მთავარი ინტერვიუ ბაგრატ ნინიაშვილი: როდესაც სპორტში ხარ და ვარჯიშობ, მიზნებიც უმაღლესი შედეგების უნდა გქონდეს

ბაგრატ ნინიაშვილი: როდესაც სპორტში ხარ და ვარჯიშობ, მიზნებიც უმაღლესი შედეგების უნდა გქონდეს

390 ნახვა

დიდ სპორტსმენად ჩამოყალიბებისთვის მარცხიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გამარჯვება. უფრო სწორად მარცხის სწორად ანალიზი. წაგებულმა შეხვედრამ გაცილებით მეტი შეიძლება გასწავლოს, ვიდრე მოგებულმა. მე ყოველი შეჯიბრის შემდეგ ვუყურებ ხოლმე ჩემს შეხვედრებს, წაგებულსაც და მოგებულსაც, მაგრამ მთავარი მიზანი მაინც შეცდომების ანალიზია. როგორც დაუღალავი ვარჯიში და შრომაა საჭირო ძიუდოში წარმატების მისაღწევად, ასევე შეცდომაზე სწავლის უნარიც” 

“გამოწვევა 2020”-ის წევრ ბაგრატ ნინიაშვილისთვის, გასული 2019 წელი წარმატებული აღმოჩნდა. უფროსებს შორის პირველივე ოფიციალური ტურნირი მედლით დაასრულა და შედეგით კმაყოფილია, თუმცა მიაჩნია, რომ მეტიც შეიძლებოდა; ნახევარფინალში კი ზუსტად ისეთი მარცხი განიცადა, რომლითაც ბევრს ისწავლის და წაგებასაც პირველ რიგში სწორედ გამოცდილების ნაკლებობას უკავშირებს. 

“ევროპის ჩემპიონატისთვის საუკეთესო, შეიძლება ითქვას, ოპტიმალურ ფორმაში ვიყავი. მაგრამ ისე მოხდა, რომ ნახევარფინალი დავთმე გიორგი ზანთარაიასთან, ორ შიდოს ვიგებდი და რადგან უპირატესობა მქონდა, თავი უკვე ფინალში მეგონა, მაგრამ სამწუხაროდ დავეცი. მოგეხსენებათ, ძალიან გამოცდილი სპორტსმენია და მეც სწორედ ეს – გამოცდილება დამაკლდა. მსოფლიოზე მარცხიც ამის ბრალი იყო, ერთ თვეში ჩატარდა და თან ცოტა გადაღლილიც ვიყავი. მესამე წრე წავაგე, აქაც შიდოთი  ვიგებდი და შემდეგ დავმარცხდი. დავიღალე, გამოცდილი მეტოქე მყავდა. დამატებით დროში გამიჭირდა და კონდიციითა და გამოცდილებით მომიგო” 

ამ ეტაპზე ეს არის შენთვის ყველაზე გულსატკენი მარცხი

-არა, 2018 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის.მეგონა ისეთ ფორმაში ვიყავი, ვერავინ დამამარცხებდა. ბადეებიც ისე დაჯდა რომ ყველა ძლიერი ჩემს მხარეს იყო, მაგრამ მაინც იმ განწყობით ვიყავი, ვინც არ უნდა იყოს, უნდა გავიმარჯვო-მეთქი, მაგრამ ისე მოხდა, რომ წავაგე ეს შეჯიბრი. პირველი შეხვედრა მოვიგე ბრაზილიელთან და შემდეგ იაპონელთან დავმარცხდი, აქაც წინ ვიყავი,  ვაზარს ვიგებდი და დავეცი იპონზე. ეს იყო ჩემთვის ყველაზე გულსატკენი მარცხი. ვერ ვიტყვი, რომ მეტოქემ მაჯობა, შემთხვევითობა უფრო იყო ეს მარცხი. 

ასეთ გამარჯვებად რა გახსოვს?
-2015 წელს თბილისში ჩატარებულ ოლიმპიადაზე აღებული მედალი. ამ ასაკში და თან საკუთარ კედლებში, ძალიან სასიხარულო იყო. და რა თქმა უნდა, მინსკის მედალი გამიხარდა ძალიან. 

ბაგრატ ნინიაშვილის უფროსებს შორის დებიუტი, 2017 წელს ეკატერინბურგის გრან-სლემზე შედგა, თუმცა 2019 წელი იყო პირველი, როდესაც ასაკობრივ შეჯიბრებებზე აღარ უასპარეზია და სრულად უფროსებში გადავიდა. წლის დასაწყისში, ჯერ თბილისის, შემდეგ კი ანტალიის გრან-პრი დაასრულა მედლით და საკმაოდ დიდ კონკურენციაში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება დამსახურებულად მოიპოვა. არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც საკმაოდ ძლიერ და კონკურენტულ წონაში, 21 წლის ასაკში ნინიაშვილმა მსოფლიო ჯუდოს რუკაზე გამოჩენა უკვე მოახერხა. 

“დაბალი წონები ზოგადად ძალიან კონკურენტულია და მიჩვეული ვარ ამას. ჯერ მარტო ქვეყნის შიგნით მარგველაშვილი რომ გეყოლება ეს რად ღირს და ამასთან, იგივე ჩემი გუნდიდან, “2020”-დან, სამი კონკურენტი მყავს – კაპანაძე, თუთაშვილი და წიფიანი. საერთაშორისო ასპარეზზე კი ევროპაშიც ძალიან ბევრი ძლიერი მეტქოე მყავს, თუმცა 66 კგ-ს იაპონელების – აბესა და მარუიამას სახით, ორი გამორჩეული ლიდერი ჰყავს. მე არც ერთ მათგანს არ შევხვედრილვარ, მარუიამასთან მაქვს სპარინგი ერთხელ ნაჭიდავები და მოვუგე, მაგრამ ვარჯიშზე მოგება არაფერს ნიშნავს. თუმცა ისე წარიმართა შეხვედრა, მგონია, მაქვს შანსი. რაც შეეხება აბეს, წელს დიუსელდორფში იყო ჩემს ჯგუფში და რომ ვნახე ბადეები, გამიხარდა. ძალიან მინდოდა მასთან შეხვედრა და ზუსტად ამან წამაგებინა. როდესაც ორი მეტოქე გავიარე და მეოთხედფინალში არც თუ ისე ძლიერ ბულგარელს ვხდებოდი, თავი უკვე შემდეგ შეხვედრაში – აბესთან მეგონა და მეტოქის შეუფასებლობის გამო დავისაჯე. გული დამწყდა, რომ ვერ შევხვდი აბეს. მინდა ჩემს წონაში ყველა ტოპსპორტსმენს შევხვდე, ჟინი მაქვს ერთგვარი”

თუ გყავს წონაში ისეთი სპორტსმენი, ვინც გამორჩეულად უხერხული შენთვის? ან რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლებთან თუ გიჭირს ბრძოლა

-ჩემთვის უფრო უხერხულები არიან ქართულ სტილს ვინც ჭიდაობენ. 2019-ში პირველად მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი. ასაკობრივშიც არ მქონდა მოგებული. ამ ეტაპზე მგონია, რომ ასეთი გამოკვეთილი უხერხული მეტოქე არ მყავს, მაგრამ ადრე მყავდა ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში – იტალიელი ესპოსიტო. ჭაბუკებში ევროპა მომიგო, მერე გუნდურშიც მომიგო. შემდეგ თბილისში მომიგო; მერე მსოფლიოზე ფინალში ვაზარს ვუგებდი და ბოლო ათ წამში მაინც მომიგო. 

ფსიქოლოგიური მომენტი ხომ არ ჩამოგიყალიბდა ამ სპორტსმენთან

​-არა, ფსიქოლოგიური არ მქონდა, უბრალოდ ასე მოხდა. 

ზოგადად როგორ ფიქრობ, ძლიერი ფსიქოლოგია გაქვს

-ფსიქოლოგიურად მგონია, რომ ძლიერი ვარ და მაქვს ის ხასიათი, რაც ძიუდოისტს სჭირდება. 

რომ თქვი, ევროპის ჩემპიონატზე მარცხს იმას ვაბრალებ, რომ თავი უკვე ფინალში მეგონაო, ასევე დიუსლდორფში მეტოქის შეუფასებლობის გამო წავაგეოეს ძლიერი ხასიათის სპორტსმენებს მოსდით

-არა, არ მოსდით. ალბათ, მანდ ორივეგან უფრო გამოცდილება დამაკლდა და მაგის პრობლემა იყო, ვიდრე ფსიქოლოგიის. ევროპაზე საერთოდ დიდებში პირველი ოფიციალური შეჯიბრი იყო და ემოციური ფონიც ძალიან დიდი მქონდა. 

როგორ ფიქრობ, შენი როგორც ჯუდოკას ძლიერი მხარე რა არის

– ტექნიკა. მგონია, რომ ტექნიკით გამოვირჩევი. მრავალმხრივობა არის ჩემი ძლიერი მხარე. ბევრნაირ ილეთს ვაკეთებ. თუმცა გამორჩეულად კატა-გურუმა მიყვარს. ასევე ნევაზაში გამოვირჩევი და მოგეხსენებათ, იაპონელები და ევროპელები ძლიერები არიან ამ კომპონენტში და ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხარე მათთან შეხვედრისას. იაპონელს სულ ოთხჯერ შევხვდი და სამჯერ მოვიგე. თუმცა, მათთან ასევე ამართლებს ხოლმე ქართული სტილი, რაც მე ნაკლებად გამომდის, ზოგადად ზემოდან ჭიდაობა არ მიყვარს, მაგრამ მეტოქის მიხედვით თუ დამჭირდა ამასაც ვაკეთებ. 

სად ისწავლე არაქართული სტილი ასე კარგად

-პირადმა მწვრთნელმა მასწავლა, ბესო მუმლაძემ. ის იყო ჩემი პირველი მასწავლებელი და დღემდე ისაა პირადი მწვრთნელი. ქართველებისთვის უცხო სტილიც,  ნევაზაც, ტექნიკაც და ზოგადად ძიუდო სწორედ მან მასწავლა. 

რამდენი წლის ასაკში დაიწყე ჯუდოში ვარჯიში

-6 წლის ვიყავი  ახლობელმა რომ შემიყვანა. მე და ჩემი ძმა ძალიან მოუსვენარი ბავშვები ვიყავით და ამიტომ გადაწყდა ჩვენი სპორტზე სიარული. თავიდან ამ პატარა ასაკში ცოტა მეზარებოდა სიარული, მაგრამ მერე შემიყვარდა და 8-9 წლის ასაკში უკვე სერიოზული ვარჯიში დავიწყე. 

პირველი წარმატება როდის მოვიდა, რამაც გადაგაწყვეტინა პროფესიად გექცია ჯუდო?  

-14-15 წლის რომ ვიყავი უმცროსი ჭაბუკების ნაკრებში მოვხვდი, შემდეგ გასვლითი შეჯიბრი ანტალიაში ვიჭიდავე, იქაც მესამე ადგილი ავიღე და აქ უკვე მივხვდი, რომ მინდოდა ძიუდოისტი გავმხდარიყავი. ასევე ჭაბუკებში ევროპაზე და მსოფლიოზე და თბილისის ოლიმპიადა ვიჭიდავე. ეს იყო პირველი საერთაშორისო და ოფიციალური ტურნირები და მედლის აღებამ ბუნებრივია იქონია მომავალზე დიდი გავლენა. სწორედ აქედან იწყება ჩემი ნაკრებში მოხვედრა და თბილისში გადმოსვლა.

შემდეგ კი იყო პროექტი “გამოწვევა 2020”, რომელშიც 2017 წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოპოვებული მედლით მოხვდა. როგორც ნინიაშვილი ამბობს, პროექტმა მისი ჯუდოსადმი დამოკიდებულება სრულად შეცვალა და მის განვითარებაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა:

ამ პროექტმა ჩემთვის ძალიან ბევრი რამე შეცვალა, საერთოდ ყველაფერი. ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი ძიუდოსადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. სულ სხვანაირად შევიგრძენი ძიუდო. ამაში მწვრთნელებისლაშა გუჯეჯიანისა და გიგა ბოჭოიძისდამსახურება ძალიან დიდია. ყველანაირად ჩართულები იყვნენ ​ჩვენს წინსვლაში და ასეც გამოვიდა. პროექტ “2020”-ში ძალიან განვვითარდი როგორც ძიუდოისტი. უამრავი ახალი ილეთი ვისწავლეთ და რაც ვიცოდით, დავხვეწეთ.ფედერაციაც ყველანაირად გვერდში გვიდგასრაც გვჭირდება, ყველაფერი გვაქვს” 

შენი მთავარი მიზანი რა არის, რის მიღწევა გინდა ჯუდოში

-როგორც ყველა ძიუდოისტისთვის, ასევე ჩემთვისაც მთავარი მიზანი ოლიმპიადაა და, ბუნებრივია, არაერთხელ, რამდენსაც შევძლებთ. მგონია, რომ როდესაც სპორტში ხარ და ვარჯიშობ, მიზნებიც უმაღლესი შედეგების უნდა გქონდეს. ძიუდოში მიზნისკენ სწრაფვა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ თავდაუზოგავ ვარჯიშს, შრომასა და დისციპლინას შედეგი აუცილებლად ექნება. 

ხასიათსი რა გაქვს ისეთი კომპონენტი, რა ამ მიზნების მიღწევაში ხელს შეგიწყობს

-ცხოვრებაშიც და ტატამზეც  ძალიან მშვიდი ვარ და ეს მგონია ჩემს ხასიათში ყველაზე მნიშვნელოვანი. ნერვებს არ ვყვები არასდროს. 

ანუ კრიტიკასაც მშვიდად ხვდები

-კი, ყოველთვის. საერთოდ არ მიჭირს კრიტიკული აზრის მოსმენა, მით უმეტეს, თუ სწორია, ხოლო უსაფუძვლო კრიტიკას ყურადღებას ოდნავაც არ ვაქცევ. 

ქებას როგორ ხვდები

– ქებას ამაყად, მეამაყება ხოლმე და ბედნიერი ვარ. ზოგადად, სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი სიხარულის სხვებისთვის გაზიარება. სიამაყისა და ბედნიერების გრძნობაა, როდესაც იცი, შენი გამარჯვებით სხვა ადამიანს სიხარულს მიანიჭებ, მაგრამ ამასთან, პასუხისმგებლობაცაა. ყოფილა შემთხვევა, რომ ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანი გამომლაპარაკებია და თბილი სიტყვები უთქვამს, ბუნებრივია, ეს სასიამოვნოა. როდესაც ქუჩაში მიცნობს ხოლმე ვინმე, ამ დროს ვხვდები, რომ რაღაცას ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის. 

როგორ ფიქრობ საქართველოში ჯუდო და ჯუდოკები საკმარისად პოპულარულია

-ვისურვებდი, რომ მეტად იყოს. ვფიქრობ, ხალხს უფრო მეტად უნდა უყვარდეს ძიუდო. ალბათ, მეტი პიარი უნდა იყოს. მაგალითად, ბევრს ერევა ხოლმე ძიუდო და ჭიდაობა ერთმანეთში, ეს ცოტა მაღიზიანებს. ხშირად მეძახიან ხოლმე მოჭიდავეს და რამდენჯერმე გამისწორებია კიდეც რომ ძიუდოისტი ვარ. 

რომ არა ჯუდოკა, ვინ იქნებოდა

-ფეხბურთელი. ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ახლაც მოყვარულის დონეზე ხშირად ვთამაშობ ხოლმე. 

ძიუდოს გარდა რა ხდება შენს ცხოვრებაში, სხვას რას აკეთებ, რა გიყვარს, რა მოგწონს

-ახლა შევქმენი ოჯახი და ეს ხდება ახლა სპორტის მიღმა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ისე კი ჩემი მეუღლე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია, ადრეც როდესაც შეყვარებული იყო, მოგებული შეხვედრის შემდეგ პირველს მას ვურეკავდი. ასევე სტუდენტი ვარ, ილიას უნივერსიტეტში ვსწავლობ ბიზნესის ფაკულტეტზე. თავისუფალ დროს კი ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა და ფილმების ყურება. 

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი