერესებში შედის სრულიად უსაფუძვლოა და აზრსმოკლებული. პირიქით სპორტი და სპორტული ორგანიზაციები, როგორც კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი სრულად თავისუფალნი არიან საჯარო უწყებების ზოგადად სახელმწიფო ჩარევისგან და თუკი დღეს უსამართლობა ხდება ერთერთ მნიშვნელოვან სპორტულ ორგანიზაციაში ეს სახელმწიფოს კი არა ზოგადად სპორტული საზოგადოების ბრალია, რამეთუ ვერ შევიუშნოეთ ეს თავისუფლება და ველოდებით ჩვენს გასაკეთებელს სახელმწიფო თავად როდის გააკეთეს. იმ შემთხვევაში კი როდესაც სახელმწიფო ერევა ზედმეტად, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლამდე ჩურჩულით ვიშვიშებთ და მივტირით ჩვენს უღონობას და წართმეულ უფლებებს. მეგობრებო დღეს ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ უპრეცედენტო ნაბიჯი და პირველად სპორტის ისტორიაში შევძლოთ დავამკვიდროთ მმართველობის დემოკრატიული პრინციპი, ვაჩვენოთ ყველას რომ მოტყუებით და შეფარვითი მმართველობის დრო წარსულს ჩაბარდა. სხვა შემთხვევაში ამ სისტემით არჩეული პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს არ აქვს მნიშვნელობა, ნიშნავს ნაბიჯს უკან წარსულისკენ, ნიშნავს სპორტის მხოლოდ სახელმწიფო დოტაციაზე მუდმივ ჩამოკიდებას, ყოველგვარი თანამედროვე ხედვების საფუძველშივე მოკვეთას. დღეს სახელმწიფო გვაძლევს თავისუფალი მოქმედების საშუალებას და ამ შესაძლებლობის არ გამოყენება იქნება დანაშაულის ტოლფასი. სწორედ ამ შესაძლებლობის ფარგლებში უარი უნდა ვუთხრათ ეგრეთწოდებულ ცვლილებას და თამასა სპორტული საზოგადოების ნამდვილი დამოუკიდებლობის და დემოკრატიის ავწიოთ ისეთ დონეზე, რომელსაც ვეღარასოდეს ვერავინ შეუქმნის საფრთხეს.

როგორც თავშივე ავღნიშნეთ აქვე გვინდა სრული სამართლებრივი შეფასება გავაკეთოთ წესდების ცვლილების არაკანონიერების რა დროსაც წინასწარვე დავძენთ;- ქვემოთ მოყვანილს მხოლოდ იმის გამო არ მივეცით სასარჩელო სახე დღემდე, რომ ჩვენი გასაკეთებელი არა სახელმწიფოს რომელიმე უწყებამ, არამედ ჩვენვე უნდა გავაკეთოთ თუ გვინდა, რომ მას ქონდეს რეალური ფასი, მაგალითის ძალა რაც ესოდენ საჭიროა დღეს თანამედროვე საზოგადოების ფორმირებისათვის.

სამართლებრივი კონტექსტი

საქართველოს კანონი სპორტის შესახებ მუხლი 28.-ე პირდაპირ მიუთითებს რომ ამ კანონის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

ის რომ ამ კანონს უნდა ემორჩილებოდს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ეს პირდაპირ წერია ამავე კანონის მე-9-ე მუხლის მე-2-ე პუნქტში კერძოდ ვციტირებთ:

,,სეოკ-ი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ამ კანონით, ოლიმპიური ქარტიითა და საკუთარი წესდებით”

ანუ ჯერ კანომდებლობით და მერე საკუთარი წესდებითო, რაც იმას ნიშნავს რომ თუ წესდება ეწინააღმდეგება ამ კანონს მოქმედებს ეს კანონი რამეთუ აქვს უპირატესი ძალა.

ახლა ვაჩვენოთ სამართლებრივად თუ რას ეწინააღმდეგება წესდების ახალი ვარიანტი და რა კანონონი დაარღვია პრეზიდენტობის აწ უკვე ერთადერთმა კანდიდატმა.

:საქართველოს კანონით სპორტის შესახებ სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია: მუხლი 2;

ა) საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

გ) მართვის დემოკრატიული ხასიათი

საყოველთაობის პრინციპის შინაარსის ასახსნელად მოვიშველიოთ საქართველოს კონსტიტუცია და სხვა საარჩევნო კანონმდებლობა რისი უფლებაც გვაქვს ნორმატიული

აქტების შესახებ კანონის მე-5 მუხლით სადაც წერია, რომ განვმარტავთ,:-კერძოსამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად შესაძლებელია მივმართოთ როგორც კანონის ისე სამართლის ანალოგიას ანუ მოვიშველიეთ სხვა ყველაზე უფრო ახლომდგომი კანონი ან კონსტიტუცია.

კონსტიტუციით და საარჩევნო კანონმდებლობით დაცულ საყოველთაობის პრინციპის არსი მგომარეობს იმაში რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება აირჩიოს (აქტიური საარჩევნო უფლება) ან იყოს არჩეული (პასიური საარჩევნო უფლება) საქართველოს კონსტიტუცია . მუხლები: 28-ე 29-ე საარჩევნო კოდექსი მუხლი მე-2 -ე.

საყოველთაობის შინაარსი შესაძლებელია შეიზღუდოს გარკვეული ცენზის დაწესებით თუმცა ეს ცენზი არ უნდა იყოს უსამართლო და არ უნდა ემსახურებოდეს მავანთა სუბიექტურ მიზნებს. აი სწორედ რომ ამას ემსახურება და თავშივე რომ უკანონოა ამ ინიციატივით დაწესებული შეზღუდვა ამას მოწმობს მკაცრად განსაზღვრულ პოზიციებზე მუშაობის უკანასკნელი, ხაზს უსვამთ უკანასკნელი 4 წლის გამოცდილების შემოღება .

,,კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი დამსახურება, ავტორიტეტი, გამოცდილება და კვალიფიკაცია და სწორედ ამ ნიშნით ჩაერთოს საარჩევნო პროცესში” აცხადებს კანდიდატი თავის მიმართვაში.

ანუ მისი თქმით ცენზი იმის გამო იქნა დაწესებული რომ შეირჩეს კვალიფიციური და ღისეული კანდიდატი.

ჯერ ერთი თუკი ესა მიზანი, ამასვე უზრუნველყოფდა და უკეთესადაც ზოგადად 4 წლიანი გამოცდილების შემოღება და არა კერძოდ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში მუშაობის სტაჟი , რასაც სხვათაშორის პრეზიდენტობის კანდიდატი თავის საჯარო მიმართვაში შეგნებულად არ ახსენებს და უბრალოდ ოთხწლიან გამოცდილებაზე საუბრობს. ვციტირებთ მის სიტყვებს ,,წესდების ახალი რედაქციის თანახმად, პრეზიდენტობის მსურველს უნდა ჰქონდეს სეოკ-ის წევრ ორგანიზაციებში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის სულ მცირე ოთხწლიანი გამოცდილება.” განცხადების ამ ნაწილში ნათლად ჩანს თუ როგორი შეფარვითი სტილი აქვს არჩეული კანდიდატს. თავისდროზე წესდებაში შეიტანა ჩანაწერი უკანასკნელი 4 წელი და დღეს მოსახლეობას ესაუბრება ზოგადად 4 წლიან გამოცდილებაზე. რამეთუ ზედმეტი ახსნაგანმარტებებისაგან იყოს თავისუფალი. სწორედ თავისდროზე ამავე მეთოდით მოხდა ამ ცვლილების შეფარვით მიღება ისე რომ დელეგატებისთვის სრულყოფილად არყოფილა ახსნილი ცვლილების შინაარსი. ეს რომ კანდიდატის ხელწერაა ნათლად ჩანს ზემოთმოყვანილი მისი ციტატიდან რაც ამჟამად უკვე ფართო მასების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

მეორე და მთავარი აღნიშნული მიზნით გარკვეული ცენზის დაწესება და ამით საყოველთაობის პრინციპის შეზღუდვა არის ცალსახად უკანონო და არადემოკრატიული რაზეც პირდაპირ მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კერძოდ ვციტირებთ;

„არჩევნების მთავარი დანიშნულება ხალხის ნების ადეკვატურ ასახვასა და სახალხო სუვერენიტეტის რეალიზებაში მდგომარეობს. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცულ სფეროში ჩარევა და საარჩევნო უფლების მქონე პირებისთვის პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლების შეზღუდვა ყოველთვის მკაცრ კონსტიტუციურსამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. საარჩევნო პროცესის დემოკრატიული ბუნებიდან გამომდინარე, ამგვარი შეზღუდვის გამამართლებელი ლეგიტიმური მიზანი ვერ იქნება უკეთესი, თანამდებობასთან უფრო შესაბამისი, კვალიფიციური კანდიდატის არჩევის უზრუნველყოფა. ასარჩევ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის საკითხი წყდება ამომრჩევლის ნების და არა კანონმდებლის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.
წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო №3/3/600, 17 მაისი, 2017” – წერს დავით ქევხიშვილი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო ყრილობა 11 სექტემბერს, არის დანიშნული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი