მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ლევან მაისაშვილმა ,,ბორჯღალოსანთა” დებიუტანტები დაახასიათა

ლევან მაისაშვილმა ,,ბორჯღალოსანთა” დებიუტანტები დაახასიათა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ,,ბორჯღალოსანთა” შემადგენლობის დასახელების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მაისაშვილმა ეროვნული გუნდის დებიუტანტები სათითაოდ დაახასიათა.

ლევან მაისაშვილი:
„ლექსო ყაულაშვილს დავურეკე და მან მითხრა, რომ სურს საქართველოს ნაკრებში თამაში. მე მას დიდი ხანია ვაკვირდები. მართალია საფრანგეთში ჯერ ბევრი ტური არ ჩატარებულა, მაგრამ ის ხშირად თამაშობდა და საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ფიზიკურად კარგადაა და შეუძლია როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ბურჯად თამაში. ჩვენ მას დავაკვირდებით და თუ ჩაჯდება გუნდის შემადგენლობაში, შოტლანდიასთან, ან რუსეთთან ითამაშებს.

მიხეილ ალანიას კარგად ვიცნობ, ის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მსოფლიო თასის წინაც გვყავდა. მუდმივად ვაკვირდებოდი მის დინამიკას და კარგად ვითარდება. ალანია პერსპექტიული მოთამაშეა და ჩავთვალეთ, რომ დროა ეროვნულ ნაკრებშიც თქვას თავის სიტყვა. დარწმუნებული ვარ, ის მისი პოზიციის მოთამაშეებს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს.

იგივე ითქმის იოანე იაშაღაშვილზე, რომელსაც კარგად ვიცნობთ 20-წლამდელთა ნაკრებიდან. საფრანგეთში, კლუბში დაბრუნებამდე, ის მაისიდან ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა და დარწმუნებული ვარ, თავს ძალიან კარგად წარმოაჩენს.

კარგად ვიცნობ სანდრო სვანიძის შესაძლებლობებსაც, რომელმაც 20-წლამდელთა ნაკრებში კარგი თამაშები ჩაატარა და ეროვნულშიც გვყავდა შეკრებაზე.

რაც შეეხება დავით ნინიაშვილს, ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და ითამაშა მხოლოდ 18-წლამდელთა ნაკრებში, ასევე ,,ხვამლის’’ შემადგენლობაში რეგიონალ ლიგაში და გამოცდილება აკლია. ის არის პერსპექტიული, კარგი უნარ-ჩვევების მქონე მორაგბე. ნინიაშვილი ნაკრებთან ერთად მაისიდან ვარჯიშობს და ფიზიკურადაც კარგ ფორმაშია. არის მეორე მომენტიც – ამ პოზიციის მორაგბეებით განებივრებული არ ვართ და მნიშვნელოვანია სიღმეების გაზრდა. დარწმუნებული ვარ, გონიერი მოთამაშე ამ ტიპის გამოცდილებას გამოიყენებს და გამოცდილების მიღების შანსიც ექნება. რამდენად მოუწევს მას შოტლანდიასთან, ან რუსეთთან თამაშის შესაძლებლობა, მომავალში გამოჩნდება.

გიორგი ჯავახიამ ესპანეთთან სადებიუტო შეხვედრაში  მესამე ხაზში ითამაშა, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი ძირითადი პოზიცია მეორე ხაზია. ეს ჩვენთვის პრობლემური პოზიციაა და მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა გამოვიძახეთ. საფრანგეთში შეკრებაზე ყველა გვეყოლება, დავაკვირდებით და შერკინებისა და დერეფნის მწვრთნელებთან ერთად გადავწყვეტთ, ვინ გვეყოლება თამაშებზე.”

საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშება, ხოლო 1 ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში რუსეთს თბილისში უმასპინძლებს. 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი