მთავარი მთავარი ნინო ოძელაშვილი: ,,ქალი არ ვიყო, თუ პუტინს ქართულ ცეკვაზე ტაში არ დავაკვრევინო”

ნინო ოძელაშვილი: ,,ქალი არ ვიყო, თუ პუტინს ქართულ ცეკვაზე ტაში არ დავაკვრევინო”

ავტორი კახა მიხანაშვილი
222 ნახვა

,,ქალი არ ვიყო, თუ პუტინს ქართულ ცეკვაზე ტაში არ დავაკვრევინო” – აცხადებს ტიტულოვანი ქართველი სამბისტი ნინო ოძელაშვილი გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

ნინო ოძელაშვილი: ,,პანდემიამ ყველას და ყველაფერს პრობლემები შეუქმნა და ცხადია, სპორტის იმ სახეობასაც, რომელშიც მე ვასპარეზობ. ტურნირები გადაიდო ჯერჯერობით მხოლოდ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები დატოვეს.
ჩვენი გუნდი და ფედერაცია მოუთმენლად ველოდებით ნოემბერს.
სულ შეჯიბრებებში ვმონაწილეობდი ახლა კი მოვიწყინე, თუმცა კუნთი, რომ არ მომიდუნდეს, სულ ვვარჯიშობ და ველოდები იმ დღეს, როცა საასპარეზოდ გავალ..
წყნეთში დიდი სახლი გვაქვს და იქ მოგვიწყო მამას სავარჯიშო დარბაზი, სადაც ხან მე, ხან ჩემი ძმები ვვარჯიშობდით. ზაფხულში ზღვისპირეთში დავისვენე, იქაც ვივარჯიშე და ნამზეურით დავბრუნდი.  დასვენება იქამდე მოვასწარი, სანამ ბათუმს პანდემია შეუტევდა.  ახლა ვემზადები ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც რუსეთში ჩატარდება.
ევროპის პირველობა მაისში იყო დაგეგმილი, მაგრამ ნოემბერში გადაიტანეს.

ოძელაშვილმა ,,პალიტრასთან” ინტერვიუში გამარჯვების  ცეკვით აღნიშვნის რიტუალზე, სამბოში მოხვედრაზე, მწვრთნელ ჯონდო მუზაშვილზე და საკუთარ მომავალზეც ისაუბრა.

ნინო ოძელაშვილი: ,,მთელ დროს ჭიდაობას ვუთმობ, თორემ ცეკვისთვისაც, რომ გავიმეტო დღეში რამდენიმე საათი დარწმუნებული ვარ კარგი შედეგი მექნება.
ცეკვის გაკვეთილებზე ფიქრი მას შემდეგ დავიწყე, რაც 2017 წელს მინსკში ევროპის ჩემპიონი გავხდი.
ჩვენმა მაშინდელმა პრემიერმინისტრმა დამაჯილდოვა და გამეხუმრა, ჭიდაობა არა მაგრამ ცეკვა გაქვს დასახვეწიო.
რუსეთის პრეზიდენტს  ვლადიმერ პუტინს სამბო განსაკუთრებით უყვარს. ყაზანში, ევროპის ჩემპიონი, რომ გავხდი ტურნირს მაშინაც ესწრებოდა. დარწმუნებული ვარ, არც ნოემბერში მოაკლებს ყურადღებას
კონტინენტის პირველობას.
ქალი არ ვიყო, თუ პუტინს ქართულ ცეკვაზე ტაში არ დავაკვრევინო.

ჩხუბის, წესების გარეშე ბრძოლისთვის თვალის დევნება
ბავშვობიდან მომწონდა.
მძაფრსიუჟეტიან ფილმებს, რომ ვუყურებდი მებრძოლ ქალბატონებზე სისხლი მიდუღდა.
ფიზიკურად ძლიერი ვიყავი. 5 წლისა თურმე 40 კილოგრამს ვწევდი. ეს შეამჩნიეს მშობლებმა და მამაჩემი სულ მავარჯიშებდა.
თმას მპარსავდა და ისე გავყავდი ბიჭებთან შეჯიბრებებზე..
იყვნენ მწვრთნელები, რომლებიც სამბოს ჭიდაობას გვიშლიდნენ – ქალს აქ რა უნდა ბიჭებს თავგზა აერევათო. სულელური არგუმენტებით გვიშირებდნენ , არადა ბევრი კარგი გოგონა ჭიდაობდა, რომლებსაც ასეთი დამოკიდებულების გამო გული აუცრუვდათ.
ჩემი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი განსაკუთრებულია.
ნატალია სმალი ჩემი.უკრაინელი მეტოქეა, რომელთანაც სულ ვმარცხდებოდი, მაგრამ ჯონდოსთან ერთად დეტალურად შევისწავლე მისი სუსტი და ძლიერი მხარეები. მწვრთნელმა მასთან საბრძოლველად  ფიზიკურად მომამზადა.
მეამაყება, რომ ჯონდო ჩემი მწვრთნელია.
მე ჩემს სახეობაში სტერეოტიპები დავარღვიე.
ყოფილ მეუღლეს გამოვუცხადე, რომ იმ შემთხვევაში გამოგყვები ცოლად, თუ ვიჭიდავებ-მეთქი, მაგრამ მან ამ გამოწვევას ვერ გაუძლო. რაც უფრო წარმატებული ვხდებოდი, მით უფრო ეჭვიანობდა, ხასიათი უფუჭდებოდა, ურთიერთობა გვეძაბებოდა. მოკლედ, გავშორდი.
მომწონს, როცა ასპარეზობისას ქმარი ცოლს გულშემატკივრობს, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთ მამაკაცს ვერ ვხედავ და ამიტომ ვარ მარტო.
დრო რომ გადის, ფიქრობ, მეორე ნახევარი რისთვის გინდა? თუმცა ლამაზ წყვილს, რომ ვხედავ გულს უხარია.
მომავალში მინდა ჩემს მედლებს შორის ოლიმპიური ოქროს მედალიც იყოს. თუ ოცნებაა,  ოცნება იყოს – კარგი ქმარ-შვილიც მინდა.
10 წლის შემდეგ მინდა წარმატებული  მომავალი თაობა აღვზარდო, როგორც მთავარმა მწვრთნელმა.” – აცხადებს გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში სახელოვანი სამბისტი ნინო ოძელაშვილი.

30 წლის ნინო.ოძელაშვილი მსოფლიოს და ევროპის 2-გზის ჩემპიონი გახლავთ. იგი მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი